მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პროდუქტის გაიაფების სივრცეს ბიზნესის მთელი ჯაჭვის სწორ მოწყობაში ვხედავ" - გიორგი ხაბაშვილის მოსაზრება

გიორგი ხაბაშვილი

"გუდვილის" გენერალური დირექტორისა და საქართველოს რითეილ ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, ქსელებში სურსათის გაიაფებისთვის მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია და ლოგისგიკური ცენტრების განვითარებაა საჭირო - ამის შესახებ გიორგი ხაბაშვილმა პარლამენტში, ფასების კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, არაოპტიმიზებული მიწოდების ჯაჭვი პროდუქტს თითქმის 15%-ით აძვირებს.

"გაიაფების რესურსს და სივრცეს ბიზნესის მთელი ჯაჭვის სწორ მოწყობაში ვხედავ. ეს ჯაჭვი არ იწყება სუპერმარკეტის ქსელებით და თავის თავში მოიაზრებს საკმაოდ მნიშვნელოვან პროცესებს. როდესაც პროდუქტს აწარმოებს ესა თუ ის ქარხანა, ჰყავს იმპორტიორი, რომელიც ცდილობს, რომ დისტრიბუცია გაუწიოს პროდუქტს ქსელებში - ეს ჯაჭვი ხშირად არ არის ოპტიმიზებული, რაც შესაბამისად 10-15%-მდე აძვირებს პროდუქტს.

[უნდა მოხდეს] ქვეყანაში ლოგისტიკური ცენტრების მიმართულების აქტიური განვითარება, ისევე როგორც არის ევროკავშირის ქვეყნებში. ლოგისტიკური ცენტრები ახდენენ ამ მიტანის პროცესს. ლოგისტიკური ცენტრი შეიძლება იყოს იმ პირისაც, რომელსაც კავშირი არ აქვს არც დისტრიბუციასთან, არც საცალო გაყიდვებთან, შეიძლება იყოს რითეილისაც და ა.შ. არსებითი მნიშვნელობა იმას აქვს, რომ 300 კვ.მ-იან სუპერმარკეტს ჰყავს 150-200 მომწოდებელი. ე.ი. კვირაში რამდენჯერმე 200 მომწოდებელი უნდა მოვიდეს ცალ-ცალკე მანქანებით, ცალ-ცალკე უნდა ჩამოცალოს პროდუქტი, დატოვოს და გააგრძელოს გზა. ლოგისტიკურ ცენტრში ერთიანად იყრის თავს პროდუქტები, და იქიდან ერთი მანქანა მთლიანად გადის კონკრეტულ ქსელში, მეორე მეორე ქსელში. ეს აიაფებს მთელ ჯაჭვს 5-10%-მდე", - ამბობს გიორგი ხაბაშვილი.

"გუდვილის" გენერალურმა დირექტორმა ადგილობრივი წარმოების ხილ-ბოსტნეულის გაიაფების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროდუქტი ქსელებს იმ ფასად არ მიეწოდებათ, რა ფასადაც ექსპორტზე გადის.

"ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლებს საჯაროდ ვთავაზობ, რომ, რა ფასადაც ექსპორტზე გაუშვეს პროდუქცია, იმ ფასად ჩვენც მოგვაწოდონ. გადახდის პირობას უკეთესს ვერ შევთავაზებთ, ვიდრე დღეს გვაქვს, რადგან მაგაზე უკეთესი არ არსებობს, პირდაპირ ხდება გადახდა, მოიტანენ თუ არა.

ერთ მაგალითს გეტყვით, ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ ექსპორტზე გავიდა 2 ლარად, იმ პროდუქტის მოსაწოდებელი ფასი ქსელებისთვის 2.5-3 ლარზე ნაკლები არ ყოფილა, როცა ხილს და ბოსტნეულს არ აქვს არც რეტრო ბონუსი და არაფერი, პირდაპირ ვიხდით ღირებულებას, ოღონდ ხარისხიანი მოგვიტანოს კარგ ფასად ვინმემ", - ამბობს გიორგი ხაბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები