საქართველოში სავაჭრო მიწოდების ჯაჭვებში ფასნამატი საკმაოდ მაღალია, პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი დაახლოებით 90%-ს შეადგენს, ცალკეულ პროდუქტებზე კი, დამატებული ღირებულების გადასახადის გამორიცხვით, ორჯერ და უფრო მეტადაც იზრდება, – ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
საქართველოში პროდუქტებზე მაღალ ფასნამატსა და მიმწოდებლებისთვის დაკისრებულ ფინანსურ ტვირთზე დღეს ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება.
ქართულ და ევროპულ ქსელურ მარკეტებში ფასებს შორის არსებულ მნიშვნელოვან სხვაობაზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, შედარებად პროდუქტებზე ფასები საქართველოში ევროპულ ქსელურ მარკეტებთან შედარებით 20%-დან 180%-მდე უფრო მაღალია.
ამასთან, ცინცაძე ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივი მწარმოებლების პრობლემებზეც და აღნიშნავს, რომ მათ ქსელურ სავაჭრო მარკეტებში შესვლა ხშირად უჭირთ. მისი თქმით, ეს გამოწვეულია იმ სახელშეკრულებო პირობებით, რომელსაც მსხვილი სავაჭრო ქსელები მიმწოდებლებს უწესებენ.
„აღნიშნული გამოწვევა არახალია და მხოლოდ საქართველოში არ ფიქსირდება. მსგავსი პრობლემები არსებობდა ევროპის ქვეყნებშიც და სხვადასხვა სახელმწიფომ მას სხვადასხვა ადეკვატური მექანიზმით უპასუხა. ჩვენი მიზანია, რომ საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ და გამოწვევას შესაბამისი ინსტრუმენტებით ვუპასუხოთ“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
ცნობისთვის, "ოცნების მთავრობაში" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.




























