მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიასახლისის საშუალო ხელფასი თვეში $101, სასტუმროს მენეჯერის $1027-ია - როგორია საშუალო ანაზღაურება საქართველოს მასპინძლობის ინდუსტრიაში?

ხიდურელი

ახალგაზრდა, კვალიფიციურ და კონკურენტუნარიან სამუშაო ძალაზე წვდომა ერთ-ერთი უპირატესობაა, რასაც საქართველო მასპინძლობის ინდუსტრიის ინვესტორებს სთავაზობს. ამის შესახებ პრეზენტაციაშია აღნიშნული, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინა.

მან საქართველოში, სასტუმროში სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასები ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის, პოლონეთის და პორტუგალიის მაჩვენებლებს შეადარა და აღნიშნა, რომ ქართული სამუშაო ძალას პროფესიონალიზმთან ერთად, კონკურენტუნარიანი ღირებულება აქვს.

მიხეილ ხიდურელის პრეზენტაციის თანახმად:

  • სასტუმროში დიასახლისის საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში 101 დოლარია, ხელფასის ზომით მეორე ადგილზე მყოფ ბულგარეთში კი 610 დოლარი;
  • საქართველოში მიმღების თანამშრომლის საშუალო ხელფასი 284 დოლარია, რუმინეთში კი 767 დოლარი;
  • სასტუმროს მენეჯერის საშუალო თვიური ანაზღაურება საქართველოში 1 027 დოლარია, რუმინეთში - 1 406 დოლარი.

“არასდროს ვამბობთ იაფი სამუშაო ძალა, რადგან იაფი ნიშნავს დაბალ ხარისხს, ჩვენი სამუშაო ძალა კი პროფესიონალია. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ განვითარებადი ეკონომიკა ვართ, ხელფასის ნაწილში ძალიან კონკურენტუნარიანი ვართ”, - თქვა ხიდურელმა.

ამასთან, მიხეილ ხიდურელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში დაბალია ბიუროკრატია, რის გამოც ბიზნესის დაწყება მცირე დროში და მარტივადაა შესაძლებელი. ის საქართველოს კიდევ ერთ კონკურენტულ უპირატესობად დაბალ საოპერაციო დანახარჯებს ასახელებს. მისი თქმით, საქართველოში ელექტროენერგიის, ინდუსტრიული გაზის და წყლის ღირებულება სერბეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში არსებულზე ნაკლებია.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც მიხეილ ხიდურელმა ხაზი გაუსვა, გადასახადებია. მისი თქმით, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საგადასახადო სისტემა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები