საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ BMG TV-ის განაცხადა, რომ ქვეყნის დიდ ბანკებს შორის მძაფრი კონკურენციაა. გვენეტაძის თქმით, ამ კონკურენციის არსებობაზე, დეპოზიტებსა და სესხებზე საპროცენტო განაკვეთების სპრედის შემცირებაც მეტყველებს.
“რაც შეეხება კონკურენციას, ქართული საბანკო სისტემა როგორც განვითარდა, ის მაღალი კონცენტრირებით ხასიათდება. თუმცა, მაღალი კონცენტრაცია არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ კონკურენცია არაა. თუ შევხედავთ დიდ ბანკებს, მათ შორის არის მძაფრი კონკურენცია. ამის მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის საპროცენტო განაკვეთების სპრედის ინდიკატორი და მას მკვეთრად გამოხატული შემცირების ტრენდი აქვს, რაც ნიშნავს, რომ ნამდვილად არის კონკურენცია. რაც შეეხება, ახალი ბანკების შემოსვლას, ამ მიმართულებითაც ბაზარი არის აბსოლუტურად ღია, თუ იქნებიან ახალი შემომსვლელები, თუმცა შემოსვლა ასევე უნდა იყოს იმ ბანკის ინტერესებში, რომელიც აქ შემოვა, აქვს თუ არა მას რეგიონში განვითარების გეგმა და ასე შემდეგ,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
კითხვაზე თუ რატომ არ ჩნდებიან ბაზარზე ახალი ბანკები კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ახალი ბანკების შემოსვლის თაობაზე მოლაპარაკებები მართლაც არ ახსენდება, თუმცა ამბობს, რომ უცხოელი ინვესტორების ინტერესი ქართული საბანკო სექტორის მიმართ მაღალია. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიკრობანკების შესახებ ახალი კანონპროექტის მომზადება ბაზარზე კონკურენციის გაზრდას შეუწყობს ხელს. ასევე კონკურენციას გაზრდის ციფრული ბანკების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მიღებაც.
“კონკრეტულად რომ გითხრათ ამის [ახალი ბანკის შემოსვლის თაობაზე მოლაპარაკებების] მაგალითი, ეს პრინციპში არ მახსენდება, თუმცა საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ ინტერესი უცხოელების მხრიდან არსებობს. ბანკების დაახლოებით 85%-ის აქციონერები არიან უცხოელები, სხვადასხვა ინსტიტუციური ინვესტორები თუ კერძო პირები. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ საბანკო სექტორი არის აბსოლუტურად ღია ახალშემომსვლელთათვის. იმის დამატება მინდოდა, რომ მიკრობანკების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში არის შეტანილი და მუშავდება და ესეც ერთ-ერთი გამოხატულებაა რომ ჩვენ კიდევ მეტად გვინდა გავაძლიეროთ კონკურენცია.
ამავდროულად, ციფრულ ბანკებთან დაკავშირებითაც შემუშავებული გვაქვს ჩარჩო და მოსალოდნელია, რომ ამ მიმართულებითაც იქნება მალე სიახლე,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.




























