ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, ექსპორტისა და ვაჭრობის მაჩვენებლების რეკორდულად ზრდის ტენდენციას ხელს უწყობს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში მიიღო სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით. ასე შეაფასა 2026 წლის იანვრის და 2025 წლის ჯამური ექსპორტის მაჩვენებლები გენადი არველაძემ.
„მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების 95% სწორედ აღნიშნულ ბაზრებზე მოდის - ვისთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პოლიტიკას, რომ უფრო მეტ მნიშვნელოვან, დიდ ბაზრებთან გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი საექსპორტო პროდუქციის კიდევ უფრო მეტ დივერსიფიცირებას“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.
მისივე თქმით, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა როგორც უშუალოდ ექსპორტის, ასევე ვაჭრობის მიმართულებით 2025 წელს.
"2026 წლის იანვრის მონაცემით, ექსპორტის ორნიშნა, 19%-იანი ზრდა გვაქვს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და საექსპორტო პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე განთავსების კუთხით. 2025 წელს ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა - ექსპორტი 11.2 პროცენტით გაიზარდა და 7.3 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 10.3 პროცენტით გაიზარდა და 25.9 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება 2026 წლის იანვრის მონაცემებს, ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 480.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა“, - განაცხადა მან.




























