მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდ ბრიტანეთში 16 წლამდე მოზარდებს სოციალური ქსელების გამოყენება ოფიციალურად აეკრძალათ

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების სრული აკრძალვა ოფიციალურად გამოაცხადა.

არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება საბოლოოა და შესაბამის საკანონმდებლო რეგულაციას ქვეყნის ხელისუფლება მიმდინარე წლის დეკემბრამდე მიიღებს. ახალი შეზღუდვები ბრიტანეთის ტერიტორიაზე სრულად 2027 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება. დაუნინგ-სტრიტზე გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიური პლატფორმებისაგან ახალგაზრდებს სერიოზული საფრთხე ემუქრებათ, ის კი ვალდებულია, რომ მსგავსი რიკსები გადააზღვიოს.

სტარმერის თქმით, ციფრულ პლატფორმებს ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა აქვს. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, დღეს ბაზარზე წარმოდგენილი სხვადასხვა პლატფორმა მოზარდებში ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს, ეს პრობლემა კი ციფრულ მოწყობილობებთან დაკავშირებულ საფრთხეებსაც ქმნის. ქვეყნის ლიდერის შეფასებით, პოპულარული პლატფორმები თანატოლების მხრიდან ერთმანეთის ბულინგისა და შევიწროების მასშტაბებს საგრძნობლად ზრდის და ამას ძალიან ამარტივებს. ამასთან, პრემიერი მიიჩნევს, რომ ვირტუალური პლატფორმები ბავშვებს საშინაო დავალებების მომზადებაში, კითხვასა და ჯანსაღ ძილში ხელს უშლიან.

რაც შეეხება შეზღუდვების მასშტაბებს, ახალი რეგულაციები სოციალური ქსელების გარდა ე.წ. სტრიმინგის პლატფორმებსა და სათამაშო სერვისებსაც შეეხება. ბრიტანეთის ხელისუფლება მკაცრად შეზღუდავს იმ ვებგვერდებს, სადაც უცხო პირებს მოზარდებთან უკონტროლო კომუნიკაციის დამყარება შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს შესამუშავებლად ლონდონმა ავსტრალიის შესაბამისი გამოცდილება გაიზიარა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დასახელებულ ინიციატივას ქვეყანაში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციები და მშობლები მრავალი წლის წინ აქტიურად ითხოვდნენ და უჭერდნენ მხარს.

ცნობისთვის, მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სოციალური მედიის საყოველთაო შეზღუდვის წესი გასულ წელს პირველად ავსტრალიამ შემოიღო, მას შემდეგ შეზღუდვები მსოფლიოს მასშტაბით არაერთმა სახელმწიფომ მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები