მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ 40-წლიან მაქსიმუმს - 10.1%-ს მიაღწია

62fcb04542fb2
გიორგი თოლორდავა
17.08.22 13:31
1548
ივლისში გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის დონემ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 10.1% შეადგინა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა თვის, ივნისის ინფლაციურ მაჩვენებელს.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა, უმეტესწილად, ენერგორესურსების, სურსათისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდითაა გამოწვეული.

ინგლისის ბანკის ვარაუდით, ოქტომბრის ბოლომდე გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციის დონე 13.3%-იან ნიშნულამდე გაიზრდება, ამის შემდეგ კი, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდება და გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთისა და ეკონომიკური აქტივობის შენელების პირობებში, ინფლაცია შემცირებას დაიწყებს.

საგულისხმოა, რომ მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, ინგლისის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს - მარეგულირებელმა უკვე მიიღო რეფინანსირების განაკვეთის 1.25%-იან ნიშნულამდე გაზრდის გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ცენტრალური ბანკი წლის განმავლობაში არაერთ ინტერვენციას განახორციელებს და მონეტარულ პოლიტიკას ეტაპობრივად გაამკაცრებს.

მონეტარულ პოლიტიკაზე საუბრისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ეკონომიკის ზრდის ტემპი - მიმდინარე წლის I კვარტალში დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 0.8%-ით გაიზარდა; II კვარტალში კი მშპ 0.1%-ით შემცირდა.

„გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ნელდება, რაც რამდენიმე ძირითადი გამოწვევითაა განპირობებული, მათ შორისაა: მაღალი ინფლაციის დონე, შემოსავლების შემცირება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა“, - განაცხადა HSBC-ის მაკრო და საინვესტიციო სტრატეგოსმა ჰუსეინ მეჰდიმ.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები