დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა. მრავალფუნქციური ცენტრი, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ცენტრი მზადაა მოქალაქეთა მისაღებად.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამხელა პროექტი - მრავალფუნქციური სპორტული სივრცე არ განხორციელებულა. ამ მასშტაბის და მოცულობის პროექტი რეგიონშიც პირველია და ძალიან მიხარია, რომ ჩვენს დედაქალაქში, კონკრეტულად, დიდ დიღომში იქნება ეს სივრცე, რომელიც უკვე რამდენიმე დღეში მოემსახურება მოსახლეობას. 10 000-მდე ადამიანის მიღება შეეძლება აღნიშნულ ცენტრს ყოველთვიურად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა მიმართა 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ისარგებლონ აღნიშნული ცენტრის სერვისებით, ვინაიდან ის ჩართული იქნება პროგრამაში, რომელიც ამ ასაკის ადამიანების უფასო მომსახურებას ითვალისწინებს.
მრავალფუნქციურ ცენტრში იფუნქციონირებს დიდი და პატარა აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები; ასევე შენობაში იქნება მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი.
აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 17 186 593 ლარს.
ცნობისთვის, დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 2020 წელს დაანონსდა და 2021 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამი წლის დაგვიანებით გაიხსნა.