შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურებები ძვირდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დააინიცირეს.
კერძოდ, მნიშვნელოვნად იზრდება საექსპერტო შემოწმებისთვის, აგრეთვე საბაჟო დეკლარაციის შევსებისთვის ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერისთვის მომსახურების საფასური. საექსპერტო შემოწმების განხორციელება, როგორც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ, ასევე, მის ფარგლებში იზრდება 70 ლარით, ხოლო საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა იზრდება 80 ლარით. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით, რეექსპორტისთვის განკუთვნილ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე საფასური ჯამში 150 ლარით იზრდება.
მომსახურების სააგენტოს რეექსპორტისთვის საჭირო მომსახურებების გაძვირებას კანონის ავტორები სააგენტოს მიერ საქმიანობის დროულად და შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით ხსნიან.
ეს არგუმენტი საკმარისი არ არის ბიზნესისთვის. "რობანი მოტორსის" დამფუძნებელი თვლის, რომ ცვლილებები შესაძლოა კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების ინტერესებითაც იყოს გამოწვეული, რითაც მცირე მეწარმეები იზარალებენ.
“ის რომ ნაკადების მართვას ვერ აუდიან არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი კომპანიების ლობირება, რომლებსაც შემოჰყავთ ავტომობილები, რადგან ცვლილებების მიხედვით, 30 ლარით მცირდება რეექსპორტისთვის განკუთვნილ ხუთ ერთეულზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაზე საექსპერტო შემოწმების ღირებულება. ვერ ვიგებ ამ ნაწილს, დიდ კომპანიებს რატომ უმცირდებათ გადასახადი, რომლებსაც შემოსავალი უფრო მეტი აქვთ მცირე მეწარმეებთან შედარებით, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც უშუალოდ ეწევიან ამ საქმიანობას მათთვის იზრდება გადასახადი 120%-ით. ღიმილის მომგვრელია ეს გადაწყვეტილება მწუხარებას რომ არ იწვევდეს ეს პროექტი.
თურმე ავტორიზებულ ბაზაში ასახვის საფასური ნაცვლად 50 ლარისა უნდა გახდეს 130 ლარი იმიტომ რომ თურმე ოპერატორს უფრო მეტი დრო სჭირდება რომ ბაზაში ინფორმაცია ასახოს. კარგი პროფესიონალი ამას გააკეთებს 5 წუთში. თან ნაჩქარევი წესით განიხილება, ბურუსით არის მოსული ეს პროექტი და ვიტყვი, რომ ამ პროექტის მიღება სხვა მიზნებს ემსახურება და არა იმას რომ საზოგადოებისთვის ან ბიუჯეტისთვის რაიმე სიკეთე მოიტანოს,”- ამბობს "რობანი მოტორსის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე.