მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიდგორის ბრძოლამ გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს ევროპული იდენტობის განსაზღვრაში" - პრემიერი

ირაკლი კობახიძე
12.08.24 11:31
38

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველთა ერთიანობისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდებისა და გმირობის უკვდავი მაგალითია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „დიდგორობის“ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 9 საუკუნის წინ მოპოვებული ,,ძლევაი საკვირველი“ მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს განეკუთვნება და დიდგორის ბრძოლამ შეასრულა გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული იდენტობის განსაზღვრაში, რასაც დღეს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ ქვეყნის სწრაფვა ეფუძნება.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი სამშობლოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველთა ერთიანობისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდებისა და გმირობის უკვდავი მაგალითია. ამ გამარჯვებამ მრავალი თვალსაზრისით განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება. 9 საუკუნის წინ მოპოვებული ,,ძლევაი საკვირველი“ მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს განეკუთვნება; ამ გამარჯვებამ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ სათავე დაუდო საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საგანმანათლებლო აღორძინებას. სწორედ, დიდგორის ბრძოლის შემდეგ საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი. ამავე დროს, ეს იყო ქრისტიანული ფასეულობების უდიდესი გამარჯვების დღე, რომელსაც საქართველოს ეროვნული იდენტობა და უნიკალური ქართული კულტურა დღემდე ეფუძნება. შესაბამისად, დიდგორის ბრძოლამ შეასრულა გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული იდენტობის განსაზღვრაში, რასაც ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ ჩვენი სწრაფვა დღევანდელ დღეს ეფუძნება,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით არის შესაძლებელი ყველაზე დიდი გამოწვევების დაძლევა, მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება და უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა.

„დიდგორის ველზე გაიმართა უთანასწორო ბრძოლა, მტერი ჩვენზე მრავალრიცხვოვანი იყო, მაგრამ ჩვენს მხარეს იყო სამართლიანობა, განმტკიცებული სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობით, ღირსებით, პატრიოტიზმით, სამშობლოს სიყვარულით, ქვეყნისთვის თავდადებით და, რა თქმა უნდა, დიდი დავით აღმაშენებლის სიბრძნითა და სიმამაცით. მსურს, გავიხსენო პატრიარქის სიტყვები, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს დღევანდელი დღის მნიშვნელობას - „დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია!“ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით შეგვიძლია ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება, უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გაძლიერებას, წინსვლას, გამთლიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს! ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი,“- განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები