მიხეილ ყაველაშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატების ერთადერთი კრიტერიუმი ივანიშვილის ოჯახის ერთგულებაა - ასე აფასებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი “ქართული ოცნების” მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში ოთხი ახალი წევრის დამტკიცებას.
საქმე ისაა, რომ "ქართული ოცნების" პარლამენტმა მიხეილ ყაველაშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხივე წარდგენილი კანდიდატი დაამტკიცა. მათგან 3 ეროვნული ბანკის მოქმედი თანამშრომელია, მეოთხე - ოთარ შამუგია, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი.
როგორც გიგა ბედინეიშვილმა BMG-ის განუცხადა, სავარაუდოა, რომ აღნიშნული კანდიდატებიც “ქართული ოცნების” საკადრო პოლიტიკის ფარგლებში დაინიშნა, რაც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისთვის ნეგატიურია.
“ამ კანდიდატებს პერსონალურად არ ვიცნობ, მაგრამ რასაც ვხედავ “ქართული ოცნების” კადრების მოზიდვის პოლიტიკას, რაც სულ ზემოდან, ივანიშვილისგან მოდის, ერთგულება და პარტიული ხაზი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კომპეტენცია, დამოუკიდებლობა, თუ ინტელექტუალური სიმამაცე. დარწმუნებული ვარ, ეს იყო კრიტერიუმები, რითაც ეს კანდიდატები შეირჩა. თავად მიხეილ ყაველაშვილია სრული ერთგულების ნიშნით დანიშნული და არა არჩეული. შესაბამისად, მისი შემოთავაზებული კანდიდატები [შერჩეულები არიან] ჩემი ვარაუდია, რომ ერთადერთი კრიტერიუმი ივანიშვილის ოჯახის ერთგულებაა. ძალიან სამწუხაროა, რადგან ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ახლა ამ პრინციპით მოქმედებს, როგორ დაიცვას ივანიშვილის ქონება.
ზოგადად დიდი ხანია, ეროვნული ბანკს დამოუკიდებლობის პრობლემა აქვს. თუ ეს ივანიშვილის საკადრო პოლიტიკის გაგრძელებაა და დიდი ალბათობით ეს ასეა, ყველა ახალი დანიშვნა სახელმწიფო ინსტიტუტის დასუსტებაა. არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ივანიშვილისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ბრმად ერთგული ადამიანების დანიშვნა. ამ ფონზე, ჩემი ვარაუდია, რომ ეს ხალხიც ამ კრიტერიუმითაა დანიშნული. შესაბამისად, ეს უბრალოდ დაასუსტებს ნებისმიერ ინსტიტუციას, რომელშიც ხალხი ასეა დანიშნული და არც ეროვნული ბანკი არაა გამონაკლისი”, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.




























