განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ენერგეტიკის დარგში მესამე CFD აუქციონის ჩატარება აუცილებელია.
როგორც GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ეს საჭიროება მათ შორის იქიდან იკვეთება, რომ უკვე შეწყდა ათობით ენერგოპროექტის განხილვა, რომელთა ხელახლა გამოტანაც ეკონომიკის სამინისტროს სწორედ მესამე სიმძლავრის აუქციონის ფარგლებში შეუძლია.
მაია მელიქიძის თქმით, დარგს მეტი კვალიფიციური ინვესტორი სჭირდება, ამიტომ შესაძლოა, რომ მესამე CFD აუქციონის ფარგლებში ინვესტორების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდეს.
„წამახალისებელი მექანიზმის სახით ჩვენ მაღალი ალბათობით დაგვჭირდება მესამე CFD აუქციონი. ძალიან კარგი იქნება, თუ 2026 წელს ჩატარდება მესამე სიმძლავრის აუქციონი, რაც სწორედ ახალ ინვესტორებს მოიზიდავს.
აუცილებელი პირობაც არის მესამე CFD აუქციონი, იმის გათვალისწინებით, რომ 1.7 გიგავატის პროექტების ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა. ახლა 1150 მეგავატის სიმძლავრის პროექტებზე არის საუბარი, რომელთაც 1 მილიარდის დავალიანება უნდა ჩამოეწეროთ. ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ აბსოლუტურად ყველა ინვესტორი შეძლებს, რომ გამოიყენოს ეს შანსი. მე ამას შანსს დავარქმევდი. ჩემი აზრით, მესამე CFD აუქციონის ჩატარების აუცილებლობა დადგება იმისათვის, რომ ახალი კვალიფიციური, კეთილსინდისიერი ინვესტორი შემოვიდეს ჩვენს ბაზარზე და შეძლოს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც არსებობს.
ჩვენ მომხრენი ვართ იმისა, რომ ეს სტანდარტები იყოს უფრო გამკაცრებული, ვიდრე ის არის დღეს და ამას ვითხოვდით ყოველთვის CFD აუქციონების ჩატარების ჭრილში“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით, ათობით ენერგოპროექტის განხილვა შეწყდა, რომლებზეც ინვესტორებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის მემორანდუმები არ იყო გაფორმებული. ჯამში, საუბარია 1.7 გიგავატის პროექტებზე, მათ შორის ჰესებზე, ქარის და მზის სადგურებზე.




























