აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გააუქმა საკამათო მოთხოვნა, რომელიც Apple-ის გლობალური მომხმარებლების მონაცემებზე წვდომას გულისხმობდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციით, Apple-ს ჯერ არ მიუღია რაიმე ოფიციალური შეტყობინება არც აშშ-ის და არც დიდი ბრიტანეთის მთავრობებისგან.
„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ოპერატიულ საკითხებზე, მათ შორის ასეთი შეტყობინებების არსებობის დადასტურებაზე ან უარყოფაზე“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში დიდმა ბრიტანეთმა Apple-ს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა. მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით Apple-ის მომხმარებლების დაშიფრულ მონაცემებზე წვდომის უფლებას ითვალისწინებდა.
თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ Apple-ს თავად არ შეეძლო ამ მონაცემების ნახვა. ეს შეუძლებელი იყო იმ მომხმარებლების შემთხვევაში, რომლებსაც ჩართული ჰქონდათ უსაფრთხოების უმძლავრესი ინსტრუმენტი, Advanced Data Protection (ADP). ეს ფუნქცია მონაცემებს ისე შიფრავს, რომ მომხმარებლის გარდა ვერავინ შეძლებს მათ წაკითხვას. ამ მოთხოვნის შესასრულებლად, Apple-ს თავისივე დაშიფვრის მეთოდების გატეხვა მოუწევდა.
სამაგიეროდ, Apple-მა დიდი ბრიტანეთის ბაზრიდან ADP-ის გატანით უპასუხა და ბრძანების გასაჩივრების მიზნით სამართლებრივი პროცესი დაიწყო. ეს საკითხი ტრიბუნალში 2026 წლის დასაწყისში უნდა განხილულიყო.
ამ დროისათვის, ჯერ კიდევ გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა ეს წინსვლა. „საგამოძიებო უფლებამოსილების შესახებ“ კანონის თანახმად, გამოცემული მთავრობის ბრძანების ირგვლივ არსებული საიდუმლოების გამო, უცნობია, მიიღეს თუ არა სხვა ტექნოლოგიურმა კომპანიებმაც მოთხოვნა.




























