სექტემბრის დადგომასთან ერთად, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Apple-მა წლის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზედაც ახალი თაობის iPhone-ები, ჭკვიანი საათები, უსადენო ყურსასმენები და პროგრამული გადაწყვეტები წარადგინა – თითოეულ მათგანს ამ ვრცელ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ.
გუშინდელი ღონისძიება, ტრადიციულად, Apple-ის დირექტორმა, ტიმ კუკმა გახსნა, რომელმაც გამოსვლაში Apple-ისთვის ბოლო დროს კრიტიკულად მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის Apple Intelligence-ად წოდებულ ხელოვნურ ინტელექტზე, ეკოლოგიაზე და, რაც ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა - ჯანმრთელობაზე ისაუბრა.
Apple Watch Series 10 და Ultra 2
სწორედ ჯანმრთელობა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ის მთავარი ფუნქცია, რომლის შესრულებაც, როგორც ჩანს, ამიერიდან, Apple-ის ჭკვიან საათებს მოუწევთ. პრეზენტაციის პირველი რამდენიმე ათეული წუთი სწორედ ჯანმრთელობაზე საუბარს დაეთმო და თუკი Apple Watch-ის ევოლუციას გადავხედავთ, დავასკვნით, რომ ჭკვიანი საათი, რომელიც, თავის დროზე, iPhone-ის აქსესუარად და ერთგვარ მოდურ ნივთად დასახელდა, საბოლოოდ ადამიანის ვიტალური პარამეტრების ტრეკერად იქცა, რომელიც უამრავი ჭკვიანი სენსორით არის გამოტენილი.
ჭკვიანი სენსორების გამართულ მუშაობას Apple-ის ახალი, ოთხბირთვიანი ნეირონული ძრავის მქონე პროცესორი, S10 უზრუნველყოფს. ასევე განახლდა მოწყობილობის ელემენტი, რომლის დამსახურებით საათის 80%-მდე დამუხტვა 30 წუთში შეიძლება, ხოლო თავად Apple Watch-ი 18 საათის განმავლობაში იმუშავებს. ამასთან, საინტერესო განახლება შეეხო საათის დინამიკებსაც, რომელთა გამოყენებით, ამიერიდან, მუსიკის, პოდკასტების და სხვა მსგავსი კონტენტის მოსმენა იქნება შესაძლებელი და არა მხოლოდ - ტელეფონზე საუბარი.
შინაგან აგებულებასთან ერთად, ახალი თაობის Apple Watch-ი შეიცვალა გარეგნულადაც - სისქეში ის მხოლოდ 9.7 მილიმეტრია, ხოლო OLED-ეკრანის ზომა კანტების მაქსიმალურად შეთხელების ხარჯზე გაიზარდა. ამასთან, იმატა თავად საათის ზომამაც, რომელიც, ამიერიდან 42-მილიმეტრიანი და 46-მილიმეტრიანი დიამეტრით და მრავალფეროვანი კომპლექტაციით გამოვა - საუბარია, როგორც შავი ალუმინის გადაწყვეტაზე, ასევე ბუნებრივ, ოქროსფერ და ნაცრისფერ ტიტანიუმზე, ანუ ახალი თაობის საათი წინამორბედთან შედარებით 20%-ით უფრო მსუბუქიცაა.
აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ Apple Watch Ultra 2-ზე, რომელიც წელს, რევოლუციურობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, რადგან მთავარი ცვლილება - საათის ახალი, შავი ფერია.
ახალი თაობის Apple Watch-ების წინასწარი გაყიდვა უკვე დაიწყო, ხოლო თავად მოწყობილობას მყიდველები 20 სექტემბერს მიიღებენ. საბაზისო Apple Watch Series 10-ის ფასი $399-დან იწყება, მაგრამ ტიტანიუმის მოდელი გაცილებით ძვირია და $699-დან გაიყიდება. ოდნავ გაუმჯობესებული Apple Watch Ultra 2-ის საწყისი ფასი $799-დან იწყება.
ახალი თაობის უსადენო ყურსასმენები
ბიზნესის კუთხით ერთ-ერთი საინტერესო გადაწყვეტა Apple-მა ძალიან პოპულარულ უსადენო ყურსასმენებთან დაკავშირებით მიიღო, რადგან, ამიერიდან, საბაზისო AirPods-ები ორი კომპლექტაციით გამოვა. AirPods 4-ის საწყისი ფასი $129 იქნება, მაგრამ თუ ადამიანს სურს, აქტიური ხმის ჩახშობის (ANC) ფუნქციონალიც ჰქონდეს, მაშინ $179-იანი ყურსასმენის ყიდვა მოუწევს.
ახალ ფუნქციონალთან ერთად, მცირედით შეიცვალა Apple-ის უსადენო ყურსასმენების დიზაინი - ახალი თაობის AirPods-ი უფრო გლუვი და კომფორტულია, ხოლო ყურსასმენების ბუდე, რომელშიც USB-C-ტიპის დასამუხტი პორტი გამოჩნდა, ზომაში კიდევ უფრო შემცირდა. აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ AirPods Pro Max-ზე, რომელიც, წელს, რევოლუციურობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, რადგან მთავარი ცვლილება - ყურსასმენის ხუთი განახლებული ფერი და USB-C-ტიპის პორტის დამატებაა.
მთავარი სიახლეები, რომლებიც წელს Apple-ის ყურსასმენებთან დაკავშირებით ვიხილეთ - პროგრამულ გადაწყვეტებს უკავშირდება. ამ მხრივ, განსაკუთრებით ჯანმრთელობის საკითხები ლიდერობს, რადგან AirPods-ის სასმენ აპარატად გადაქცევის პროცესი, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როგორც ჩანს, გადამწყვეტ ფაზაში შედის. ახალი თაობის AirPods Pro-ში სმენის დაცვის ფუნქცია გამოჩნდა, რომლითაც ადამიანს სმენის დიაგნოსტირება, რომლის საფუძველზე სამედიცინო პროფილს შექმნის და სმენას გაუფრთხილდება.
ახალი თაობის AirPods-ების წინასწარი გაყიდვა უკვე დაიწყო, ხოლო თავად მოწყობილობას მყიდველები 20 სექტემბერს მიიღებენ. საბაზისო AirPods 4-ის ფასი $129-ია, მაგრამ ANC-ის ფუნქციონალის მქონე მოდელი $179-ად გაიყიდება. განახლებული AirPods Pro $249 ეღირება, ხოლო Apple-ის პრემიული ყურსასმენის, AirPods Pro Max-ის ფასი $549-ია.
iPhone 16 და iPhone 16 Plus
Apple-ის პოპულარული პროდუქტების ჩამონათვალში ჭკვიანი საათები და ყურსასმენები განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, მაგრამ Apple-ის წარმატება მაინც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე გაყიდვად სმარტფონთან, iPhone-თან ასოცირდება. ამგვარად, მთავარი სიახლე ყოველთვის ახალი iPhone-ის გამოჩენაა და ეს ტრადიცია არც წელს დაირღვა, მით უფრო რომ მეტ-ნაკლებად რევოლუციური სიახლეები, Apple-მა სწორედაც რომ სმარტფონებში დანერგა.
პირველი, რასაც ახალი თაობის სმარტფონებში ვხვდებით - განახლებული დიზაინი და ახალი ფერთა გამაა. დიზაინი უფრო გლუვი გახდა, ხოლო მულტიფუნქციური ღილაკი, რომელიც Apple-მა პირველად შარშან, iPhone 15 Pro-ში გამოაჩინა, ახლა საბაზისო მოდელშიც არის ხელმისაწვდომი. თუმცა ამ ღილაკთან ერთად, iPhone 16-ის კარკასზე კამერის ახალი ღილაკიც გამოჩნდა, რომელიც წლევანდელ პრეზენტაციაზე გაჟღერებულ სიახლეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალი ღილაკი მნიშვნელოვნად ზრდის ახალი თაობის სმარტფონების კამერის ფუნქციონალს, რომელიც, ამიერიდან, ხელოვნური ინტელექტით ისევე იქნება გამოტენილი, როგორც Samsung-ის პრემიული სმარტფონი, S24 Ultra.
iPhone 16 და iPhone 16 Plus-ში ახალი თაობის პროცესორი, A18 გამოჩნდა, რომელშიც 16-ბირთვიან ნეირონულ ძრავს ვხედავთ, რაც iOS 18-თან ერთად ხელმისაწვდომი ხელოვნური ინტელექტის გამართულ ოპერირებას უზრუნველყოფს. უცვლელია ახალი სმარტფონების ზომები: iPhone 16-ის ეკრანის ზომა 6.1 ინჩია, როცა iPhone 16 Plus-ის დიაგონალი 6.7 ინჩის ტოლია. ზომასთან ერთად, შეიცვალა უკანა კამერების განლაგება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კამერის ფუნქციონალი და დაიხვეწა სმარტფონში არსებული ბატარეა.
iPhone 16-ის და iPhone 16 Plus-ის წინასწარი გაყიდვა უკვე დაიწყო, ხოლო თავად მოწყობილობას მყიდველები 20 სექტემბერს მიიღებენ. საბაზისო სმარტფონის ფასი $799-დან იწყება, დიდი ზომის საბაზისო სმარტფონი კი $899-დან გაიყიდება.
iPhone 16 Pro და iPhone 16 Pro Max
თუკი საბაზისო iPhone-ების ზომები უცვლელად შეინარჩუნა, Apple-ის პრემიული სმარტფონების ზომამ იმატა - ამიერიდან, Pro და Pro Max მოდელები 6.3-ინჩიანი და 6.9-ინჩიანი კომპლექტაციით გამოვა. თითოეული მათგანი გაუმჯობესებული ტიტანიუმში არის გადაწყვეტილი, ხოლო თავად სმარტფონი ოთხ ახალ ფერში არის ხელმისაწვდომი. თუმცა საბაზისო iPhone-ებისგან განსხვავებით, Pro და Pro Max მოდელებში დიზაინის განახლებაზე დიდად არ უწვალიათ, რადგან მთავარი სიახლე - პროგრამული განახლებაა.
როგორც Apple-ში ამბობენ, ახალი თაობის iPhone-ები ხელოვნური ინტელექტის გათვალისწინებით შეიქმნა, რომელსაც ტიმ კუკის კომპანიაში Apple Intelligence-ად მოიხსენიებენ. იმისთვის, რომ AI-მ გამართულად იმუშაოს, ახალი თაობის პრემიუმ სმარტფონებში ახალი პროცესორი, A18 Pro გამოჩნდა, რომელიც 3-ნანომეტრიან არქიტექტურაზე არის დაფუძნებული.
Apple Intelligence-ის ახალი ფუნქციონალის დიდი ნაწილი კამერაზე მოდის, რისთვისაც Apple-მა iPhone 16 Pro-ში ახალი, 48-მეგაპიქსელიანი ფართო გაშლის კამერა დაამატა. ახალ სმარტფონში, მართალია, 200-მეგაპიქსელიანი კამერა ჯერ კიდევ არ გამოჩენილა, მაგრამ iPhone-ის ძირითადი 48-მეგაპიქსელიანი სენსორი მცირედით მაინც გაუმჯობესდა. ამიერიდან, მომხმარებლები შენელებულ რეჟიმში 4K-გარჩევადობის 120FPS-იანი ვიდეოს გადაღებას შეძლებენ. მესამე კამერა უცვლელია და ის კვლავ 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო სენსორით არის აღჭურვილი.
iPhone 16 Pro-ს და iPhone 16 Pro Max-ის წინასწარი გაყიდვა უკვე დაიწყო, ხოლო თავად მოწყობილობას მყიდველები 20 სექტემბერს მიიღებენ. მცირე ზომის პრემიული სმარტფონის ფასი $999-დან იწყება, დიდი ზომის პრემიული სმარტფონი კი $1,199-დან გაიყიდება.
შეგახსენებთ, რომ Apple-ის Premium Reseller-ის სტატუსით საქართველოში მხოლოდ iSpace-ი სარგებლობს. Apple-ის ახალი მოწყობილობები საქართველოში 27 სექტემბრიდან, iSpace-ის მაღაზიებში გაიყიდება.