ბრიტანეთმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ბრიტანელი სტუდენტები ევროპული ბლოკის პოპულარულ გაცვლით პროგრამას, Erasmus+-ს დაუბრუნდებიან.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, 2027-28 აკადემიური წლისთვის გაერთიანებული სამეფოს ფინანსური კონტრიბუცია 570 მილიონ გირვანქა სტერლინგს (760 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს.
გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, დაიწყონ მოლაპარაკებები ელექტროენერგიის ბაზრის ინტეგრაციასთან დაკავშირებითაც. განცხადების თანახმად, ასევე განისაზღვრა ვადები მომავალ წელს სურსათსა და სასმელზე ვაჭრობისა და ნახშირბადის ბაზრების დაკავშირების შესახებ შეთანხმებების გასაფორმებლად.
გასულ წელს არჩევის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ევროკავშირთან ურთიერთობების დაახლოებას ცდილობს. მაისში მან ურთიერთობებში "ახალი ერა" დააანონსა, როდესაც მხარეები 2020 წელს ბლოკიდან გასვლის შემდეგ, თავდაცვისა და ვაჭრობის სფეროში კავშირების ყველაზე მასშტაბურ "გადატვირთვაზე" შეთანხმდნენ.
"დღევანდელი შეთანხმებები ადასტურებს, რომ ევროკავშირთან ჩვენი ახალი პარტნიორობა მუშაობს", - განაცხადა მინისტრმა ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში, ნიკ თომას-საიმონდსმა. მან Erasmus+-თან გარიგებას "ახალგაზრდებისთვის უდიდესი გამარჯვება" უწოდა.
"ჩვენ საზოგადოების პრიორიტეტებზე ვიყავით ფოკუსირებული და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც პირველ ადგილზე შესაძლებლობებს აყენებს", — აღნიშნა მინისტრმა.
მთავრობის ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობას პირველივე წელს გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები 100 000-ზე მეტი ადამიანი შეძლებს.
გაერთიანებული სამეფოს Erasmus+-ის პროგრამაში დაბრუნება, რომელიც ყოველწლიურად ასობით ათას ევროპელ სტუდენტს ბლოკის სხვა ქვეყანაში ერთ წლამდე სწავლის შესაძლებლობას აძლევს, მხარეებს შორის კავშირების გაღრმავებისთვის ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთმა აღნიშნული პროგრამა ბრექსიტის შემდეგ დატოვა.




























