მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ბალისტიკურ რაკეტებს დაამზადებს

დიდი ბრიტანეთი და უკრაინა

დიდი ბრიტანეთი ომში მყოფი მოკავშირე უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების დამზადებას აპირებს.

საუბარია Nightfall-ის ტიპის რაკეტებზე, რომელთა მოქმედების რადიუსიც, დაახლოებით 500 კილომეტრია და სამიზნეების განადგურება მოსკოვის ნებისმიერ წერტილში შეუძლია. როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რაკეტა, რომლის წვერზეც 200-კილოგრამიანი ასაფეთქებელი კომპონენტი მოთავსდება, უკრაინული მხარისთვის მარტივად გამოყენებადი იქნება. არსებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე უკრაინა $12 მილიონის ღირებულების 3 ერთეულს მიიღებს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰეილიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ეს პროექტი მოკავშირე ქვეყნისადმი მხარდაჭერის გამოხატვის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულება იქნება და ის ოფიციალური კიევის სამხედრო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის. აღსანიშნავია, რომ ჰეილის სტუმრობის პარალელურად რუსეთმა უკრაინაზე შეტევა დრონებითა და რაკეტებით მიიტანა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უსაფრთხოების მიზნით, თავდაცვის მდივანს მატარებლის გაჩერება სწორედ ამ შეტევის გამო მოუწია.

ცნობისთვის, ბალისტიკური რაკეტების ახალი პროგრამის დაანონსებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი $270 მილიონ დოლარს გამოყოფს და საკუთარ სამხედროებს სამშვიდობოებად უკრაინაში შესაძლო განლაგებისთვის გაწვრთნის. პარალელურად, გაერთიანებული სამეფო მათთვის ახალ ტექნიკას, საკომუნიკაციო სისტემებსა და დრონ-საწინააღმდეგო დანაგარებს შეიძენს. ცნობილი ხდება ისიც, რომ დიდი ბრიტანეთი 2026 წლის თებერვლის თვემდე “ოქტოპუსის” ტიპის სამხედრო დრონების მასობრივ წარმოებას დაიწყებს და მათ უკრაინას გადასცემს. საუბარია უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებიც რუსული დრონების გაცილებით იაფად განეიტრალების შესაძლებლობას გააჩენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები