მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთის შემდეგ „ბაბალეს წინდები“ ამერიკულ ამაზონზე გაიყიდება

617a84dbbae32
ვიქტორია მღებრიშვილი
28.10.21 15:18
709
„ბაბალეს წინდა“, დიდი ბრიტანეთის შემდეგ, აშშ-ში Amazon-ზე იყიდება. ქართული წარმოების წინდების შეძენა ამერიკულ Amazon-ზე 26 ოქტომბრიდანაა შესაძლებელი.

სოციალურ საწარმოში აცხადებენ, რომ პანდემიიდან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მიზნით და საწარმოს ძველი სამუშაო რიტმის დაბრუნებამდე „ბაბალემ“ მიზნად საკუთარი პროდუქცია საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა დაისახა. მნიშვნელოვანია, რომ პირველი საექსპორტო ბაზარი „ბაბალესთვის“ დიდი ბრიტანეთი იყო, რომლისთვისაც საწარმომ ქართულ ეროვნულ მოტივებზე დამატებით 5 დიზაინის წინდა შექმნა და სატესტოდ ერთი თვის წინ 1 500 წყვილი გაგზავნა.

BM.GE-სთან საუბრისას სოციალური საწარმოსა და დაუნის სინდრომის ასოციაციის ხელმძღვანელი ლია ტაბატაძე აღნიშნავს, რომ „საქართველოს ბანკის“ ხელშეწყობით ამოქმედებულმა საწარმომ, სულ მალე განვითარების მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია და 2019 წელი სტარტაპ-კომპანიისთვის იმდენად წარმატებული იყო, რომ პანდემიიდან გამომდინარე, კომპანიამ გაყიდვების კლების რისკების გადაზღვევა საექსპორტო ბაზრების მოძიებით გადაწყვიტა. მიზნის განხორციელება კი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით შეძლო.

„მას შემდეგ, რაც "საქართველოს ბანკისგან" 50 000 ლარის გრანტი მივიღეთ და სოციალური საწარმო სრული დატვირთვით ავამოქმდეთ, ჩვენი მოლოდინებისა და გათვლების მიუხედავად, 2019 წელს საწარმოს ბრუნვამ ყველაზე მაღალ ნიშნულს, წლიურად - 300 000 ლარს მიაღწია. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო, რადგან მცირე ფინანსური რესურსით დაწყებულმა ბიზნესმა ასეთი შედეგი გამოიღო. ამის შემდეგ პანდემია დაიწყო და მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. თუ მანამდე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვიყავით ორიენტირებული, გასულ წელს საექსპორტო ბაზრების ათვისებაზე ფიქრი დავიწყეთ. ამისთვის არანაირად მზად არ ვიყავით და ექსპორტი მანამდე შორეულ პერსპექტივად გვეჩვენებოდა. მიუხედავად ამისა, 2020 წლის დასაწყისში ბრიტანულ Amazon-თან დაკავშირება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება შევძელით. ამ პერიოდს ბრექსიტი დაემთხვა და რისკების შეფასების შემდეგ, ექსპორტის გარანტიები უზრუნველსაყოფად ახალი ბაზრის მოძიება გადავწყვიტეთ. ასეც მოხდა და შედეგად ამერიკულ Amazon-ზე „ბაბალეს წინდები“ რამდენიმე დღის წინ განვათავსეთ. იმის განსაზღვრისთვის - რა მოთხოვნა იქნება „ბაბალეს“ წინდებზე ამ ორ ბაზარზე, სატესტოდ ჯამში 3 000 წყვილი გავაგზავნეთ და გარკვეული პერიოდის შემდეგ ზუსტად გვეცოდინება წარმოების რა მოცულობები გავა ექსპორტზე“, - განმარტა ლია ტაბატაძემ.

„ბაბალეს“ წინდები ბრიტანეთსა და აშშ-ში სამწყვილიანი შეფუთვებით გადის და მათი ღირებულება ბრიტანულ Amazon-ზე 19 ფუნტ სტერლინგია, ხოლო ამერიკულ Amazon-ზე 19 დოლარია. კომპანიამ პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე რეალიზებისას ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნებიც დაურთო და შეფუთვებში დიზაინის მიხედვით იმ მუზეუმის შესახებ ინფორმაცია ჩააყოლა, საიდანაც წინდის ვიზუალია აღებული.

აღსანიშნია, რომ დღეისთვის „ბაბალეს“ წარმადობა 50 000 ცალ წინდამდეა გაზრდილი, წარმოების პროცესში 12 ადამიანი საქმდება, თუმცა ლია ტაბატაძე ამბობს, რომ, რომ არა პანდემია, მათი საწარმოო მოცულობები 200 000 წყვილამდე იქნებოდა.

კომპანიის დირექტორი „ბაბალეს წინდების“ წარმატების გზასაც იხსენებს. საქმე ისაა, რომ კომპანიისთვის არა ბიზნესის წარმოება, არამედ სოციალური ასპექტები მეტად მნიშვნელოვანია. 2017 წელს დაუნის სინდრომის ასოციაციამ საწარმო შშმ პირთათვის სამუშაო ადგილების შექმნისა მიზნით აამოქმედა და ამაში მას დიდი ხელშეწყობა „საქართველოს ბანკმა“ სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის ფარგლებში აღმოუჩინა.

„ჩვენი წინდები ქართული ეროვნული მემკვიდრეობის და დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ნახატების მოტივებზე შექმნილია. ამ გზით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ როგორც მომხმარებლისთვის მარკეტინგულად ცნობილი მხატვარია საინტერესო, ასეთივე საინტერესო შეიძლება იყოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანის შემოქმედება. ერთის მხრივ პოპულარიზაციას ვუწევთ ქართულ ეროვნულ მემკვიდრეობას, ხოლო მეორე მხრივ, ვამაღლებთ ცნობიერებას“, - აღნიშნა „ბაბალეს“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები