საქართველოს მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის ვიზიტორთა ვიზების მიღებისას, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ. საკონსულტაციო კომპანია e-Consul-ის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რეგიონის მასშტაბით საქართველოში ვიზაზე უარის თქმის წილი ყველაზე მაღალია.
სტატისტიკის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ვიზიტორთა ვიზების 74% დაკმაყოფილდა, ხოლო განაცხადების 26%-ზე უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
მეზობელ ქვეყნებში ვიზების გაცემის მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:
- რუსეთი: დადებითი გადაწყვეტილება – 92.4% | უარი – 7.6%
- სომხეთი: დადებითი გადაწყვეტილება – 90.4% | უარი – 9.6%
- თურქეთი: დადებითი გადაწყვეტილება – 89.6% | უარი – 10.4%
- აზერბაიჯანი: დადებითი გადაწყვეტილება – 77.7% | უარი – 22%
- საქართველო: დადებითი გადაწყვეტილება – 74% | უარი – 26%
მონაცემების თანახმად, დიდი ბრიტანეთის ვიზის მიღების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთში ფიქსირდება, სადაც განმცხადებელთა მხოლოდ 7.6%-ს ეთქვა უარი. საქართველოს შემთხვევაში კი უარყოფითი პასუხების წილი (26%) თითქმის სამჯერ აღემატება სომხეთისა და თურქეთის ანალოგიურ მაჩვენებლებს.
ოფიციალური სამთავრობო სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს დიდმა ბრიტანეთმა დაახლოებით 2.2 მილიონი ვიზიტორთა ვიზა გასცა.
2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, ბრიტანეთის ვიზიტორთა ვიზების მიღების კუთხით გლობალურად შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ:
- ინდოეთი: პირველ ადგილზეა გაცემული ვიზების რაოდენობით. ინდოეთის მოქალაქეებზე 555,890 ვიზა გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 1%-იან ზრდას აჩვენებს.
- ჩინეთი: მეორე ადგილს იკავებს 472,510 გაცემული ვიზით, თუმცა ბოლო წლებში ჩინეთის მოქალაქეებზე გაცემული ვიზების რაოდენობა სტაბილურად მცირდება.
- თურქეთი: ქვეყნის მიმართულებით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება - გაცემული ვიზების რაოდენობა 35%-ით გაიზარდა და 234,385 შეადგინა.
ამჟამად ბრიტანეთის ვიზიტორის სტანდარტული 6-თვიანი ვიზის (Standard Visitor Visa) მოსაკრებელი 127 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.




























