მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი დიღმიდან სარაჯიშვილისკენ, შემდგომ კი სადგურის მოედნისკენ ტრამვაის ხაზის გაყვანა განიხილება - Ramboll-ის რეკომენდაცია

ტრამვაი
20.12.23 13:59
25440

დიდი დიღომი, რომელიც თბილისში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი უბანია დედაქალაქის სხვა უბნებს შესაძლოა ტრამვაის ხაზით დაუკავშირდეს, ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმიდან ხდება ცნობილი. 80-გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც ურბანული მობილობის გაუმჯობესებისთვის არის საჭირო. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის მოამზადა დანიურმა საკონსულტაციო კომპანია "რამბოლმა", აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

დოკუმენტში საუბარია რამდენიმე ალტერნატიულ სცენარზე, რომლითაც დიდი დიღმის ცენტრალურ უბნებთან დაკავშირების გეგმები არსებობს. კვლევის მიხედვით, ამ მიმართულებით სატრანსპორტო კვანძების განვითარება აუცილებელია, რადგანაც მოსალოდნელია, რომ 2042 წლამდე დიდი დიღმის მოსახლეობა 54.6%-ით გაიზრდება.

დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის განვითარების გეგმა:

დიდი დიღომი საბჭოთა პერიოდში გაშენდა ქალაქის ჩრდილოეთით, როგორც ახალი საცხოვრებელი უბანი. იგი ყოველთვის განიცდიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცუდ კავშირს. ამჟამად ტერიტორიას გადატვირთული ავტობუსები და მიკროავტობუსები ემსახურება, რის შედეგადაც ადამიანები ქალაქის ცენტრში უმეტესად ავტომობილით მგზავრობენ. მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში შემოთავაზებული TBT (10 საავტობუსე ზოლით შეკრული დერეფანი) ქსელი დიდ დიღომს თბილისის დანარჩენ ნაწილთან დააკავშირებს. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, დიდ დიღომსა და ქალაქის ცენტრს შორის მგზავრობისთვის უმჯობესი იქნება სარკინიგზო სისტემა. ეს შეესაბამება ქალაქში სარკინიგზო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლის თბილისის გრძელვადიან ხედვას, რომელიც მიჩნეულია უფრო კომფორტულად და ეფექტურად.

დიდ დიღომთან სარკინიგზო კავშირის შემდეგი ვარიანტები შეიძლება განიხილოს:

ვარიანტი 1: ცენტრალური რკინიგზის სადგური სარაჯიშვილის გავლით დიდ დიღომამდე - ტრამვაის მატარებელი, რომელიც მაგისტრალურ სარკინიგზო ქსელზე ივლის სარაჯიშვილის სადგურამდე, შემდეგ კი სპეციალური ტრამვაის ხაზით გადაადგილდება. ეს დაკავშირებული იქნება შემოთავაზებულ სამგზავრო სარკინიგზო ქსელთან;

ვარიანტი 2: დიდუბის სატრანსპორტო კვანძიდან დიდ დიღომამდე - ეს უფრო ტრადიციული ტრამვაის სერვისი იქნება;

ვარიანტი 3: საბურთალოდან დიდ დიღომამდე - ეს უფრო ტრადიციული ტრამვაის სერვისი იქნება.

კიდევ ერთი ალტერნატივა, რომლითაც დიდი დიღმის დაკავშირება განიხილება არის ამ უბნიდან დელისის მიმართულებით ახალი საბაგიროს გაყვანა.

დოკუმენტის თანახმად, ახალი ტრამვაის ექსპლოატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღად 2035 წელი არის განსაზღვრული და მისი ბიუჯეტი 276 მილიონი დოლარი იქნება. დოკუმენტის მიხედვით, ერთი კილომეტრი ტრამვაის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა კილომეტრზე 20 მილიონ ევრომდე ჯდება. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების ღირებულებად 154 მილიონი დოლარი არის შეფასებული, ხოლო მოძრავი შემადგენლობის შესყიდვისთვის 110 მილიონი დოლარი არის ნავარაუდევი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები