მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[დიდი ჰესები] სახელმწიფომ უნდა ააშენოს და შემდეგ გაიყიდოს, სხვა გზას ვერ ვხედავ - მაია მელიქიძე

მაია მელიქიძე

[დიდი ჰესები] სახელმწიფომ უნდა ააშენოს და შემდეგ შესაძლებელია, გაიყიდოს - ეს პოზიცია BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის [GREDA] აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ კიდევ ერთხელ გააჟღერა. „სხვა გზას ვერ ვხედავ“ - ამბობს ის და მთავარ არგუმენტად ჰიდროენერგეტიკაში საქართველოს დაზიანებულ იმიჯს ასახელებს.

რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, თქვა, რომ სადაც სახელმწიფოს სჭირდება, ყველა [ჰესი] აშენდება და სახელმწიფო პრინციპული იქნება, მაგრამ დეტალებზე და არც კონკრეტულ პროექტებზე არ უსაუბრია.

„ენერგეტიკაში მთავრობის მხრიდან საქმე უფრო ჭარბობს თუ ლაპარაკი?“ - ჰკითხა „წერტილის“ წამყვანმა მაია მელიქიძემ, რაზედაც მან დიპლომატიური პასუხი გასცა - „გასაკეთებელი ბევრია“.

- წლები გადის და ძირითადად, მხოლოდ განცხადებები გვესმის. გვახსოვს, 2022 წელს ირაკლი ღარიბაშვილის დაპირება, რომ დიდ ჰესებს სახელმწიფო ააშენებსო, თუმცა 2025 წელია და არცერთ შეჩერებულ პროექტზე [ნენსკრაჰესი, ხუდონჰესი, ნამახვანჰესი] კონკრეტული არაფერი მსმენია. დიდი პროექტების მოდიფიკაციაზე თქვენ მაინც გსმენიათ რამე?

- ჩვენ სერიოზული დარტყმა მივიღეთ იმიჯის თვალსაზრისით, როცა ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორ კომპანია ENKA-სთან კონტრაქტი გაწყდა...

- ეს არ იყო მხოლოდ დარტყმა საინვესტიციო იმიჯზე. როგორც ცნობილია, ENKAM-საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საინვესტიციო საარბიტრაჟო დავა მოიგო და შესაძლოა, 1 მილიარდ ლარზე მეტის გადახდა მოგვიწიოს ბიუჯეტიდან...

- დიახ... ამდენად, ერთია ფინანსური ზარალი, რომელიც მივიღეთ და მეორე საკითხია სხვა ინვესტორების დაინტერესება, რომელიც არ იქნება, თუ ასეთი ტიპის ბევრი მაგალითი დაგროვდა. ნამახვანჰესის“ ნეგატიური მაგალითის გამო, შესაძლებელია, სხვების მხრიდანაც ინტერესი შემცირდეს, ამიტომ სად ვნახოთ გამოსავალი?! ვფიქრობ, როგორც ქარის ელექტროსადგური ააშენა სახელმწიფომ - სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“, EBRD-ის დახმარებით და შემდეგ გაყიდა, ამ შემთხვევაშიც ეს შეიძლება იყოს გამოსავალი - ჩვენ უნდა ავაშენოთ, სხვა გზას ვერ ვხედავ თუ არ გამოჩნდნენ ახალი ინვესტორები, ვისთანაც მოლაპარაკებები ადეკვატურ ფორმატში გაიმართება. ახლა თქვენ მკითხავთ - გადასახადების გადამხდელების ფულით უნდა ავაშენოთ ახალი ჰესები?! სწორი კითხვაა, მაგრამ სხვა გამოსავალი გვაქვს?! [ამიტომ უნდა ავაშენოთ] და შემდეგ შესაძლებელია, გავყიდოთ...

- დავუშვათ, გვაქვს ფინანსური რესურსიც, რომ სახელმწიფომ ააშენოს მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები, მაგრამ როგორ ფიქრობთ, გაბედავს დღეს ქართული ოცნება“ ან მარიამ ქვრივიშვილს თუ ირაკლი კობახიძეს აქვთ ის ლეგიტიმაცია და პატივისცემა საზოგადოებაში, რომ მაგალითად, ავიდნენ სვანეთში და ადგილობრივ მოსახლეობას ნენსკრაჰესის“ და ხუდონჰესის“ აშენების აუცილებლობაზე ესაუბრონ?!

- უნდა ვესაუბროთ... ჩვენ, GREDA-ს, ეს პროცესი დაწყებული გვაქვს და მარტივი არაა, ძალიან მტკივნეულია. 11 რეგიონიდან უკვე 10 მოვიარეთ და 12 შეხვედრა გავმართეთ; ურთულესი იყო მოსახლეობასთან საუბარი, მაგრამ ეს არის ნორმალური და ამაში არანორმალურს არაფერს ვხედავ. ბოლო 30 წლის განმავლობაში, დამანაგრეველ ჰესებზე“ სტიგმა იმდენად არის ადამიანებში გამჯდარი, რომ ძალიან რთულია მოსახლეობა გადაარწმუნო, ამიტომ იქ [ადგილზე] პროფესიონალები უნდა მივიდნენ, რათა აუხსნან მოსახლეობას ჰესების საჭიროება და ყველა არაპოპულარულ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

- ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობიდან ვინმე გახსენდებათ, ვინც ეს გააკეთა?

- ამის შედეგია ის, რომ ჰესებს ვერ ვაშენებთ - ეს ხომ ფაქტია. ჰიდროენერგეტიკაში დღეს ფულს არავინ დებს... შარშან რამდენი ჰესი ამუშავდა? - ჯამში, ენერგეტიკულ ქსელს სულ რაღაც 50 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრე შეემატა, რაც ძალიან პატარა მაჩვენებელია. ამდენად, თქვენ კითხვებს თქვენვე სცემთ პასუხს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები