ანაკლიის პორტის და pace terminal -ის მასშტაბები არის სრულიად განსხვავებული, ამიტომ ვერ იქნება განხილული ანაკლიის პორტის კონკურენტად, თუმცა ეს კონკრეტული პროექტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ფოთის განვითარებისთვის, ვინაიდან 2021 წლიდან, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აქ სულ მცირე 500 ადამიანი დასაქმდება, სწორედ ასეთი პროექტების სიმრავლე აქცევს ჩვენს რეგიონს საგარეო ვაჭრობის ნაწილად და დიდი იმედი მაქვს, რომ შავი ზღვის საპორტო რუკას მალე ანაკლიის პორტიც შეუერთდება - აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერამ მაია ცქიტიშვილმა ფოთში, pace terminal-ის ახალი პროექტის პრეზენტაციის შემდეგ.
„ჩვენთვის ნებისმიერი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენებას, რეგიონის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, არის მნიშვნელოვანი. ეს პროექტი ითვალისწინებს არსებული pace terminal -ის გაფართოებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროექტში მონაწილეობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ს განვითარების კორპორაცია. პროექტის ჯამური ღირებულება, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, 120 მილიონი დოლარია, საიდანაც OPIC - ის თანამონაწილეობა 50 მილიონი დოლარია,“ - თქვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მისივე თქმით, საყურადღებოა ამ თემაზე მამუკა ხაზარაძის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ pace terminal -ის პროექტი არ არის ანაკლიის პორტის კონკურენტი.
„ანაკლიის პორტს ექნება თავისი ადგილი, უახლესი ინფრასტრუქტურით, განსაკუთრებული ადგილმდებარეობით და ტექნიკური მაჩვენებლებით, ამიტომ პორტების ურთიერთდაკავშირება ალბათ არაა მიზანშეწონილი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბრალდება თითქოს სახელმწიფომ გააჩერა ანაკლიის პორტი ვერ იქნება სერიოზულად განხილული, რადგან ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს და მთავრობა კონსორციუმის მიმართ მხარდაჭერას ყოველდღიური ქმედებებით ადასტურებს.
მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ ანაკლიის განვითრების კონსორციუმი 15 ოქტომბრამდე მოახერხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.