ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის უცვლელად, BB დონეზე დატოვება, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას უკავშირებს. "საქმის კურსთა" საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გასაუმჯობესებლად საკმარისი არ არის.
„ერთი მხრივ, თითქოს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გვაქვს... საჯარო ფინანსებიც ცუდ ფორმაში არ არის. საგარეო ვალის კუთხით კოვიდის შემდეგ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვქონდა, მაგრამ ეკონომიკურ ზრდას ეს პლუსიც აქვს, რომ, მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, საჯარო ვალი ახლა საკმაოდ დაბალ, ყოველ შემთხვევაში, მართვად დონეზეა და ამიტომ, მაგ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. თუმცა ის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არასაინვესტიციო რეიტინგი გვაქვს, ჩემი აზრით, ეს ქვეყანაში პოლიტიკურ მდგომარეობაზე დადის, დიდი ხანია ვერ ვახერხებთ იმას, რომ საინვესტიციო BBB დონეზე ავიდეს ჩვენი რეიტინგი“ - ამბობს ეკონომისტი და განმარტავს, რომ ინვესტორები სტაბილურობას და კანონის უზენაესობას აფასებენ, საქართველოში კი ამ კუთხით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია:
„აშკარად პოლიტიზებული სასამართლო გვაქვს, ეს ერთი და ამას გარდა, ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიებია - სხვა მიზეზები, რატომ უნდა ჰქონდეს ქვეყანას ახლა, ეკონომიკური ზრდის ამ ფონის და საჯარო ფინანსების ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, არასაინვესტიციო რეიტინგი, ჩემთვის არ არსებობს“, - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.
ეკონომისტის ამბობს, რომ Fitch-ის და სხვა სააგენტოების რეიტინგები ინვესტორთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და როდესაც ქვეყნის საინვესტიციო რეიტინგი შედარებით დაბალია, საერთაშორისო ბაზრები მას მაღალი რისკის შემცველად აღიქვამენ, რაც ავტომატურად ზრდის სუვერენული სესხებისა და ქართული ევრობონდების საპროცენტო განაკვეთებს:
„ეს რეიტინგი პირდაპირ გადაითარგმნება, მაგალითად, სუვერენული სესხის საპროცენტო განაკვეთებზე, საქართველოს ევრობონდების საპროცენტო განაკვეთებზე, ეს კი თავის მხრივ ქვეყანაში საინვესტიციო რისკისა მაჩვენებელია. რისკის პრემიუმს პირდაპირ ასე განსაზღვრავენ, როდესაც რაღაც საინვესტიციო პროექტს აფასებენ, პირდაპირ უყურებენ ისეთ რაღაცებს, როგორიცაა რეფინანსირების განაკვეთი, სახელმწიფო ობლიგაციების განაკვეთები, ევრობონდების განაკვეთები და ასე შემდეგ. და ეს განაკვეთები მაღალია იმიტომ, რომ ქვეყნის, საინვესტიციო რეიტინგი ასე დაბალია. პირდაპირ არის მიბმული ქვეყნის რეიტინგზე, შესაბამისად ინვესტორები მოითხოვენ გაცილებით უფრო მაღალ მოსალოდნელ მოგებას იმისთვის, რომ მაღალი რისკის კომპენსაცია ჰქონდეთ, რაც უფრო მკაცრია მოგებიანობასთან დაკავშირებით მოთხოვნა, მით უფრო ცოტა იქნება ისეთი პროექტი, რომელიც ამ მკაცრ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. შესაბამისად, თუ ვერ ნახულობენ ასეთ პროექტს, იღებენ გადაწყვეტილებას, არ ჩადონ ფული ქვეყანაში. ასე რომ, ეს ყველაფერი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია“, - განმარტავს გიგა ბედინეიშვილი.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 30 ოქტომბერს, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.
|
რეიტინგი |
აღწერა |
განმარტება |
|
BB (+ / -) (საქართველოს დონე) |
სპეკულაციური / ზღვართან ახლოს |
მომატებული მგრძნობელობა რისკებისადმი. დეფოლტის უშუალო საფრთხე არ დგას, არის ფინანსური მოქნილობა, მაგრამ ეკონომიკურმა შოკებმა შეიძლება პრობლემები შექმნას. |
|
B (+ / -) |
მაღალსპეკულაციური |
არსებობს დეფოლტის რეალური რისკი. გადახდისუნარიანობა მყიფეა და დამოკიდებულია სტაბილურ გარემოზე. |
|
CCC |
არსებითი საკრედიტო რისკი |
დეფოლტის მაღალი ალბათობა. |
|
CC |
ძალიან მაღალი რისკი |
დეფოლტი სავარაუდოა. |
- 2007–2008 წლები (პირველი რეიტინგი და კრიზისი): საქართველომ სტარტი BB- რეიტინგით აიღო, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის გამო რეიტინგი B+-მდე ჩამოქვეითდა.
- 2011–2018 წლები (სტაბილიზაცია): ეკონომიკის აღდგენასთან ერთად Fitch-მა საქართველო ისევ BB- დონეზე დააბრუნა, სადაც ქვეყანა 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
- 2019 წლიდან დღემდე (ისტორიული მაქსიმუმი): 2019 წლის თებერვალში Fitch-მა საქართველოს რეიტინგი BB -მდე გაუზარდა. ეს არის ყველაზე მაღალი ნიშნული, რაც საქართველოს ოდესმე ჰქონია.
























