მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დიდი პოლემიკა იყო იმაზე, მოქმედებს თუ არა აფთიაქების რაოდენობა მედიკამენტების ფასზე" - მარგველაშვილი

ირაკლი მარგველაშვილი

დიდი პოლემიკა იყო იმაზე, მოქმედებს თუ არა აფთიაქების რაოდენობა მედიკამენტების ფასზე - ამის შესახებ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა. როგორც ირაკლი მარგველაშვილმა "ფასების კომისიასთან" შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, სუპერმარკეტების მსგავსად, მთავრობა სააფთიაქო ქსელების ფილიალების რაოდენობითაც დაინტერესდა.

"სააფთიაქო ქსელებზე საუბარი იყო, მათი ფილიალების საშუალო ევროპულ მაჩვენებლებზე, საქართველოს მაჩვენებლებზე... სხვადასხვა აზრი გამოითქვა. სტატისტიკა ერთია, მეორეა, თუ რომელი აფთიაქები მუშაობენ და რამდენად არიან გეოგრაფიულად ყველგან ხელმისაწვდომი. იმიტომ, რომ საქართველოში მართლაც არის ადგილები, სადაც კონცენტრაცია დიდია, მაგრამ ასევე არის ადგილები, სადაც მოსახლეობა ითხოვს, რომ მეტი გაიხსნას. ანუ ეს არ არის ერთგვაროვანი თემა. მთავარია, რამდენად მოქმედებს აფთიაქების რაოდენობა [მედიკამენტების] საბოლოო ფასზე - ამაზე ძალიან დიდი პოლემიკა გაიმართა", - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

ირაკლი მარგველაშვილის თქმით, "ფასების კომისიასთან" შეხვედრაზე ფარმაცევტული სექტორი და მთავრობა შეთანხმდნენ, რომ მედიკამენტებზე ფასების კლება, შესაძლებელია, თუმცა ამან გავლენა არ იქონიოს მედიკამენტების მარაგებსა და ხარისხზე. მისივე თქმით, ფასწარმოქმნა სამართლიანი უნდა იყოს.

"პირველ რიგში უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ იყოს სამართლიანი ფასი, ოღონდ სამართლიანი ფასი - ეს ნიშნავს, რომ ფასმა არ იქონიოს რაიმე ტიპი ზემოქმედება შესაძლო დეფიციტზე, ან მაგალითად, ხარისხის რაიმე ვარიაციაზე. უნდა იყოს ხარისხიანი პროდუქტი და ხელმისაწვდომი ფასი. ამ მიმართულებით პირველი, რაზეც ყველა შევთანხმდით არის, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის პროგრამა უნდა გაგრძელდეს, ოღონდ უნდა გაფართოვდეს ძალიან ნელ-ნელა და ყურადღებით.

მოდი ასე ვისაუბროთ: მედიკამენტის ფასთან ასოცირებული არის ჩვენი დანახარჯები, რამდენს ვიხდით წამლებში და რას ვიღებთ შედეგად. თუ ჩვენ ვყიდულობთ წამალს, რომელიც შეიძლება იაფიც არის, მაგრამ ის ჩვენ არ გვჭირდება, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენს მიერ ზედმეტად დახარჯული თანხა. ეს არის წნეხი თითოეულ ოჯახზე. შესაბამისად, ეს ძალიან კომპლექსური პრობლემაა. ამიტომ მიზანი არის არა მხოლოდ ცალკეულ მედიკამენტებზე ფასის დაწევა, არამედ საერთო დანახარჯის შემცირება იმისთვის, რომ საერთო მდგომარეობა თითოეული მოსახლისთვის იყოს უკეთესი. ამას ჰქვია ფარმაკოეკონომიკა, მე შეიძლება ნაკლები თანხა დავხარჯო, მაგრამ შედეგი არ მივიღო, ან ერთჯერადად დავხარჯო მეტი თანხა და მეტი შედეგი მივიღო", - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

ასოციაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ "ფასების კომისიასთან" შეხვედრის დროს საუბარი ადგილობრივი წარმოების განვითარებასაც შეეხო.

"ასევე საუბარი იყო და ჩემთვის საინტერესო მოსასმენი, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს. ეს სტრატეგიული მიმართულებაა, რა თქმა უნდა.

ასევე საუბარია სხვადასხვა ტიპის მექანიზმების განვითარებაზე; მაგალითად, ბოლო პერიოდში არის შემთხვევები, როცა სახელმწიფო პირდაპირ ყიდულობს ზოგიერთ ძვირად ღირებულ მედიკამენტს მძიმე ქრონიკული დაავადებებისთვის და ესეც არის ფასების დაწევის მექანიზმი", - ამბობს საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

"ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, "ფასების სამთავრობო კომისია" ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს დღეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ კომპანიები ფასების შემცირების შესაძლებლობაზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ბოლოს ირაკლი კობახიძემ საქართველოში პროდუქტების ფასებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ამასთან, კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები