დანიურმა ფარმაცევტულმა კომპანია Novo-მ (ყოფილი Novo Nordisk), რომელიც პოპულარული პრეპარატი "ოზემპიკის" მწარმოებელია, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახალი მედიკამენტების შექმნის დასაჩქარებლად, ტექნოლოგიურ კომპანია Anthropic-თან პარტნიორობა დაიწყო.
"Anthropic-თან ძალების გაერთიანება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს კვლევისა და განვითარების მიმართულებას და დაგვეხმარება ჩვენი მისიის შესრულებაში - შევთავაზოთ ახალი, ტრანსფორმაციული ჯანდაცვის გადაწყვეტილებები ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს", - განაცხადა Novo-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ დუსტდარმა.
ფარმაცევტული გიგანტი Anthropic-ის მოდელებსა და პლატფორმა Claude Science-ს კვლევისა და განვითარების პროცესში სამეცნიერო ანალიზის გასაღრმავებლად გამოიყენებს.
კვლევა&განვითარების მიმართულებით პროდუქტიულობის გაზრდის გარდა, Novo-ს ხელმძღვანელის თქმით, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს შეუძლია "სრულიად ახალი სამეცნიერო შესაძლებლობები" შექმნას და ადამიანის ბიოლოგიისა და პრეპარატების მოქმედების მექანიზმების უკეთ გააზრებას შეუწყოს ხელი.
"ხელოვნური ინტელექტის მზარდი შესაძლებლობები იძლევა პოტენციალს, რომ ბიოლოგიასა და მედიცინაში ერთი საუკუნის მიღწევები ერთ ათწლეულში მოექცეს", - განაცხადა Anthropic-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დარიო ამოდეიმ.
მან დასძინა, რომ წამყვანი მკვლევრებისთვის უსაფრთხო, მაღალტექნოლოგიურ და სანდო მოწინავე მოდელებზე წვდომის მიცემით, კვლევის ვადების შემცირება, შედეგების გაუმჯობესება და ისეთი მედიკამენტებისა თუ მკურნალობის მეთოდების აღმოჩენაა შესაძლებლები, რომლებიც ადამიანის ცხოვრებას საგრძნობლად გააუმჯობესებს.
ეს თანამშრომლობა Novo-ს იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მედიკამენტების კვლევის დასაჩქარებლად ხელოვნურ ინტელექტზე ფსონის დადებას ითვალისწინებს. ფარმაცევტული გიგანტი უკვე იყენებს OpenAI-ის სამეცნიერო მოდელს - GPT-Rosalind-ს, მას შემდეგ, რაც აპრილში მიღწეული შეთანხმებით, მოწინავე AI კომპლექსური მონაცემების გასაანალიზებლად, პოტენციური წამლების იდენტიფიცირებისა და კვლევიდან პაციენტამდე მედიკამენტის მიღწევის დროის შესამცირებლად დანერგა.
























