მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს ექსპერიმენტული მეურნეობა და შევქმნა ახალი პროდუქტი" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი

აგროსფერო
11.07.24 10:46
65

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ მე-3 წელია, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.

წელს „აგროსფერომ“ პროგრამაში მონაწილეთა რიცხვი გააორმაგა და სტიპენდია მაღალი მოსწრების III-IV კურსის 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცემათ შესაძლებლობაც, რომ პრაქტიკა-სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, სადემონსტრაციო სათბურში, სადემონსტრაციო ვენახში,

სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის წარმოებაში, მექანიზაციის სერვისში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებსა და სათბურებში გაიარონ.

გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ინტერვიუების სერია, რომელიც „აგროსფეროს“ სტიპენდიატებს ახლოდან გაგაცნობთ. ამჯერად, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის პროგრამის III კურსის სტუდენტს, თეა იმნაძეს ვესაუბრეთ.

თეა, როგორ გაიგეთ „აგროსფეროს“ სტიპენდიის შესახებ და იცნობდით თუ არა მანამდე კომპანიის საქმიანობას?

„აგროსფეროს“ პირველივე კურსიდან ვიცნობ აგრარული უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმებიდან. ამასთან ერთად, გასულ წელს მონაწილეობა მივიღე ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაზე, რომელზეც მე-2 ადგილი დავიკავე და „აგროსფეროსგან“ საჩუქრად ძალიან მნიშვნელოვანი საზომი ხელსაწყოების აგრო ნაკრები მივიღე. კომპანიის სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამების შესახებაც, ცხადია, გაგონილი მქონდა და მოუთმენლად ველოდი მე-3 კურსზე გადასვლას, რათა კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მქონოდა. ამ ხნის განმავლობაში ძალიან მოტივირებული ვიყავი, ვცდილობდი კარგად მესწავლა, რადგან მაღალ GPA-ს კონკურსისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეგიწყობთ ხელს სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამები პროფესიულ განვითარებაში?

სტიპენდია კარგად სწავლის მოტივაციას გაძლევს და გეხმარება სიღრმისეული თეორიული ცოდნა მიიღო. მეორე მხრივ, ჩემი პროფესია პრაქტიკაზეა დაფუძნებული, ამიტომ სტაჟირება დამეხმარება პრაქტიკაში გადავიტანო ის, რაც უნივერსიტეტში სხვადასხვა საგნის ფარგლებში ვისწავლე.

ვფიქრობ, სტიპენდია და სტაჟირება საუკეთესო მიქს შემოთავაზებაა, რაც, ცხადია, დიდ დახმარებას გამიწევს ჩემი პროფესიის უკეთ დაუფლებაში.

როდის დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგით?

ჩემთვის გარდამტეხი პანდემიის პერიოდი აღმოჩნდა, რადგან ძირითად დროს სახლში ვატარებდი და თავის გართობის მიზნით, მცენარეების მოვლა სწორედ მაშინ დავიწყე. მალევე სოფლის მეურნეობით დავინტერესდი და გადავწყვიტე, ამ სფეროს გავყოლოდი. არჩევანი აგრონომიის მიმართულებაზე შევაჩერე, რადგან ეს პროფესია მოითხოვს როგორც ველზე ყოფნას, ისე ლაბორატორიულ საქმიანობას, რაც განსაკუთრებულად მხიბლავს.

თეა, მოგვიყევით თქვენს სამომავლო გეგმებზე...

ამ ეტაპზე მინდა პრაქტიკული გამოცდილება დავაგროვო და ცოდნა გავიღრმაო. ამიტომ, ვგეგმავ, ჯერჯერობით სხვადასხვა მეურნეობაში ვცადო ბედი. საბოლოოდ კი, დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს ექსპერიმენტული მეურნეობა და შევქმნა ახალი პროდუქტი. ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიწევს და ეს მარტივი არ იქნება, თუმცა ამისთვის საკმარისი მოტივაცია ნამდვილად მაქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები