თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორის, ვატო ლეჟავას თქმით, 2026 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, ყველაზე მაღალქულიანმა აბიტურიენტებმა თავისუფალი უნივერსიტეტი აირჩიეს.
BMG დაინტერესდა, როგორი შედეგები აქვს უნივერსიტეტებს უმაღლესი განათლების რეფორმის ფონზე, რომლის ფარგლებში მათ შორის, კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგრანტო დაფინანსება გაუქმდა.
როგორც ვატო ლეჟავა BMG-სთან აცხადებს, წინა წელთან შედარებით სტუდენტების რაოდენობა არ შემცირებულა და მიუხედავად ყველაფრისა, აბიტურიენტები ხარისხს ანიჭებენ უპირატესობას.
"კონკურსი იყო, ძალიან კარგი სტუდენტები მივიღეთ. თავისუფალი უნივერსიტეტი აირჩია საქართველოში 2026 წლის ეროვნული გამოცდების საუკეთესო შედეგების მქონე 60 აბიტურიენტიდან 57-მა, 100 აბიტურიენტიდან კი 72-მა. საშუალო ქულებით თავისუფალი უნივერსიტეტი კვლავ პირველზეა, ხოლო აგრარული უნივერსიტეტი მულტიპროფილურ უნივერსიტეტებს შორის მესამე ადგილზეა. მიუხედავად ყველაფრისა, აბიტურიენტები მაინც ირჩევენ ხარისხს. რაოდენობა იგივეა, ფაქტობრივად, არ გვქონია კლება. ჯამში მივიღეთ 1 000-ზე მეტი სტუდენტი ორივე უნივერსიტეტში, პრინციპში რამდენიც გვქონდა გამოცხადებული, იმდენი.
მთავარი ამოცანა იყო ამ შეცვლილ ვითარებაში სწორი პასუხების გაცემა და როგორც ჩანს, სწორი პასუხები გავეცით, ჩვენი პასუხები სწორად იყო გაგებული და ყველას მადლობას ვუხდი, ვინც თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი", - ამბობს ვატო ლეჟავა.
რექტორი იმ გამოწვევებზე საუბრობს, რაც სახელმწიფო დაფინანსების საკითხმა განაპირობა: "ის, რომ ჩვენ გადავლახეთ ეს ბარიერი, არ ნიშნავს, რომ ეს ზოგადად არაფერს ნიშნავდა. დაფინანსების შემცირება, მით უმეტეს კერძო უნივერსიტეტებში, საკმაოდ უსამართლო საკითხია. თუმცა ჩვენ გვეყო რესურსი, რომ ამისთვის, ვთქვათ, მზად ვყოფილიყავით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხები არ დგას და არ არის მნიშვნელოვანი. ის, თუ ჩვენი კოლეგები რაღაცნაირად დაზიანდნენ ან დაზარალდნენ, სულაც არ არის ჩვენთვის სულერთი", - თქვა ვატო ლეჟავამ.




























