თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ბოლოთაშვილის განცხადებით, დედაქალაქში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა წლიურად 1500-დან 2000-მდე მერყეობს.
მისი თქმით, ნებართვების უდიდესი წილი დაახლოებით 85-90%, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მოდის, თუმცა ფართობების მიხედვით მრავალბინიანი კორპუსები ლიდერობენ. ბოლოთაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებში მზარდი ტენდენციაა საწარმოო და სასაწყობო შენობების მშენებლობაზე გაცემულ ნებართვებშიც.
კითხვაზე ხომ არ მცირდება დედაქალაქში ვაკანტური ადგილების ტერიტორია, სადაც დეველოპმენტის განვითარება შეიძლება მოხდეს, ბოლოთაშვილი გვპასუხობს, რომ თბილისს ამ კუთხით რესურსი ჯერ აქვს. მისი თქმით, ქალაქში არის საწამოო ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია, როგორც საცხოვრებელი ისე კომერციული კომპლექსების მშენებლობა.
“თბილისის მასშტაბით დაახლოებით 1500-დან 2000-მდე მერყეობს ბოლო წლების განმავლობაში გაცემული მშენებლობის ნებართვების რაოდენობა. ჯამში დიდწილად ეს არის მაინც საცხოვრებელი სახლები. საცხოვრებელი სახლებიდან უდიდესი ნაწილი არის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, პროპორციულად დაახლოებით 85%-დან 90%-მდე. თუმცა, რასაკვირველია ფართობების კუთხით თუ ავიღებთ, გაცემულ ნებართვებში დიდწილად აჭარბებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები.
თუმცა ბოლო წლებში შეინიშნება ასევე მზარდი მატება საწარმოო და სასაწყობო შენობა-ნაგებობების, მიმართულებით გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე.
ერთადერთი, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების შემთხვევაში იყო ძალიან დიდი ზრდა კოვიდის შემდგომ პერიოდში, რომელიც დასტაბილურდა და მცირედი კლება გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა ხუთწლიან ჭრილში თუ ავიღებთ, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების რაოდენობაც დაახლოებით 20-30%-ის მატება გვაქვს ამ კუთხითაც.
ზოგადად დეველოპმენტის შესაძლებლობა თბილისში ჯერ კიდევ არსებობს, არის რესურსები. გენგეგმით განსაზღვრული არის პოლიცენტრები, სადაც შესაძლებელია ინტენსიური განაშენიანება მოხდეს. რამდენიმე ასეთი პოლიცენტრი არის ქალაქის მასშტაბით. ასევე თქვენ იცით, რომ თბილისს გააჩნია ყოფილი უდიდესი ტერიტორიები, ყოფილი საწარმოო ტერიტორიები და ამ ყოფილ საწარმოო ტერიტორიებს აქვს თავისი რესურსი სხვა კუთხით განაშენიანების. საცხოვრებელი უბანი იქნება თუ კომერციული. შესაბამისად, შემდეგი უახლოესი წლების განმავლობაში არ ველოდებით რაიმე დრამატულ შემცირებას. პირიქით, სავარაუდოდ ეს დინამიკა მცირედი ზრდის, რომელიც ჯამში წლიურად არის დაახლოებით 4 მილიონ კვადრატულ მეტრამდე, ალბათ შენარჩუნდება,”-აცხადებს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფრო თეიმურაზ ბოლოთაშვილი.




























