მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდმა ბრიტანეთმა Lukoil-ის საერთაშორისო აქტივებზე სანქციები 3 თვით გადადო

დიდი ბრიტანეთის სახაზინო დეპარტამენტი

დიდი ბრიტანეთის სახაზინო დეპარტამენტმა საერთაშორისო ბაზარზე Lukoil-ის ოფიციალურ წარმომადგენლის, Lukoil International GmbH-ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დროებით გადაავადა.

Lukoil-ის წინააღმდეგ ბრიტანული სანქციები 28 ნოემბრის შუაღამისას უნდა ამოქმედებულიყო.

როგორც ბრიტანული მედია წერს, საუბარია 3-თვიან პერიოდზე, რა დროშიც კომპანიას კვლავ შეეძლება ქვეკონტრაქტორებთან თუ ოფიციალურ წარმომადგენლებთან ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება. როგორც ირკვევა, მიზეზი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დადებული სანქციების ფონზე კომპანიამ საკუთარი საერთაშორისო აქტივების გაყიდვა დროულად ვერ მოახერხა. და რადგან კომპანიის საქმიანობას ჯერ სხვა ვერავინ იბარებს, ბაზარზე არასტაბილურობის თავიდან ასარიდებლად ბრიტანული მხარე სანქციების ნაწილს დროებით ავადებს.

გასული თვეების განმავლობაში, რუსულ ნავთობგიგანტ Lukoil-ს სანქციები როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტებმა დაადეს. განსაკუთრებით, ამერიკული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე, კომპანიამ საკუთარი საერთაშორისო აქტივების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ დრომდე ვერ მოახერხა.

Lukoil-ის უცხოური აქტივების, მათ შორის ნავთობსაბადოებში წილების შეძენის სურვილი არაერთმა მსხვილმა მოთამაშემ, მათ შორის ამერიკულმა Chevron-მა და Exxon-მაც გამოთქვეს, თუმცა ჯერჯერობით საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

ცნობისთვის, Lukoil-ის საერთაშორისო წარმომადგენელი კომპანია მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს ინდუსტრიას ფლობს. მათ შორის, ნავთობსაბადოებს ახლო აღმოსავლეთში, ნავთობგადასამუშავებლებს ბულგარეთში, რუმინეთსა და ნიდერლანდებში. ასევე 2,500-ზე მეტ ბენზინგასამართ სადგურს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, აფრიკაში და ცენტრალურ აზიაში. 2024 წლის ბოლოსთვის, Lukoil-ის უცხოურ აქტივებში 1,345 ტრილიონი ბარელის მოცულობის ნავთობი ინახებოდა, დღიურად წარმოება კი 3.9 მილიონ ტონას აღწევდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები