ბოლო 10 დღის განმავლობაში "თბილსერვის ჯგუფმა" ტექნიკური მარილი დაჩქარებულად, გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით, ანუ ტენდერის გარეშე შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა "თბილსერვისმა" შესყიდვების სააგენტოს გუშინ, 29 მარტს მიმართა, შესყიდვა მანამდე აქვს განხორციელებული. დასაბუთებაში ვკითხულობთ, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გათვალისწინებით, ტექნიკური მარილის მარაგები ამოიწურა, შესაბამისად, მათ დამატებით მოცულობების შესყიდვა კონკრეტული კომპანიებისგან მოუწიათ.
როგორც თბილსერვისში განმარტავენ, 2022 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებით, მუნიციპალიტეტისთვის ტექნიკური მარილი შპს “საქსეს ჯგუფს” უნდა მიეწოდებინა, თუმცა თურქეთსა და საქართველოში უხვი ნალექის გამო მარილის მოცულობის მიწოდება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მათი განმარტებით, საჭირო გახდა ტექნიკური მარილის შესყიდვა რამდენიმე სხვა კომპანიისგან, ესენია: შპს “დაფნა”(რომლისგანაც 106,96 ტონა მარილში თბილსერვის ჯგუფმა 29 948 ლარი გადაიხადა) ასევე, შესყიდვა განხორციელდა შპს “მარილისგან” ორ ეტაპად (173 ტონა მარილი 46 364 ლარად და 260 ტონა მარილი 59 800 ლარად)
“თბილსერვისის ჯგუფის” ხელმძღვანელის დავით ფაჩულიას თქმით, ხუთი დღის განმავლობაში დაახლოებით, თბილისსა და მის შემოგარენში 6 000 ტონა მარილი დაიყარა.