ერთ კვირაზე მეტია აჭარაში, გურიასა და იმერეთში დიდთოვლობას ებრძვიან, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის ნაწილი დახმარებას ითხოვს.
დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული არიან მოხალისეები, მაშველები, თავდაცვის ძალები. ელექტროენერგიის შეფერხების აღმოფხვრისთვის "ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
სამთავრობო უწყებების ინფორმაციით, მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები მიეწოდება.
"გრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ცენტრამდე გაწმენდილია გზები, მიმდინარეობს შიდა ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპისთვის დარჩენილია 80 აბონენტი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რომლებსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია და გაგრძელდება ხვალ სამუშაოები, რათა ეს გამოწვევაც აღმოიფხვრას. ასევე აქტიურად გრძელდება საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტები დარიგება, რომლის მარაგიც საკმაოდ დიდია ჩვენს მუნიციპალიტეტში. მოსახლეობის ყველა მოთხოვნა და გამოწვევა, როგორიც იქნება გზების მიმართულებით, ასევე საკვები პროდუქტებით თუ მედიკამენტების მიმართულებით, თავიდან ბოლომდე იქნება ჩვენი მხრიდან დაკმაყოფილებული“, - აცხადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი.
ამის პარალელურად, ვანში და ქობულეთში მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ პროდუქტების მომარაგების პრობლემა აქვთ, რადგან უბნებამდე მისასვლელი გზები კვლავ ჩაკეტილია. გამგეობაში კი ამბობენ, რომ შესაბამისი ტექნიკის არ ქონის გამო, გზების გაწმენდა ვერ მოხდება.