თბილისის მერიამ გამოაცხადა ფასების საერთაშორისო გამოკითხვა დიდუბე-ვაკე-რუსთაველის მეტროს ახალი ხაზის მშენებლობისთვის.
ახალ ხაზს 7 სადგური უნდა ჰქონდეს და ის ერთმანეთს დააკავშირებს, როგორც მეტროს მეორე, ასევე პირველ ხაზს. ახალი ხაზის სიგრძე 8.5 კილომეტრი უნდა იყოს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა გიორგი შარკოვმა რამდენიმე დღის წინ "ბიემჯი"-სთან განაცხადა, რომ ერთი კილომეტრი ორმხრივი ხაზის გაყვანის სავარაუდო ღირებულება 70-80 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, პროექტის შესაძლო სავარაუდო ღირებულება 470-560 მილიონი დოლარის ფარგლებში შეიძლება იყოს. თუმცა სრული ღირებულება სწორედ ამ ფასების გამოკვლევით უნდა დადგინდეს.
პროექტის თანახმად, მესამე ხაზის ცენტრალური ნაწილი იწყება მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან და საბურთალოს, ვაკის გავლით უკავშირდება მეტროსადგურ რუსთაველს.
"მესამე ხაზის დანიშნულება იქნება „სადგურის მოედნის“, როგორც ერთადერთი მეტროპოლიტენის არსებულ ხაზებს შორის გადასაჯდომი სადგურის განტვირთვა და მეტროპოლიტენით დედაქალაქის უფრო მეტი უბნების მომსახურება, რისთვისაც მეტროსადგურებზე: „დიდუბე“, „რუსთაველი“ და „სამედიცინო უნივერსიტეტი“ უნდა მოეწყოს მესამე ხაზზე გადასასვლელი ინფრასტრუქტურა.
მესამე ხაზს მატარებლების შემადგენლობით მოემსახურება ელ. დეპო „ნაძალადევი“, რისთვისაც პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს მესამე ხაზიდან მეორე (,,სადგურის მოედანი 2’’ - ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’) ხაზზე გადასვლის შესაძლებლობა, საიდანაც მოძრავი შემადგენლობა შეძლებს გადასვლას ,,ელ. დეპო ნაძალადევში’’ (,,წერეთელი’’ - ,,ელ. დეპოს’’ დამაკავშირებელი გვირაბის საშუალებით). ასევე საპროექტო მეტროსადგურებზე „დიდუბე 2“ და „რუსთაველი 2“ უნდა მოეწყოს სამანევრო ჩიხები,"- ნათქვამია აღწერაში.
პროექტის თანახმად, ახალი ხაზი შემდეგ სადგურებს გააერთიანებს:
- დიდუბე 2;
- გამოფენა;
- სამედიცინო უნივერსიტეტი 2;
- ცენტრალური პარკი;
- ვაკის პარკი;
- ვაკე;
- რუსთაველი 2.
რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიამ ანალოგიური ფასების გამოკითხვა გამოაცხადა მეტროს პირველი ხაზის 5 კილომეტრით დაგრძელების დაპროექტებისთვის. საუბარია გლდანის და ვარკეთილის მიმართულებებით ახალი სადგურების დამატებაზე.
"ბოლო 3-4 წლის წინანდელი ფასებით, რაც გვქონდა მოძიებული, მიწისქვეშა განლაგების 1 კილომეტრი ხაზის მშენებლობა 60-დან 100 მლნ დოლარამდე ჯდებოდა. აქ ბევრი დეტალია, ლანდშაფტს, განლაგებას, კვეთებს და ა.შ. მნიშვნელობა აქვს, ბევრი ნიუანსია. ჩვენი პროექტის შემთხვევაში ბაზრის კვლევა აჩვენებს. კილომეტრის ფასს სადგურიანად 70-80 მილიონი დოლარის ფარგლებში ვვარაუდობთ, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია", - ამბობს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი.
"პრეტენდენტს 2022-2024 წლებში ჯამურად უნდა ქონდეს არანაკლებ 200 (ორასი) მლნ აშშ დოლარის (შესაბამისი ექვივალენტი სხვა ვალუტაში) შემოსავალი/ბრუნვა.
შემსყიდველი მიმწოდებელს ავანსის სახით გადაუხდის არაუმეტეს 180 (ასოთხმოცი) მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხას, შემდეგ ნაწილებად:
- 2026 წელი: არაუმეტეს 40 (ორმოცი) მლნ აშშ დოლარი
- 2027 წელი: არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) მლნ აშშ დოლარი
- 2028 წელი: არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) მლნ აშშ დოლარი,"- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ფასების გამოკითხვა 2025 წლის 15 მაისს სრულდება.
ახალი ხაზის სქემა: