დიდუბის ავტოსადგურის მფლობელ ნესტორ მიქატაძისთვის პირველი კლასის ავტოსადგურების 10 000 ლარად სერტიფიცირება მისაღებია. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სერტიფიცირების ტარიფებს შეეხებოდა.
რაც შეეხება თავად სერტიფიცირებას, რისი ვალდებულებაც სექტორს მომდევნო წლიდან უჩნდება, ნესტორ მიქატაძე BMG-სთან ამბობს, რომ მზადება მიმდინარეობს და დიდუბის ავტოსადგური მოთხოვნებს შესაბამის ვადებში დააკმაყოფილებს.
“ვალდებული ვართ, რომ გავიაროთ სერტიფიცირება ახალი მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ ვართ პირველი კლასის ავტოსადგური და კანონით დადგენილ ვადაში გავივლით. ეს თანხა ჩვენთვის მისაღებია. ვემზადებით, 90-95% შესრულებული გვაქვს, რასაც პირველი კლასის ავტოსადგურების სერტიფიცირება ითვალისწინებს. დარჩენილსაც შევასრულებთ, მზად ვართ. ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, საბილეთო სალაროებს, წინასწარ ვემზადებით და როცა კანონი იქნება ძალაში, მზად ვიქნებით”, - ამბობს დიდუბის ავტოსადგურის მფლობელი.
კითხვაზე, სერტიფიცირებისთვის მოსამზადებლად საჭირო ხარჯის ფონზე, უნდა ველოდოთ თუ არა მომსახურების საფასურის მატებას, ნესტორ მიქატაძე ამბობს, რომ მიზანი ტარიფების ზრდა არაა და ის უცვლელი დარჩება, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა.
“სააქციო საზოგადოების მოგებიდან გარკვეულ თანხას ვიტოვებთ, რაც ხმარდება კეთილმოწყობას, სერვისის განვითარებას და ა.შ.
როდესაც ამ ე.წ. ხიშნიკებისგან განთავისუფლდებით, შეიძლება გარე კონკურენცია ნაკლები იყოს, მაგრამ ავტოსადგურები არის იმდენად ბევრი, მგზავრთგადამყვანები აიღებენ იმდენი რაოდენობის ლიცენზიას, რომ ჩვენს ინტერესებში საფასურის გაზრდა. მგზავრთგადაყვანის ფასების გაზრდა ჩვენს ინტერესებში არ არის და ამას არც მომავალ პერსპექტივაში ვხედავ. მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით ვამბობ, რომ საწვავის ფასების მკვეთრად გაზრდის ან რაიმე მოულოდნელი ხარჯების გაწევის შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ უმნიშვნელოდ გაიზარდოს. ახლა სტაბილურადაა, დიდი ხანია ჩვენთან ფასები არ შეცვლილა”, - თქვა ნესტორ მიქატაძემ.
2025 წლიდან ავტოსადგურებსა და მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. ავტოსადგურს სერტიფიკატის მიღების და კონკრეტული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება მომავალი წლის 1-ელი ივნისიდან ექნებათ.
უკვე ცნობილია სერტიფიცირების ტარიფებიც: პირველი კლასის ავტოსადგურის – 10 000 ლარი; მე-2 კლასის ავტოსადგურის – 5 000 ლარი; მე-3 კლასის ავტოსადგურის – 1 000 ლარი.
აღსანიშნავია, რომ სერტიფიკატს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, 5 წლის ვადით გასცემს.