მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდუბის გამგებელი ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა

ვლადიმერ ძნელაძე

დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე ენერგეტიკის განვითარების ფონდს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო დიდუბის რაიონის აწ უკვე ყოფილ გამგებელს ვლადიმერ ძნელაძეს, რომელიც საქმიანობას ახალ თანამდებობაზე განაგრძობს - იგი ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისად, გამგებლის თანამდებობა დატოვა. ლადოს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის მიმართულებითაც. იგი 2021 წლიდან იყო დიდუბის რაიონის გამგებელი. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს ერთად განხორციელებული. მინდა, მადლობა ვუთხრა მას გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის და წარმატება ვუსურვო ახალ თანამდებობაზე. შორს არ მიდის. მართლაც მნიშვნელოვანი პროექტებია ენერგეტიკის მიმართულებით გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს სერიოზული რესურსები, რომელსაც სჭირდება სწორი, რაციონალური გამოყენება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, რათა საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით არ იყოს ვინმეზე ან რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ვლადიმერ ძნელაძე 2002-200 წლებში "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია" (ენერგოპროს) გენერალური დირექტორის მოადგილე იყო საერთო საკითხებში, 2003-2007 წლებში საერთო საკითხების დირექციის მომარაგების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2003-2012 წლებში კი ს.ს "თელასის" დირექტორი. ხოლო 2005/2012 წლებში შპს "მტკვარი -ენერგეტიკას" მომარაგების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ასევე, 2007-2012 წლებში - ლოგისტიკის და სამეურნეო უზრუნველყოფის დირექტორი. 2009-2012წლებში კი ს.ს. "ხრამი ჰესი 2"-ის მატერიალურ-ტექნიკური ჯგუფის უფროსი მენეჯერის პოსტზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება პოლიტიკურ კარიერას, 2014 წლიდან ის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება-მრეწველები" თავმჯდომარე იყო, ამ დრომდე კი - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.

ცნობისთვის, ვლადიმერ ძნელაძე ჯაბა ხმალაძეს ჩაანაცვლებს. როგორც bm.ge-ის ენერგეტიკის განვითარების ფონდში განუცხადეს, ხმალაძე თანამდებობიდან 7 აპრილს გადადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები