ირაკლი კობახიძე რუსეთის მხრიდან 7 ქართული კომპანიის ღვინის იმპორტის აკრძალვას დიფ სთეითის შესაძლო გავლენებს უკავშირებს.
"ვისი ხელი ურევია ამ ყველაფერში, დიფ სთეითის ხელი ურევია თუ არის უბრალოდ გაუგებრობა, ეს ძალიან მალე გაირკვევა",- მან ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
კობახიძე რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს ამ ყველაფრით დაინტერესებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. პრემიერი ამბობს, რომ რუსეთში საშუალო რგოლი შეიძლება დიფ სთეითის გავლენის ქვეშ იყოს.
"ჩვენ მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმას, რომ იქ არის ბიუროკრატია, რომელიც არის გარედან მოსყიდული ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ და ასეთ პირობებში ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს. მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვის პირობებში შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს. კიდევ ერთი რამ, რაც ახასიათებს არის სრულიად უარგუმენტოდ საუბარი და ქმედებების ყოველგვარი არგუმენტების გარეშე განხორციელება, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ, ამას მიჩვეულები ვართ ჩვენ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან. და შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითი იყო ასევე საქართველო სააკაშვილის პირობებში - სააკაშვილის დროსაც გვახსოვს რა ხდებოდა, მოსყიდული იყო ჩვენი ე.წ. ხელისუფლება და ამ მოსყიდვის გამო ისინი პირდაპირ დგამდნენ ნაბიჯებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, არგუმენტები მაშინაც არსად იყო. ამ შემთხვევაში, ვხედავთ იმავე ტენდენციას, სამწუხაროდ, ამ მოლაპარაკებებში. აქაც ძალიან მარტივია, „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი გავლენები და შეიძლება მარტივად, საშუალო რგოლი აქაც იყოს მოსყიდული, ხელწერა არის ზუსტად იგივე, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, სრულიად აუხსნელია და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გვესაუბრებიან, ფაქტების გარეშე გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს იმას, რომ ხელწერა არის იგივე. მე გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტუირად რეალური შეიძლება იყოს. მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ამოიწურება,“- აღნიშნა პრემიერმა
კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია და ეს არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას.
"დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. პოლიტიკა იცვლება, მაგრამ ხალხი რჩება ხალხად. ანტარქიტიდაც რომ დადნეს, ჩვენ დავრჩებით მეზობლებად. აქედან გამომდინარე, დიალოგი არის მუდმივად საჭირო, დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ. ამაზე საუბრობდა ზუსტად სპეცწარმომადგენელი, თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა დიფსთეითი, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის და ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აბსურდულია საბაბი, რომლითაც რუსეთმა ღვინის 7 კომპანია შეიყვანა სანქციების სიაში - ირაკლი კობახიძე
























