“იძულებული იქნება ფასი დააკლოს და მოგება შეიმციროს”-ასოციაცია რეესპორტის გადასახადის ზრდაზე შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები ძვირდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კანონმდებლები მომსახურების ზოგ შემთხვევაში სერვისის ღირებულების გასამმაგებას მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საჭიროებით ხსნიან.
ავტოდილერების განმარტებით რეექსპორტის სერვისის საფასურს აქამდე კლიენტებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იხდიდნენ. ავტოდილერი ლევან ხუციშვილი გვიხსნის, რომ არსებული გადასახადიც კი პრობლემური იყო უცხოელი კლიენტებისთვის და ხშირად ფასის დაკლებას ითხოვდნენ.
“დღეს რეექსპორტი დაახლოებით 200 ლარი ღირს, როცა მოდიან უცხოელები, ამ თანხაზე წუწუნებენ და ამბობენ, რომ გადასახადის გამო უნდა დავუკლოთ თანხა. ჩემი აზრით, ცუდად აისახება ეს ჩვენზე იმიტომ რომ ეს ისევ ჩვენ დაგვაწვება, იმათი გადასახადი კი იქნება, მაგრამ ჩვენ მოგვთხოვენ თანხის დაკლებას.”-ამბობს ავტოდილერი ლევან ხუციშვილი.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ დილერებს ისედაც შემცირებული მოთხოვნის პირობებში ფასის შემცირება მოუწევთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილის რეალზიაცია გართულდება.
“ვამბობთ რომ ქვეყანაში ინფლაცია არ არის, მაშინ მომსახურების სააგენტო რატომ ზრდის გადასახადებს? თუ რეექსპორტის გადასახადს გავაძვირებთ, უნდა გვესმოდეს რომ როდესაც მყიდველს ხარჯები ეზრდება ნაწილობრივ ეს ხარჯები აისახება გამყიდველზე იმ კუთხით რომ ის სთხოვს, რომ ფასი დააკლოს. მასაც ეზრდება ხარჯები და უჩნდება სურვილი, რომ უფრო ნაკლებად შეიძინოს ავტომობილი.
თუ დეფიციტია და მოთხოვნა დიდი ბუნებრივია, მომხმარებელი ამ თანხას გადაიხდის, მაგრამ იმ პირობებში, როცა ჭარბი მიწოდება გვაქვს და ვამბობთ, რომ პროფიციტური ბაზარია, დიდი ალბათობით ამ გადასახადის გადახდა მოუწევს ავტოიმპორტიორს. იძულებული იქნება ფასი დააკლოს და მოგება შეიმციროს.”-ამბობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ნონიაძე.