ავტოიმპორტთა ასოციაციის განცხადებით, მომსახურების სააგენტოს მიერ სერვისების გაძვირების გამო, ქართველ დილერებს შესაძლოა 100-200-დოლარიან ფასდათმობაზე წასვლა მოუწიოთ. ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსი ნონიაძემ bm.ge-სთან საუბარში განაცხადა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ რეგულირებადი რიგი მომსახურებების საფასური მნიშვნელოვნად იზრდება. ცვლილებები შეეხება როგორც საქართველოში ტრანზიტულად გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გარე ტრანზიტული ნომრის გაცემას, ისე იმ უცხოელებისთვის სერვისებს, რომლებიც საქართველოში შეძენილ ავტომობილებს ექსპორტზე ან რეექსპორტზე გააქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა 640% ტრანზიტული ნომრების გაცემას შეეხო. ტრანზიტული ნომრის გაცემის საფასური 370 ლარი იქნება, მოქმედი 50 ლარის ნაცვლად.
“ეს კანონპროექტი მოიცავს ორ ნაწილს. ტრანზიტული ნომრები ეხება მხოლოდ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებსაც ტრანზიტით გაჰყავთ ავტომობილი. ამ ნომრების ღირებულება იზრდება. ჩვენ თავის დროზე ამ საკითხს ვაყენებდით შემოსავლების სამსახურთან და გვინდოდა, რომ ტრანზიტის გადასახადის გაზრდით, არარენტაბელური გაგვეხადა ავტომობილების პირდაპირი გაყვანა და ბაზარზე უცხოელი დილერები რუსთავის ბაზრობაზე შემოგვეყვანა. ახლა რასაც ვატყობთ, რა თანხითაც იზრდება, ამ პრობლემას ვერ აგვარებს, მაგრამ ერთი პლუსი ის არის, რომ ბიუჯეტში გადასახადები გაიზრდება და თავისთავად ეს ცუდი არ არის.
მეორე ნაწილი ეხება რეექსპორტს. ამას ჰქვია გადასახადის გადამისამართება, მაშინ როდესაც დიდი რაოდენობით არის მიწოდება და მცირე რაოდენობით არის მოთხოვნა და მომხმარებელს უძვირებ სერვისებს, მომხმარებელი ვერ ეუბნება სახელმწიფოს და ვერ ევაჭრება, რომ სერვისების საფასური დააკლებინოს, სამაგიეროდ ეუბნება გამყიდველს, რომ შენი ავტომობილი რომ წავიყვანო, მაგ შემთხვევაში ფასდათმობა უნდა გამიკეთო. ამ შემთხვევაში სადღაც 100-200 დოლარიანი ფასდათმობის გაკეთება მოუწევთ ადგილობრივ დილერებს.” - ამბობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსი ნონიაძე.




























