მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დროა, ვაღიაროთ შეცდომები და პრობლემებს თვალი გავუსწოროთ" - რას ითხოვს ავტოინდუსტრია სახელმწიფოსგან?

ალექსანდრე ნონიაძე

“თითქმის $1 მილიარდის ზარალი მიიღო ავტოინდუსტრიის დარგმა” - ასე შეაფასა სექტორში არსებული მდგომარეობა

„საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის“ შეფასებით, 2026 წლის 9 თვეში, ავტომობილების რეექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზი 1-ელი აპრილიდან გაზრდილი განბაჟების საფასურია.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა და იქვე დასძინა, რომ მთლიანობაში, “თითქმის $1 მილიარდის ზარალი მიიღო ავტოინდუსტრიის დარგმა”.

საქსტატის თანახმად, 9 თვეში საქართველოდან 1.5 მილიარდი დოლარს ღირებულების ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, რაც 475 მილიონიიან (24%-იან) კლებას ნიშნავს. საანგარიშო პერიოდში შემცირებულია ავტომობილების იმპორტიც - 3 მლრდ დოლარიდან 2.6 მილიარდ დოლარამდე - კლება 13%-ია.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად გადახედოს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს (აქციზის განაკვეთის გაზრდას), რადგან ავტოინდუსტრიის სექტორში კრიზისის ნიშნები აშკარაა.

“შექმნილ ვითარებაში უმოქმედობა დარგის კოლაფსს გამოიწვევს”, - თქვა მან და იქვე დასძინა, რომ დროა, სახელმწიფომ და ბიზნესმა ილუზიები გვერდზე გადადონ და კონკრეტული ნაბიჯები გადადგან.

ალექსანდრე ნონიაძის აზრით, პირველი და უმთავრესი ნაბიჯი, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას, შექმნილი რეალობისთვის თვალის გასწორება და დაშვებული შეცდომების აღიარებაა.

„პირველი, რაც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ - დროა ალბათ, დავფიქრდეთ და ვისწავლოთ, რომ რეალობას თვალი კი არ უნდა ავარიდოთ, არამედ - თვალი გავუსწოროთ… გადავდოთ ყოველგვარი პატივმოყვარეობა და ვაღიაროთ, რომ [განბაჟების საფასუდრის გაზრდა] იყო დაშვებული შეცდომა და სჯობს,გამოსწორდეს”, - აღნიშნა ალექსანდრე ნონიაძემ.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოდან ავტომობილების (ყირგიზეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი) რეექსპორტი მკვეთრად მცირდება, ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი თვლის, რომ მთავრობამ, მათ შორის საგარეო უწყებამ აქტიურად უნდა დაიწყოს მუშაობა ქართული ავტოპროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოსაძიებლად - ისევე, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ.

„მაგალითად, ჩინეთისა თუ კორეის საელჩოები ძალიან აქტიურად მუშაობენ იმ თემაზე, რომ გასაღების ბაზრები მოიძიონ თავისი პროდუქციისთვის. ყველა საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო უცხო ქვეყანაში ამას ცდილობს - ეს დავალება აქვთ. ალბათ კარგი იქნება, თუ სახელმწიფოც დაფიქრდება, რა გვაქვს და რა პერსპექტივა გვაქვს რეექსპორტის ბაზრებთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ალექსანდრე ნონიაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები