„საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ალექსანდრე ნონიაძის განცხადებით, ავტოინდუსტრიის სფეროში შემცირებული ვაჭრობა მხოლოდ ავტოიმპორტიორ თუ ლოგისტიკურ კომპანიებს არ შეხებია.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც 9 თვეში ავტომობილების ექსპორტის და იმპორტის შემცირების მიზეზები გააანალიზა.
მისი თქმით, ვინაიდან ქართული საავტომობილო ბაზარი თავისუფალია, მასში ათასობით რიგითი მოქალაქე, თვითდასაქმებული და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთათვისაც ავტომობილებით ვაჭრობა ოჯახის დამატებითი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.
“ავტოსექტორში შექმნილი გაურკვევლობითა და ფინანსური ზარალით საზოგადოების ძალიან ფართო ფენა დაზარალდა. ამ სფეროში დასაქმებულია არა მარტო თვითდასაქმებული კატეგორია, არამედ საჯარო მოხელეებიც. გზაში პატრულის თანამშრომლები მაჩერებენ და მეკითხებიან - რამე ხომ არ შეიცვლება?! მაშველები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები,. პროკურატურის თანამშრომლებიც ჩართულები არიან ავტომობილების ჩამოყვანა-რეალიზაციის ბიზნესში… ნახევრად სერიოზულად, ნახევრად ხუმრობით ვიტყვი - ამას წინათ სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმთან ვიყავი კონსულტაციაზე. კაბინეტში რომ შევედი, ყურადღებაც არ მიუქცევია, კომპიუტერის ეკრანზე აუქციონის ფასებს ათვალიერებდა - ისიც კი დილერი აღმოჩნდა”, - თქვა ალექსანდრე ნონიაძემ.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა “წერტილთან” ინტერვიუში არაერთხელ აღნიშნა, რომ პროფესიონალი დილერების გარდა, რომლებიც წლებია ამ ბიზნესში არიან და სახელმწიფოსგან არაფერს ითხოვენ, ავტომობილებით ვაჭრობა მოქალაქეებისთვის მცირე დანაზოგების ინვესტირების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა.
“თუ რაიმე მცირე დანაზოგი ჰქონდა ადამიანს და სურდა, ინვესტირება განეხორციელებინა შემოსავლის მისაღებად, ერთადერთი წყარო სწორედ ავტომობილებით ვაჭრობა იყო. დღეს ამ ადამიანების შემოსავლებს ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა,“ - აღნიშნავ ალექსანდრე ნონიაძემ და საკუთარი შეფასების გასამყარებლად სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია მოიშველია:
საქსტატის მონაცემები - “ავტომობილების განბაჟების გაძვირებიდან (2026 წლის 1 აპრილი) 6 თვის მანძილზე სექტორის ჯამურმა დანაკარგმა (იმპორტისა და ექსპორტის კლების გათვალისწინებით) თითქმის 1 მილიარდი დოლარი შეადგინა”
ლოგისტიკური კომპანიები - “მსხვილ ლოგისტიკურ ოპერატორებს ვაჭრობა - 20%-ით, ხოლო მცირე და საშუალო კომპანიებს 60-70%-ით შეუმცირდათ”.
დილერების მდგომარეობა - “დილერების 60-70% ვტომობილების ვაჭრობით საქმიანობისგან თავის შეკავების რეჟიმშია. თითოეულ ავტომობილზე კაპიტალდაბანდება 10 000-დან 15 000 დოლარამდე გაიზარდა, ლოგისტიკური შეფერხებების გამო გაიზარდა ჩამოყვანისა და კაპიტალის ამოღების ვადები (3-4 თვის ნაცვლად 5-7 თვე), ხოლო მოგების მარჟა განახევრდა, რამაც ბევრი სუბიექტის ბაზრიდან გასვლა გამოიწვია”.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად გადახედოს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს (აქციზის განაკვეთის გაზრდას).
ცნობისთვის: საქსტატის თანახმად, 2026 წლის 9 თვეში საქართველომ ავტომობილების რეექსპორტით 1.5 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც 475 მილიონიიან (24%-იან) კლებას ნიშნავს. საანგარიშო პერიოდში შემცირებულია ავტომობილების იმპორტიც - 3 მლრდ დოლარიდან 2.6 მილიარდ დოლარამდე - კლება 13%-ია.
























