მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი ხუნდაძე: კლინიკების დავალიანების უდიდესი ნაწილი ანაზღაურებულია

5e217ed3c1035
BM.GE
17.01.20 13:28
1253
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე ლევან კობერიძის მიერ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დღეს იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ხვდება 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით.

„თუმცა მხოლოდ ეს შეხვედრა არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმის ნაწილი. ჩვენ გასული წლის ბოლოს პრემიერმინისტრთან და შესაბამისი უწყებების მინისტრებთან, მათ შორის, ეკა ტიკარაძესთან ერთად შევხვდით კლინიკის ხელმძღვანელებს. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პრობლემური საკითხები, მაგრამ ეს გასული წლის ბოლოს დალაგდა. უდიდესი ნაწილი კლინიკებისა არის ანაზღაურებული“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი ინფორმაციით, 520- ე დადგენილებასთან დაკავშირებით შექმნილია დარგობრივი, თემატური ჯგუფები, სადაც დარგის სპეციალისტები მუშაობენ კონკრეტული ნოზოლოგიებისა და განფასების წესის დასადგენად და დასათვლელად. მისივე თქმით, მანამდე არსებული დისკომუნიკაცია არის აბსოლუტურად აღმოფხვრილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სრულად არის ჩართული ამ პროცესში.

„მთავარია ყველას გვქონდეს სურვილი იმისა, რომ სისტემა სწორად იმართებოდეს, რადგან ყველაზე მეტ შემხებლობაში მოსახლეობასთან, გეთანხმებით, სწორედ ჯანდაცვის სექტორი არის. ამიტომ თქვენი დახმარებაც და თქვენი რესურსიც, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება გამოვიყენოთ პოზიტიურად. ჩაერთეთ, ვიმუშაოთ ერთად, პრობლემები, ხარვეზები აღმოვფხვრათ და სისტემა გავმართოთ იმაზე უკეთ, ვიდრე იყო აქამდე“, - მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ ლევან კობერიძეს.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანება აქვს, რომლის ზუსტი მოცულობაც უცნობია. კლინიკების ნაწილი გასული წლის ბოლოს აცხადებდა, რომ მათ ხელფასების გაცემის პრობლემები შეექმნათ. რაც შეეხება მთავრობის 520-ე დადგენილებას, ეს არის დოკუმენტი, რომელმაც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გაათანაბრა. ახალ ფასებს კლინიკების ნაწილი არ ეთანხმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები