მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველომ დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი ევროპაზეა

63e223e1ef3d4
BM.GE
07.02.23 14:10
671
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოს დადებითად შეფასება ერთდროულად საამაყოც არის და გულდასაწყვეტიც.

„საამაყოა იმით, რომ ამდენი ხელის შეშლის, ბრალდებებისა და თავდასხმების შემდეგ არავის დავუტოვეთ შანსი, რომ საქართველოს ლიდერობა ვინმეს არ ეღიარებინა. ხომ დარწმუნდა ყველა, რომ არც ქუჩაში შეკრება ყოფილა საჭირო დამატებითი კითხვისათვის, გვინდა თუ არა ევროპა? და არც თურმე ხალხი და ხელისუფლება ყოფილა ერთმანეთისაგან დაშორებული. თურმე ხელისუფლებასაც იგივე სდომებია და უშრომია, როგორც ეს ხალხს სურდა“, - განაცხადა მან პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

მისი შეფასებით, საზოგადოებამ გააანალიზა ეს და რევოლუციურ ძალად არ გადაიქცა და არ გახდა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის საბაბი.

„საქართველომ თავისი დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი ევროპაზეა და ვიტოვებ იმედს, რომ მისი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილებაც შეცდომის გარეშე იქნება.

დღეს საქართველოს ისევე სჭირდება ჭეშმარიტი ღირებულებების ევროპა, როგორც ევროპას აღმოსავლეთის პოლიტიკური კარიბჭე - საქართველო.

რა მოლოდინი გვაქვს, იქნება თუ არა სუბიექტური მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიღებული გადაწყვეტილება? ეს იქნება ის კითხვა, რითაც ევროკავშირი ან დაასაბუთებს სამართლიანობისადმი პატივისცემასა და ერთგულებას, ან დარჩება სხვისი დაკვეთების შემსრულებელი და კიდევ ერთხელ გაინადგურებს ისედაც დაზიანებულ იმიჯს“, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, საქართველო მიიღებს თუ არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტატუსს, ის არ შეწყვეტს სვლას იმ ღირებულებებისკენ, რაც არა მხოლოდ დასავლეთის მონაპოვარია ჩვენში, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილია.

„ქართველ ხალხი გაუძლებს ამ რყევას და აუცილებლად გაიყვანს ქვეყანას მშვიდობიანი განვითარების გზაზე. საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნორმალური სახელმწიფოსათვის, საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებია უპირატესი და ის არასოდეს არაფერში არ გაიცვლება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები