მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დინამიკური საინვესტიციო პორტფელის რეალური ამონაგები ყველაზე მაღალია, რაც მოსალოდნელი იყო - მელიქიძე

გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ წელში საპენსიო ფონდის ჯამური რეალური ამონაგები 12%-ის ფარგლებშია.

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის შეფასებით, ეს კარგი შედეგია. როგორც გოგა მელიქიძემ BMG-ის განუცხადა, წლიურ ჭრილში ყველაზე მაღალი ამონაგები დინამიკურ ანუ მაღალრისკიან პორტფელს ჰქონდა, რაც მოსალოდნელიც იყო.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური ბაზრები კარგ ზრდას აჩვენებს, წლიურად დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა, ანუ სარგებელმა ინფლაციის გათვალისწინებით, 14%-ს გადააჭარბა.

„ბოლო ერთ წელში დინამიკური ანუ მაღალრისკიანი პორტფელის ნომინალური ამონაგები 16%-ის ფარგლებში იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი რეალური ამონაგები 14%-ია. კონსერვატიული ანუ დაბალრისკიანი პორტფელის ამონაგები კი 10%-ის ფარგლებშია. თავიდანვე მოლოდინი იყო, რომ დინამიკური პორტფელი უფრო მეტ მოგებას მოიტანდა, რადგან მასში აქციების წილი უფრო მაღალია, რასაც მაღალი მოგება აქვს. შესაბამისად, გასულ წლის განმავლობაში აქციების ბაზარზე დაფიქსირებული კარგი ტენდენცია ყველაზე ნაკლებად კონსერვატიულ, ხოლო ყველაზე მეტად დინამიკურ პორტფელზე აისახა.

თუ შევხედავთ სამივე პორტფელის დინამიკას, ვნახავთ, რომ ჯამურად სამივე პორტფელის ზრდა ბოლო 12 თვის განმავლობაში 13.5%-ის ფარგლებში იყო, ინფლაციაზე რომ დავაკორექტიროთ, გამოდის რომ რეალური ამონაგები 12%-ის ფარგლებშია.

ცნობისთვის, მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების მოცულობამ 5.5 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო მთლიანი საინვესტიციო ამონაგები 1.23 მლრდ ლარზე მეტია.

სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელების მართვის უფლება საპენსიო სააგენტოს გასული წლის აგვისტოში გაუჩნდა. ამჟამად დანაზოგების დიდი ნაწილი კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან პორტფელშია განთავსებული, რომლის ზომაც 5,44 მლრდ ლარია. დაბალანსებულის ანუ საშუალორისკიანი პორტფელის ზომა 30.3 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო დინამიკური ანუ მაღალრისკიანის - 27.9 მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები