საქართველოს მთავრობა საპენსიო დანაზოგების საინვესტიციო პორტფელებს სახელებს უცვლის. შესაბამისი ცვლილება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მეორე მოსმენით მიმდინარე კვირის დასაწყისში მიიღო.
როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, „მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელს“ დაერქმევა „დინამიური საინვესტიციო პორტფელი“, საშუალორისკიანს - „დაბალანსებული,“ ხოლო ნაკლებადრისკიანს კი - „კონსერვატიული საინვესტიციო პორტფელი“.
„საპენსიო აქტივების ინვესტირება, შესაძლოა, განხორციელდეს შემდეგ სამ განსხვავებული რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში:.
ა) კონსერვატიული (ნაკლებად რისკიანი) საინვესტიციო პორტფელი;
ბ) დაბალანსებული (საშუალო რისკიანი) საინვესტიციო პორტფელი;
გ) დინამიური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი“, - ვკითხულობთ საკანონმდებლო ინიციატივაში, რომლის ავტორი საქართველოს მთავრობაა.
საპენსიო დანაზოგების საინვესტიციო პორტფელებს რომ სახელები შეეცვლებოდა, ეს BMG-სთან ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმაც დააანონსა. „ტერმინოლოგია დაიხვეწება, რადგან მას მოსახლეობა ხანდახან შეჰყავს შეცდომაში“, - თქვა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, თუ 7 სექტემბრამდე საპენსიო სქემის მონაწილეები არჩევანს თავად არ გააკეთებენ, 2028 წლამდე მათი დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელში ინვესტირდება და ბენეფიციარს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლება, დანაზოგი საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადაიტანოს.
რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი და თავისი საპენსიო აქტივი შესაბამის საინვესტიციო პორტფელში გადაიტანა, მათთვის არაფერი შეიცვლება ანუ დანაზოგები არჩეულ პორტფელებში შეუნარჩუნდებათ.
კიდევ ერთი საკითხი - ვინაიდან „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში“ ცვლილებები ჯერ პარლამენტს არ დაუმტკიცებია, ძალაშია მოქმედი კანონი, რომელიც ამბობს, რომ მოქალაქეები, რომელთა ასაკი საპენსიო სქემაში გაწევრებისთვის იყო 40 წლამდე და არ გააკეთებენ არჩევანს 6 სექტემბრის ანუ დღეის ჩათვლით, დარჩებიან მაღალრისკიან პორტფელში, მაგრამ როგორც კი კანონში ცვლილებებს სამივე მოსმენით მიიღებს პარლამენტი, მოქალაქეების დანაზოგი დაბალრისკიან ანუ კონსერვატიულ პორტფელში დაბრუნდება.
"დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილებების ავტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო. კანონპროექტის ინიციატორი კი, საქართველოს მთავრობაა.