მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განახლდა - სრული ტექსტი

საპენსიო სააგენტო

2023 წლის 7 აგვისტოდან საპენსიო სისტემის მონაწილეთა დანაზოგების პორტფელების მიხედვით დიფერენცირება მოხდება. თუკი ამ დრომდე ყველას დანაზოგი დაბალ რისკიან პორტფელში იყო ინვესტირებული, 7 აგვისტოდან მოქალაქეთა დანაზოგები დაბალ, საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებზე გადანაწილდება. ამასთან 40 წლამდე პირების დანაზოგები ავტომატურად მაღალრისკიან პორტფელზე განთავსდება, 40-50 წლის პირების დანაზოგები საშუალო რისკიან პორტფელში განთავსდება, ხოლო 50+ წლის მოქალაქეთა დანაზოგები დაბალ რისკიან პორტფელში დარჩება. ამასთან, მოქალაქეებს საკუთარი გადაწყვეტილებით პორტფელის შეცვლის შესაძლებლობა მიეცემათ. ამჟამად საპენსიო ფონდის ზომა 3.75 მილიარდ ლარს შეადგენს და მასში 1.3 მილიონი მოქალაქის დანაზოგი ინახება. 

ამ აქტივების ინვესტირების პროცესი და დანაზოგების პორტფელების ჩარჩოები განსაზღვრულია როგორც დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით, ასევე საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით, რომლის შემუშავებაზეც პასუხისმგებელია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო. სწორედ ამ დოკუმენტში არის გაწერილი ინვესტირების პროცესის ძირითადი პარამეტრები. კანონის მიხედვით, საინვესტიციო საბჭომ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადასინჯოს და განაახლოს. 

განახლებულ დოკუმენტში საუბარია უფლება-მოვალეობებზე, რომლებიც საპენსიო სააგენტოს მთავარ საინვესტიციო ოფიცერს, ასევე საინვესტიციო რისკის უფროსმა ოფიცერმა და საინვესტიციო საბჭომ უნდა შეასრულონ მოქალაქეთა დანაზოგების ინვესტირების პროცესში. 

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი

მიზანი

1. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მიერ  დადგენილ საპენსიო აქტივების მართვისა და ინვესტირების ჩარჩოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

2. საინვესტიციო საბჭო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს შეიმუშავებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საინვესტიციო მანდატის შესაბამისად. ამგვარად, პოლიტიკის ეს დოკუმენტი განხილულ უნდა იქნეს შესაბამის კანონმდებლობასთან და საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ აქტებთან ან მათ შემცვლელ სამართლებრივ აქტებთან ერთობლიობაში. 

3. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი გადაისინჯება  მინიმუმ წელიწადში ერთხელ და საჭიროების შემთხვევაში განახლდება საქართველოს კაპიტალის ბაზრებზე განვითარებული მოვლენებისა და საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სიმწიფის შესაბამისად.

ტერმინთა განმარტებები

4. აფილირებული პირი  ნებისმიერი პირისათვის:  

ა. წილობრივი მონაწილეობის 10 პროცენტზე მეტის ხმის უფლების მფლობელი ან წილობრივი მონაწილეობის 10 პროცენტზე ნაკლების მფლობელი, რომელსაც ამ პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია;

ბ. ნებისმიერი სხვა იურიდიული პირი, რომლის ხმის უფლების მქონე წილის 25 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი ამავე დროს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ პირის ხმის უფლების მქონე წილის 25 პროცენტზე მეტს;

გ. საინვესტიციო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიმღები პირი ან სამეთვალყურეო საბჭოს ნებისმიერი წევრი.

5. აქტივების მმართველი კომპანია – აქტივების მართვის მიზნით ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული და ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საპენსიო აქტივების მართვას აქტივების მართვის ხელშეკრულების საფუძველზე, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აქტივების მართვის მიზნით ან/და საინვესტიციო რჩევების გაცემის მიზნით შექმნილი ან დაფუძნებული პირი, რომლის წევრი სახელმწიფო არის საქართველო და რომელიც ცალკეული ქვეყნების შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებას არ  ექვემდებარება.

6. ბენჩმარკ პორტფელი – აქტივების განთავსების სტრატეგიის პროცესის შედეგად შექმნილი პორტფელი, რომელიც:

ა) წარმოადგენს საინვესტიციო საბჭოს აქტივების განაწილების გრძელვადიან სტრატეგიას, რისკის აპეტიტის, საინვესტიციო მიზნებისა და საინვესტიციო ჰორიზონტის გათვალისწინებით და რომელიც შეიძლება შეიცვალოს აღნიშნულ პარამეტრებთან ერთად და

ბ)  გამოიყენება ფაქტობრივი საინვესტიციო პორტფელისა და საინვესტიციო სამსახურის მიერ განხორციელებული შესაბამისი ნამატი ღირებულების მომტანი საქმიანობის ეფექტიანობისა და რისკების შეფასებისათვის.

7. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი – კანონით განსაზღვრული უფროსი საინვესტიციო ოფიცერი;

8. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი – საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრული საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი;

9. საინვესტიციო სამსახური – კანონით განსაზღვრული საინვესტიციო სამსახური;  

10. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი –საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით მონაწილეების მიმართ პასუხისმგებელი პირი, რომელიც  კანონის შესაბამისად:

ა. ახორციელებს საპენსიო აქტივების მართვის პროცესში ნებისმიერ უფლებამოსილებას ან კონტროლს, გარდა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების მიზნებისთვის კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ. საპენსიო სააგენტოს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აძლევს საინვესტიციო რჩევას;

გ. აღრიცხავს გარიგებებს და ამუშავებს ამ გარიგებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, აწარმოებს ან/და ინახავს მონაწილეთა შესახებ ჩანაწერებს.

11. საინვესტიციო საბჭო  – საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო, რომელიც შეიმუშავებს საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ საინვესტიციო პოლიტიკას და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

12. საინვესტიციო პორტფელი – ფაქტობრივი საინვესტიციო პორტფელი, საინვესტიციო ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელშიც ინსტრუმენტების კომპოზიცია დამოკიდებულია საინვესტიციო პერიოდზე, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ საინვესტიციო მიზნებსა და  რისკის მიმართ ტოლერანტობაზე.

13. საინვესტიციო ჰორიზონტი – დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც აქტივების განთავსების სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული რისკის მიმართ ტოლერანტობისა და სასურველი საინვესტიციო შემოსავლის გათვალისწინებით საპენსიო სააგენტო ან/და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) გეგმავს (გეგმავენ) ინვესტიციის განთავსებას კონკრეტული კლასის აქტივებში ან საინვესტიციო პორტფელში განთავსებას.

14. მონაწილე – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საპენსიო შენატანს ან/და რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება საპენსიო შენატანი საპენსიო სააგენტოს დაგროვებით საპენსიო სქემაში.

15. საპენსიო აქტივები – ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული ყველა აქტივის ერთობლიობა.

16. კანონი – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

17. პოლიტიკა – საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, როგორც განსაზღვრულია კანონით.

18. პორტფელის ფორმირება – ქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანია საინვესტიციო პორტფელის განაწილების ბენჩმარკ პორტფელიდან სასურველ გადახრებთან მიახლოება გადახრის დაშვებულ ფარგლებში.

19. რისკის აპეტიტი – რისკის აგრეგირებული დონე და რისკის ტიპები, რომელთა აღებაც სურს საპენსიო სააგენტოს იმისათვის, რომ მიაღწიოს დასახულ სტრატეგიულ და საინვესტიციო მიზნებს.

20. რისკის ლიმიტები – მომავალზე ორიენტირებულ დაშვებებზე დაფუძნებული რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომლებიც საპენსიო სააგენტოს აგრეგირებულ რისკის აპეტიტს უსადაგებენ საინვესტიციო და საოპერაციო საქმიანობებს, შესაბამის შემთხვევებში – იურიდიულ პირებს, რისკის კონკრეტულ კატეგორიებს (მათ შორის აქტიურ რისკის ბიუჯეტს), კონცენტრაციებსა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ელემენტებს.

21. აქტიური რისკის ბიუჯეტი – საინვესტიციო პორტფელის მაქსიმალური დასაშვები გადახრა ბენჩმარკ პორტფელიდან, რომელიც იზომება ბენჩმარკ პორტფელისა და საინვესტიციო პორტფელის მოსალოდნელი ამონაგების სხვაობის წლიური სტანდარტული გადახრით.

22. აქტივების განთავსების სტრატეგია – საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც მოიცავს საინვესტიციო პორტფელში სხვადასხვა კლასის აქტივების განთავსების იმ მიზნობრივ მაჩვენებლებს, მაჩვენებლების განსაზღვრის საფუძველს და მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დაშვებულ ნორმებს, რომლებიც დამოკიდებულია საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) რისკის მიმართ ტოლერანტობაზე, საინვესტიციო პერიოდსა და საინვესტიციო მიზნებზე და რომლებიც დროთა განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს აღნიშნული პარამეტრების ცვლილების შესაბამისად.

23. სპეციალიზებული დეპოზიტარი – ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული და ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი ან ამ პირის ფილიალი, რომელიც  საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

24. სამეთვალყურეო საბჭო – საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისგან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისაგან და რომლის თითოეული წევრი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობას იკავებს საკუთარი თანამდებობიდან გამომდინარე.  

საინვესტიციო მანდატი

25. კანონი და ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტები განსაზღვრავს საინვესტიციო მანდატს და საინვესტიციო საბჭოს აძლევს  მითითებებს საინვესტიციო ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საინვესტიციო პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგს:

ა) კანონის 27-ე მუხლის  (მე-8, მე-12 და მე-13 პუნქტები) თანახმად, საპენსიო აქტივების ინვესტირება შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა რისკისა და მოსალოდნელი მოგების მქონე სამი საინვესტიციო პორტფელის მეშვეობით:

ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი  (სულ მცირე 5-წლიანი საინვესტიციო ჰორიზონტით)

ლიმიტი

ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები)

75%-მდე

სასესხო ფასიანი ქაღალდები

100%-მდე

წილობრივი ფასიანი ქაღალდები

20%-მდე

უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები

20%-მდე

საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი  (საინვესტიციო ჰორიზონტი ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელზე მეტი)

ლიმიტი

ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები)

50%-მდე

სასესხო ფასიანი ქაღალდები

75%-მდე

წილობრივი ფასიანი ქაღალდები

20%-დან 40%-მდე

სხვა აქტივები

10%-მდე

უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები

40%-მდე

მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი  (საინვესტიციო ჰორიზონტი საშუალორისკიან პორტფელზე მეტი)

ლიმიტი

ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები)

25%-მდე

სასესხო ფასიანი ქაღალდები

50%-მდე

წილობრივი ფასიანი ქაღალდები

40%-დან 60%-მდე

სხვა აქტივები

10%-მდე

უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები

60%-მდე

ბ) კანონის 27-ე მუხლი  (მე-2 პუნქტი) ითვალისწინებს კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვის მოთხოვნას:

ა. საპენსიო აქტივების ინვესტირების შედეგად გრძელვადიან პერიოდში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდა;

ბ. ინვესტიციების დივერსიფიკაცია;

გ. გრძელვადიანი ინვესტირების პირობებში საპენსიო აქტივების უსაფრთხოება;

დ. ადეკვატური ლიკვიდურობის შენარჩუნება.

გ) კანონის 27-ე მუხლის  (მე-7 პუნქტი) თანახმად, პოლიტიკა გარკვევით უნდა განსაზღვრავდეს სულ მცირე შემდეგს:

ა. საინვესტიციო მიზნებს;

ბ. აქტივების განთავსების სტრატეგიას და აქტივების განთავსების სტრატეგიიდან გადახრის დაშვებულ ნორმებს თითოეული კლასის აქტივებისთვის და მიზნობრივი საინვესტიციო მაჩვენებლებისთვის;

გ. მთლიანი რისკების პროფილს და ცალკეული რისკების მიმართ ტოლერანტულობის მატრიცას, მისი მოქმედების საინვესტიციო ჰორიზონტის მითითებით;

დ. პროცედურებს, რომლის შესაბამისადაც ხდება საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარისა სხვა საინვესტიციო მომსახურების გამწევი პირების  შერჩევა, მონიტორინგა, შეფასება და მათთან დადებული ხელშეკრულებების შეწყვეტა  „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თითოეულ საინვესტიციო პორტფელში ინვესტიციები უნდა დაიგეგმოს იმ გათვლით, რომ  საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოსათვის, მაღალი სანდოობით, (95 ან 95-ზე მეტი პროცენტობის ალბათობით) მოსალოდნელი იყოს ინვესტირებიდან დადებითი რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით).

დ) კანონის 27- მუხლი  (მე-15 პუნქტითანახმადსაინვესტიციო საბჭო თითოეული აქტივების მმართველი კომპანიისათვის (არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს დეტალურ საინვესტიციო სახელმძღვანელოს თითოეული ტიპის საინვესტიციო პორტფელისთვის, რომელიც, უნდა მოიცავდეს სულ მცირე უკუგების მიზნობრივ მაჩვენებლებს (თამასას), თამასისადმი რისკების გადახრის ზღვრულ მაჩვენებელს მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართ, დასაშვებ და აკრძალულ ინვესტიციებს, საკრედიტო რისკებს, საინვესტიციო ჰორიზონტს, სარეიტინგო ზღვრებს, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის და კანონის შესაბამისად.

ე) კანონის 27-ე მუხლის (21-ე, 22-ე და 23-ე პუნქტები) თანახმად:

ა. დაუშვებელია საპენსიო აქტივების 5%-ზე მეტის ინვესტირება ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (გარდა ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტებისა);

ბ. დაუშვებელია ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების 10 პროცენტზე მეტის ფლობა;

გ. ზემოაღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული,  არანაკლებ АА- (ან მისი ეკვივალენტური) საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე.

ვ) კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად: „ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ამ კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტში მითითებულ ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (გარდა ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტებისა) საპენსიო აქტივების ინვესტირების ლიმიტია 15 პროცენტი“;

ზ) კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „ღია საფონდო ინსტრუმენტში განხორციელებული ინვესტიცია  ყოველი საანგარიშგებო წლის ბოლოს საპენსიო აქტივების 40 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს“;

თ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №258/04 ბრძანება „დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე” (ან მისი შემცვლელი სამართლებრივი აქტი) ითვალისწინებს მოთხოვნას, რომ:

იმ ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებშიც შესაძლებელია განხორციელდეს საპენსიო აქტივების ინვესტირება, უნდა ჰქონდეთ, სულ მცირე, ერთი გლობალური სარეიტინგო სააგენტოს (Standard & Poor’s, Moody’s, Fitch Ratings, Scope Ratings) მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი და შესყიდვის დროს უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ქვემოთ მითითებულ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №258/04 ბრძანებით დამტკიცებულ „დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესით“ განსაზღვრულ სარეიტინგო მოთხოვნებს:

ა. რეზიდენტი პირის, ან მის მიერ გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური რეიტინგი განისაზღვრება საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგზე ერთი ნიშნულით დაბლა. ასეთი ფინანსური ინსტრუმენტების წონა საინვესტიციო პორტფელში არ უნდა აღემატებოდეს საპენსიო აქტივების 10%-ს;

ბ. არარეზიდენტი პირის, ან მის მიერ გამოშვებული (მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული) ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური რეიტინგი განისაზღვრება BBB-/Baa3 ან მის ეკვივალენტურ დონეზე;

გ. ფულადი სახსრები და დეპოზიტები შეიძლება განთავსდეს მხოლოდ, სულ მცირე, A-/A3 ან ეკვივალენტური რეიტინგის მქონე არარეზიდენტ ფინანსურ ინსტიტუტში, ან საქართველოში ლიცენზირებულ  კომერციულ  ბანკებში, თუ აღნიშნულ კომერციულ ბანკებს აქვს სულ მცირე ერთი გლობალური სარეიტინგო სააგენტოს (Standard & Poor’s, Moody’s, Fitch Ratings, Scope Ratings) მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი.

დასაშვები აქტივები

26. კანონის შესაბამისად, საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ შემდეგ ფინანსურ ინსტრუმენტებში:

ა. ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საქართველოს საბანკო დაწესებულებებში არსებულ ფულად სახსრებსა და დეპოზიტებში;

ბ. ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში;

გ. საქართველოს მთავრობის ან მუნიციპალიტეტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში;

დ. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებში;

ე. კორპორაციულ სასესხო ფასიან ქაღალდებში, რომლებიც რეგისტრირებულია ეროვნული ბანკის მიერ და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით;

ვ. საქართველოს საფონდო ბირჟაზე ან სხვა, ნებისმიერ რეგულირებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო გზით განთავსებული საწარმოთა აქციებში, რომლებზეც ხორციელდება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობადი ზედამხედველობა;

ზ. საქართველოში რეგისტრირებული და ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ ღია საფონდო ინსტრუმენტებში;

თ. რეპო გარიგებებში, რაც დაშვებულია ეროვნული ბანკის მიერ;

ი. სხვა ფინანსურ და არაფინანსურ აქტივებში, რომლებიც შესაძლოა წინასწარი წერილობითი თანხმობით ინვესტირებისთვის დაუშვას ეროვნულმა ბანკმა.

27. კანონის შესაბამისად, საპენსიო აქტივების ინვესტირება შესაძლებელია უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ შემდეგ ფინანსურ ინსტრუმენტებში:

ა. ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საქართველოს საბანკო დაწესებულებებში არსებულ ფულად სახსრებსა და დეპოზიტებში; 

ბ. ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში;

გ. სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში;

დ. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული განვითარების მიზნის მქონე საფინანსო ინსტიტუტების მიერ  გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებში;

ე. სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში, თუ ის სათანადოდ არის დაცული (გარანტირებული) შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;

ვ. კორპორაციულ სასესხო ფასიან ქაღალდებში, რომლებიც განთავსებულია კერძო ან საჯარო შეთავაზების გზით და რეგისტრირებულია შესაბამის მარეგულირებელთან;

ზ. საწარმოთა აქციებში ან გლობალურ დეპოზიტარულ ხელწერილებში, რომლებიც რეგისტრირებულია სახელმწიფოს კაპიტალის ბაზრის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით და რომელთა ვაჭრობაც ხორციელდება საფონდო ბირჟაზე, იმ პირობით, რომ მათზე განხორციელდება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობადი ზედამხედველობა;

თ. ღია საფონდო ინსტრუმენტებში;

ი. სხვა ფინანსურ და არაფინანსურ აქტივებში, რომლებიც შესაძლოა წინასწარი თანხმობით ინვესტირებისთვის დაუშვას ეროვნულმა ბანკმა.

28. დაუშვებელია საპენსიო აქტივების ინვესტირება:

ა.

საშუალო და მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში 2023 წლის 6 აგვისტომდე;

ბ. აქტივებში, რომელთა გასხვისებაც კანონით დაუშვებელია;

გ. უძრავ ქონებასა და სხვა ფიზიკურ აქტივებში;

დ. იმ აქტივებში, რომელსაც ფლობს აქტივების მმართველი კომპანია, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, საინვესტიციო საბჭოს წევრი ან მათთან აფილირებული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი;

ე. ოფციონებში, ფიუჩერსულ და ფორვარდულ გარიგებებში და სხვა დერივატივებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ხორციელდება პორტფელის ჰეჯირების მიზნით ე.ი. რისკების შემცირება ხდება ღია პოზიციების ზრდის გარეშე;

ვ. აქტივების მმართველი კომპანიის ან მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში;

ზ. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ფინანსურ ან/და არაფინანსურ ინსტრუმენტებში.

29. დაუშვებელია საპენსიო აქტივების გასხვისება:

ა. აქტივების მმართველ კომპანიაზე, რომელიც მომსახურებას უწევს ამ საპენსიო აქტივებს ან აღნიშნულ აქტივების მმართველ კომპანიასთან აფილირებულ ნებისმიერ პირზე;

ბ. სამეთვალყურეო საბჭოს და საინვესტიციო საბჭოს წევრზე ან მათთან აფილირებულ ნებისმიერ პირზე.

სტრატეგიული მიზნები

30. საინვესტიციო საქმიანობის მთავარი მიზანია მონაწილეთა საპენსიო აქტივებზე მაღალი რეალური ამონაგების მიღება ფინანსურად უსაფრთხო და კარგად დივერსიფიცირებული ინვესტიციების მეშვეობით, გამჭვირვალე და კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით, საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული მოთხოვნების გათვალისწინებით. აღნიშნულის მისაღწევად და კანონის შესაბამისად, დადგენილია შემდეგი სტრატეგიული მიზნები:

ა.  საინვესტიციო მიზანი  – ინვესტიციები იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოს 95%-იანი სანდოობის დონით მოსალოდნელი იყოს ინვესტიციებიდან დადებითი რეალური ამონაგების მიღება. საინვესტიციო საბჭო მოელის, თუმცა არა გარანტირებულად, რომ საინვესტიციო ჰორიზონტის განმავლობაში მიიღწევა მინიმუმ 2% წლიური დადებითი რეალური ამონაგები. საინვესტიციო პორტფელის მართვის პროცესზე ვრცელდება „კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპი“, იმგვარად, რომ საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდეს ყურადღებით, ექსპერტული უნარების გამოყენებით, გონივრულად და  სათანადო გულისხმიერებით; 

ბ. ლიკვიდურობის მიზანი  – საინვესტიციო პროცესი იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ ბაზარზე თუნდაც სავარაუდო, მაგრამ  ძლიერი რყევების დროსაც კი უზრუნველყოფილი იყოს საჭირო ლიკვიდურობის მობილიზება და ფულადი ნაკადების ვალდებულებების შესრულება.

აქტივების განთავსების სტრატეგია

31. აქტივების განთავსების გრძელვადიანი სტრატეგია არის საინვესტიციო პროცესის ძირითადი საყრდენი, რომელიც მაქსიმუმამდე ზრდის იმის ალბათობას, რომ საინვესტიციო პორტფელი საინვესტიციო ჰორიზონტის განმავლობაში გამოიმუშავებს მაქსიმალურ ამონაგებს, შესაბამისი რისკის აპეტიტისა და სამართლებრივი და მარეგულირებელი შეზღუდვების გათვალისწინებით.

32. ბენჩმარკ პორტფელი იქმნება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:

ა. ის მოიცავს მხოლოდ  აქტივების კლასებს და არა ცალკეულ ფასიან ქაღალდებს;

ბ. მისი რისკისა და ამონაგების მახასიათებლები შეესაბამება პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებს;

გ. ბაზარზე ხელმისაწვდომია მყისიერად, დაბალი ხარჯებით;

დ. ის ასახავს საქართველოს კაპიტალის ბაზრების  განვითარების არსებულ დონეს.

33. ბენჩმარკ პორტფელის შემადგენლობა და აქტივების განთავსების სტრატეგია გადაისინჯება პერიოდულად და შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ  შეიცვალა:

ა. საინვესტიციო მიზნები, საინვესტიციო ჰორიზონტი ან რისკის აპეტიტი;

ბ. კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებით განსაზღვრული საინვესტიციო შეზღუდვები,

გ. დაშვებები რისკისა და ამონაგების ბალანსის გრძელვადიანი თანაფარდობის შესახებ;

დ. საქართველოს კაპიტალის ბაზრებზე ხელმისაწვდომი საინვესტიციო აქტივების კლასები.

34. „აქტივების განთავსების სტრატეგიის  ჩარჩო“ რომელიც დანართი №1-ის სახით თან ერთვის ამ პოლიტიკას და წარმოადგენს მის ნაწილს  მოიცავს აქტივების განთავსების სტრატეგიის პროცესის უფრო დეტალურ აღწერილობას.

35. ნაკლებად რისკიანი, საშუალო რისკიანი და მაღალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელებისთვის დამტკიცებული ბენჩმარკ პორტფელები,  მათი აქტივების კლასების განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლებით და მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დასაშვები ნორმებით განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელის ბენჩმარკ პორტფელი:

აქტივის კლასი

განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლები

მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დასაშვები ნორმები აქტივის კლასის მიხედვით

საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდები

20%

+/- 10 პროცენტული პუნქტი

დეპოზიტები/სადეპოზიტო სერთიფიკატები ლარში

60%

+/- 10 პროცენტული პუნქტი

უცხოური აქციები

20%

- 10 პროცენტული პუნქტი

ბ) საშუალო რისკიანი საინვესტიციო პორტფელის ბენჩმარკ პორტფელი:

აქტივის კლასი

განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლები

მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დასაშვები ნორმები აქტივის კლასის მიხედვით

საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდები

20%

+/- 10 პროცენტული პუნქტი

დეპოზიტები/სადეპოზიტო სერთიფიკატები ლარში

45%

+/- 5 პროცენტული პუნქტი

უცხოური აქციები

35%

+/- 5 პროცენტული პუნქტი

გ) მაღალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელის ბენჩმარკ პორტფელი:

აქტივის კლასი

განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლები

მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დასაშვები ნორმები აქტივის კლასის მიხედვით

საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდები

20%

+/- 10 პროცენტული პუნქტი

დეპოზიტები/სადეპოზიტო სერთიფიკატები ლარში

25%

- 10 პროცენტული პუნქტი

უცხოური აქციები

55%

+/- 5 პროცენტული პუნქტი

36. ნაკლებად რისკიანი, საშუალო რისკიანი და მაღალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელების ბენჩმარკ პორტფელების შემოსავლიანობის და რისკების შეფასების მიზნით გამოიყენება შემდეგი ინდექსები:

აქტივის კლასი

ინდექსი

საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდები

მიმოქცევაში არსებული ყველა სახაზინო ფასიანი ქაღალდი

დეპოზიტები/სადეპოზიტო სერთიფიკატები ლარში

დისკონტური (უკუპონო) დეპოზიტები / სადეპოზიტო სერთიფიკატები, 5წლამდე ვადიანობით

უცხოური აქციები

თანაბარი წონებით შეწონილი ინდექსი:

  • Vanguard FTSE Pacific ETF (კოდი VPL)
  • Vanguard FTSE Europe ETF (კოდი VGK)
  • SPDR S&P500 ETF (კოდი SPY)
  • iShares MSCI Emerging Markets ETF (კოდი EEM)

ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, საინვესტიციო სამსახურს მკაცრად არ  ევალება

აღნიშნული ბენჩმარკ პორტფელების ყოველთვის ზუსტად რეპლიკაცია. საინვესტიციო სამსახური უფლებამოსილია გადაიხაროს ბენჩმარკ პორტფელიდან, ამ პოლიტიკის 35-ე  მუხლით განსაზღვრული განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დასაშვები ნორმების ფარგლებში, მათ შორის, ბენჩმარკ პორტფელის რისკის პოზიციების ჰეჯირებისთვის.

37. ამ პოლიტიკის 35-ე მუხლით განსაზღვრული განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლები გამოყენებულ იქნება შესაბამისი საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობის და რისკების შედარებისთვის შესაბამის ბენჩმარკ პორტფელთან მიმართებით.

38.  ამ პოლიტიკის მიზნებისთვის, საინვესტიციო ჰორიზონტად განისაზღვრა ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელისათვის – 5 წელი, საშუალო რისკიანი საინვესტიციო პორტფელისათვის – 10 წელი და  მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელისათვის – 15 წელი. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, საინვესტიციო ჰორიზონტი არ მოიაზრება, როგორც საინვესტიციო პორტფელში შემავალი ინდივიდუალური ინვესტიციების მაქსიმალური ხანგრძლივობის ან დაფარვის ვადის ლიმიტი.

საინვესტიციო პორტფელის ფორმირება

39. საინვესტიციო პორტფელის შექმნა გულისხმობს აქტივების კლასებში  ინვესტირების სამიზნე მაჩვენებლებისა და დიაპაზონების განსაზღვრას და აღნიშნული აქტივების კლასების განთავსების მართვას შესაბამისი სასურველი დიაპაზონის ფარგლებში. აღნიშნული საქმიანობის მიზანია ბენჩმარკ პორტფელზე მაღალი ამონაგების უზრუნველყოფა მცოცავი საინვესტიციო პერიოდის განმავლობაში.

40. დროის ნებისმიერ მომენტში საპენსიო აქტივების ფაქტობრივი შემადგენლობა  არის საინვესტიციო პორტფელი, რომლის  რისკებიც  ბენჩმარკ პორტფელის 

განთავსების მიზნობრივ მაჩვენებლებთან შედარებით შესაძლოა შეიცვალოს,  ბაზარზე არსებული ტენდენციებისა ან  უფროსი საინვესტიციო ოფიცრის საინვესტიციო შეხედულებების მიხედვით. ამგვარი გადახრები უნდა შეესაბამებოდეს ამ პოლიტიკის 35-ე მუხლით გათვალისწინებულ განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრების დაშვებულ ნორმებს აქტივთა კლასების მიხედვით და საინვესტიციო საბჭოს მიერ დადგენილ  რისკის ლიმიტებს. საინვესტიციო პორტფელის მიზანია  დინამიურად ასახავდეს ბაზრებზე არსებული მდგომარეობის ცვლილებას და მომგებიანად იყენებდეს  რისკის და ამონაგების ბალანსებში  არსებულ ფასების ასიმეტრიას.

41. ფაქტობრივ საინვესტიციო პორტფელში უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ცდილობს ბენჩმარკ პორტფელთან შედარებით გამოიმუშაოს ნამატი ღირებულება შემდეგი ორი გზით, აქტივების კლასების წონების შეცვლით:

ა. 

 სტრატეგიული გადახრა (ბენჩმარკ პორტფელის განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დასაშვები ნორმების  ფარგლებში) – ნამატი ღირებულების მომტანი სტრატეგია, რომელიც ცვლის საინვესტიციო პორტფელის ალოკაციებს აქტივების გარკვეულ კლასებს შორის, თუმცა ეს არ უნდა სცდებოდეს ბენჩმარკ პორტფელში შემავალი აქტივების კლასების განთავსების დასაშვებ ნორმებს. სტრატეგიული გადახრა შეიძლება მოიცავდეს აქციებს, ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტას. ამ სტრატეგიით საინვესტიციო პორტფელში იზრდება იაფი აქტივების წილი და მცირდება ძვირი აქტივების წილი, რაც გამომდინარეობს შეფასების გრძელვადიანი სიგნალებიდან;

ბ.   აქტიური ამონაგების სტრატეგია (ბენჩმარკ პორტფელიდან გასვლა) – რისკის პრემიის რეალიზება და უნარებზე დაფუძნებული სტრატეგია, რასაც მოაქვს ნამატი შემოსავალი დასაშვები აქტივების კლასებიდან (ამ პოლიტიკის 26-ე და 27-ე მუხლები). ამ სტრატეგიის ფარგლებში ინვესტირება ხდება აქტიური რისკის ბიუჯეტის ფარგლებში. გადაწყვეტილებას აქტიური ამონაგების სტრატეგიის განხორციელებაზე იღებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. 

42. ამ პოლიტიკის 41-ე მუხლში ხსენებული საინვესტიციო საქმიანობა  შეიცავს აქტიურ რისკს ბენჩმარკ პორტფელთან შედარებით. ამ აქტიური რისკის პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საინვესტიციო საბჭო საინვესტიციო საქმიანობას ზღუდავს აქტიური რისკის ბიუჯეტის განსაზღვრით. საინვესტიციო სამსახური ვალდებულია მკაცრად დაიცვას აქტიური რისკების განაწილების პროცესი, რაც გულისხმობს, რომ საინვესტიციო სამსახური უფლებამოსილი არ არის, გადააჭარბოს რისკის ლიმიტებს (გარდა ამ პოლიტიკის 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა), რათა უზრუნველყოფილი იქნეს საინვესტიციო შესაძლებლობების მუდმივი შეფასება პოლიტიკით განსაზღვრულ აქტიური რისკის ბიუჯეტთან მიმართებაში.

43. აქტივების კლასებში განთავსება უნდა განხორციელდეს რისკის ლიმიტებთან შესაბამისობის დაცვით. არსებული განთავსებების დროებითი გადახრა რისკის ლიმიტებიდან დასაშვებია ექსტრემალური საბაზრო პირობების შემთხვევაში. თუ აქტივების კლასებში განთავსება აჭარბებს რისკის ლიმიტებს, საინვესტიციო სამსახურმა უნდა უზრუნველყოს აქტივების განთავსების დროული დაბრუნება რისკის ლიმიტების ფარგლებში, რისი ზუსტი ვადები კი უპირველესად დამოკიდებულია ტრანზაქციის ხარჯებსა და ლიკვიდურობაზე. განსაკუთრებული საბაზრო გარემოებების არსებობისას ფაქტობრივი საინვესტიციო პორტფელი შეიძლება დროებით სცდებოდეს რისკის ლიმიტებს, თუმცა მსგავსი გადახრა მოკლევადიანი უნდა იყოს და ის უნდა დამტკიცდეს საინვესტიციო საბჭოს მიერ, თუ ის აჭარბებს აქტიური რისკის ბიუჯეტს. 

44. საინვესტიციო პორტფელის რებალანსირების ზომა მნიშვნელოვანია და მას შეუძლია საინვესტიციო პორტფელის ამონაგებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა. საინვესტიციო პორტფელში აქტივების განთავსების ვიწრო დიაპაზონში შესანარჩუნებლად ბრმად რებალანსირება ზრდის ტრანზაქციის ხარჯებს საინვესტიციო პორტფელის ამონაგების დოკუმენტურად დადასტურებული გაუმჯობესების გარეშე. მეორეს მხრივ, რებალანსირებისთვის ზედმეტად ფართო დიაპაზონმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გადახრა აქტივების განთავსებაში. ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილება, ინვესტიციის განხორციელების დროს უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ ლიმიტებს. იმ შემთხვევაში, როდესაც საინვესტიციო პორტფელი სცდება კანონმდებლობით დადგენილ ლიმიტებს და ამასთან, ეს შეუსაბამობა არ არის გამოწვეული ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებით, საინვესტიციო სამსახურს მიეცემა საშეღავათო პერიოდი, რათა საინვესტიციო პორტფელი, სავალდებულო რებალანსირების გარეშე დაუბრუნდეს დაშვებული ლიმიტის მაჩვენებლებს. თუ საინვესტიციო პორტფელის ალოკაციები ექვსი თვის განმავლობაში არ დაუბრუნდება დაშვებულ მაჩვენებლებს, პორტფელის რებალანსირება სავალდებულო გახდება.

45. კანონის ამოქმედებიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მონაწილეების საპენსიო აქტივების ნაკლებად რისკიან, საშუალო რისკიან და მაღალ რისკიან საინვესტიციო პორტფელებში გადანაწილების  შედეგად მიღებული პორტფელები, ასეთი გადანაწილების შემდეგ არ იქნება კანონით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობაში. ამის მიუხედავად, რადგან ლიმიტების ეს დარღვევა არ იქნება გამოწვეული ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებებით, საინვესტიციო საბჭოს და საინვესტიციო სამსახურს მიეცემათ საინვესტიციო პორტფელებში გადანაწილების თარიღიდან 6 თვე, რათა ნაკლებად რისკიანი, საშუალო რისკიანი და მაღალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელების განთავსებები მოიყვანონ კანონის ლიმიტებთან შესაბამისობაში.

46„საინვესტიციო პორტფელის ფორმირების ჩარჩოს“, რომელიც შედგება საინვესტიციო პორტფელის ფორმირებისას  გადაწყვეტილების მიღებისა და რებალანსირების პროცესის  დეტალური აღწერილობისგან,  საინვესტიციო საბჭოს მიერ  დამტკიცების შემდეგ, ხდება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ნაწილი. „საინვესტიციო პორტფელის ფორმირების ჩარჩო“  უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგს:

ა. სტრატეგიული გადახრის აღწერას, რომელშიც საინვესტიციო პორტფელის ალოკაციები განსხვავდება ბენჩმარკ პორტფელისგან და ასახავს საბაზრო ფასების განსხვავებას აქტივების ფუნდამენტური ღირებულებისგან და მიზნად ისახავს ბენჩმარკ პორტფელთან შედარებით უფრო მაღალი მოსალოდნელი ამონაგების მიღებას;

ბ. აქტიური ამონაგების სტრატეგიის აღწერილობას, რომელიც მოიცავს  მოსალოდნელი ამონაგებსა და რისკების ანალიზს შესაძლო ინვესტიციებისთვის;

გ. პორტფელის ფორმირების ინსტრუქციას, რომელიც მოიცავს რებალანსირების პროცესში გამოყენებულ გაანგარიშების მეთოდოლოგიას, რისკის ლიმიტებიდან დასაშვებ გადახრებს (როგორც ბენჩმარკ პორტფელთან მიმართებაში, ისევე გადახრების აბსოლუტურ მაჩვენებლებს).

რისკის მართვა

47. რისკის აღება საინვესტიციო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. საინვესტიციო საბჭო იყენებს რისკის მართვის ფუნქციას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს მონაწილეთათვის მაქსიმალური ღირებულების შექმნა ადეკვატური რისკის მართვის პრაქტიკის დამკვიდრებისა და საოპერაციო და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესებში წარმატებული შედეგების ალბათობის გაზრდის გზით. საინვესტიციო საბჭო აცნობიერებს, რომ შეუძლებელია რისკის სრულად აღმოფხვრა, თუმცა ის მკაფიოდ უნდა იყოს გაცნობიერებული იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს მოსალოდნელ ამონაგებსა და რისკ შორის მიზნობრივი ბალანსი.

48. რისკი იმგვარად უნდა იმართოს, რომ:

ა. უზრუნველყოფილი იყოს მთლიანი საინვესტიციო რისკების მართვის ერთიანი პროცესი, საინვესტიციო საქმიანობაზე მოქმედი ყველა ოპერაციული რისკების გათვალისწინებით;

ბ. მოხდეს საინვესტიციო პორტფელთან და აქტივების თითოეულ კლასთან დაკავშირებული საინვესტიციო რისკების იდენტიფიცირება, გაზომვა და კომუნიკაცია;

გ. უზრუნველყოს ინვესტიციაზე ამონაგებისა და  აღებული რისკების მონიტორინგი, იმისათვის, რომ შეფასდეს, რამდენად ადეკვატურად არის კომპენსირებული გაწეული რისკები; და

დ. უზრუნველყოფილი იყოს საინვესტიციო რისკის გამოთვლის სისტემებისა და ფუნქციების სათანადო ორგანიზაციული დამოუკიდებლობა  საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების ფუნქციებისგან.

49. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი შეიმუშავებს და საინვესტიციო საბჭო მოიწონებს  საინვესტიციო სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმების არსებობას და გარანტირებულად უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის შემცველი საქმიანობების ფუნქციურ და იერარქიულ გამიჯვნას.

50. საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის სტრუქტურას, საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი.

51. საინვესტიციო პოლიტიკის, აქტივების განთავსების სტრატეგიის, აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის შერჩევისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრისას, ასევე მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებისა და საპენსიო აქტივების მართვისას წარმოშობილი სხვა საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, საინვესტიციო საბჭო მხედველობაში მიიღებს რისკების როგორც ხარისხობრივ, ასევე რაოდენობრივ მახასიათებლებს.

52. საპენსიო სააგენტოს საქმიანობაში არსებობს შემდეგი კატეგორიის ძირითადი რისკები:

ა. საინვესტიციო რისკი – მოსალოდნელი ამონაგებიდან ნეგატიური გადახრის ალბათობა, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა გამოწვეულ იქნეს საბაზრო რისკით, ინფლაციის რისკით, საკრედიტო რისკით, კონტრაჰენტის რისკით, ლიკვიდურობის რისკითა და შეფასების რისკით;

ბ. საოპერაციო რისკი – ზარალის დადგომის ალბათობა, რომელსაც ადგილი აქვს არაადეკვატური ან გაუმართავი შიდა პროცესების, სისტემების, პერსონალის ან გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად;

გ. სამართლებრივი, მარეგულირებელი და შესაბამისობის რისკი – ზარალის დადგომის ალბათობა, რომელიც წარმოადგენს 1) მარეგულირებელ ან/და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შეუსაბამობის, 2) სახელშეკრულებო პირობების არასწორი ინტერპრეტაციის ან/და შეუსრულებლობის ან/და 3) კანონმდებლობის, სამართლებრივი აქტების და შიდა მარეგულირებელი წესების/ინსტრუქციის ცვლილების შედეგს;

დ. რეპუტაციული რისკი – ზარალის დადგომის ან მიზნობრივზე დაბალი ამონაგების მიღების ალბათობა, რომელსაც ადგილი აქვს შელახული რეპუტაციის ან ნდობის დაკარგვის შედეგად.

53. საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა ეფუძნება „დაცვის სამი ხაზის“ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სიცხადეს და გამჭირვალობას რისკების ფლობასთან და რისკებზე ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით. საპენსიო სააგენტოს დებულება განსაზღვრავს იმ ორგანიზაციულ წყობას, რომლის მიხედვითაც  საინვესტიციო საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი ადგენს და იღებს გადაწყვეტილებებს საპენსიო სააგენტოს რისკების სტრატეგიასთან და რისკების მართვის მიდგომასთან დაკავშირებით. საინვესტიციო სამსახური, როგორც დაცვის პირველი ხაზი, პასუხისმგებელია საინვესტიციო საქმიანობის შედეგად წარმოშობილი რისკების მართვაზე და ანგარიშგებაზე. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი, როგორც დაცვის მეორე ხაზი, პასუხისმგებელია გაზომოს, შეაფასოს,  მონიტორინგი გაუწიოს და მოახდინოს შესაბამისობის ანგარიშგება მიმდინარე საინვესტიციო პორტფელის რისკის პროფილის  საპენსიო სააგენტოს რისკის აპეტიტთან და რისკის ლიმიტებთან მიმართებაში. აღნიშნული რისკების ანგარიშგება ნათლად უნდა ასახავდეს მიმდინარე რისკის პოზიციებს, ხელმოწერილი უნდა იყოს საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრის მიერ და დროულად უნდა იქნეს გაზიარებული საინვესტიციო საბჭოსთვის, უფროსი საინვესტიციო ოფიცრისთვის, დირექტორისა და ეროვნული ბანკისთვის.

54. „პორტფელის რისკის მართვის ჩარჩო“, რომელიც მკაფიოდ ჩამოაყალიბებს და ასახავს პროცესებს, რომლის მეშვეობითაც დგინდება საინვესტიციო რისკის აპეტიტი და მისი შესაბამისი რისკის ლიმიტები, საინვესტიციო საბჭოს მიერ  დამტკიცების შემდეგ, ხდება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ნაწილი. დოკუმენტი ასევე უნდა მოიცავდეს საინვესტიციო რისკის კლასიფიკაციას, საინვესტიციო რისკის საზომ მეთოდოლოგიებს, საინვესტიციო რისკის მოპყრობის გზებს და შიდა კონტროლის მექანიზმებისა და იმ პროცედურებს, რომლის მეშვეობითაც ხდება საინვესტიციო რისკის მონიტორინგი და ანგარიშგება. დოკუმენტი ასევე უნდა განსაზღვრავდეს პერიოდული სტრეს-ტესტისა და სცენარული ანალიზის მეთოდოლოგიასა და პირობებს. 

55. საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს რისკის აპეტიტს და რისკის ლიმიტებს როგორც ეს ამ  პოლიტიკაშია აღნიშნული და მოელის, რომ საინვესტიციო სამსახური არ დაარღვევს აღნიშნულ ლიმიტებს (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვა რამ არ არის გარკვევით მითითებული, ან როგორც აღწერილია ამ პოლიტიკის 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლებში).

56. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის უფროსი საინვესტიციო ოფიცრისათვის. რისკის ანგარიშებში ასახული ნებისმიერი საგანგაშო მაჩვენებლები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს განხილული საინვესტიციო საბჭოს მიერ, რომელიც ყოველთვის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი დამოუკიდებლობა კანონის შესაბამისად.

57. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია არსებული რისკის ლიმიტები, რომლის გადასინჯვა მოხდება „პორტფელის რისკის მართვის ჩარჩოს“ დამტკიცებისთანავე.  

მეტრიკა

რისკის ლიმიტი

საზომი

მაქსიმალური ლიმიტები

ანგარიშგება

საინვესტიციო ჰორიზონტის უარყოფითი გადახრის რისკი

5%-იანი ალბათობა, რომ საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოს საინვესტიციო პორტფელს არ ექნება დადებითი რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით).

იზომება საინვესტიციო პორტფელის მოსალოდნელი ამონაგების განაწილების მიხედვით  (ინფლაციის გათვალისწინებით)

ანგარიშგებას საინვესტიციო სამსახური და საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი ყოველთვიურად ახორციელებენ საინვესტიციო საბჭოს წინაშე.

აქტიური რისკის ბიუჯეტი

საინვესტიციო პორტფელისთვის აქტიური რისკის განსაზღვრა ხდება
„პორტფელის რისკის მართვის ჩარჩოს“ მიხედვით

იზომება ფაქტობრივ საინვესტიციო პორტფელისა და ბენჩმარკ პორტფელის მოსალოდნელ ამონაგებს შორის ცდომილების მიხედვით

 

ანგარიშგებას საინვესტიციო სამსახური და საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი ყოველთვიურად ახორციელებენ საინვესტიციო საბჭოს წინაშე.

სექტორის კონცენტრაცია

მაკროეკონომიკური შოკის მიმართ მაღალი მგრძნობელობის და ფასების მერყეობის გამო საინვესტიციო საბჭო ადგენს ლიმიტებს კონკრეტული სექტორისთვის, საჭიროების შემთხვევაში

იზომება აქტივების წმინდა ღირებულებიდან მაქსიმალური პროცენტულობით

უნდა განისაზღვროს „პორტფელის რისკის მართვის ჩარჩოში“

ანგარიშგებას საინვესტიციო სამსახური და საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი ყოველთვიურად ახორციელებენ საინვესტიციო საბჭოს წინაშე.

ფასიანი ქაღალდების კონცენტრაცია

კანონისა და საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, კონცენტრაციის ლიმიტები დგინდება ნებისმიერი ფასიანი ქაღალდისთვის გარდა საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკისა და მინიმუმ AA-საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ ემიტირებული ფასიანი ქაღალდებისა

იზომება მაქსიმალური პროცენტის განსაზღვრით აქტივების წმინდა ღირებულებიდან, საპენსიო აქტივებიდან  ან რეგულაციით გათვალისწინებული სხვაგვარი მეთოდით

ერთი ემიტენტი ან ჯგუფი: (ა) საპენსიო აქტივების 5% და  (ბ) მიმოქცევაში არსებული მთლიანი საჯაროდ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების 10% (არ ვრცელდება ნაღდ ფულზე და საბანკო დეპოზიტზე)

ერთი ემისია: ბრუნვაში არსებული ერთი ემისიის ქვეშ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების 20%

ანგარიშგებას საინვესტიციო სამსახური და საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი ყოველთვიურად ახორციელებენ საინვესტიციო საბჭოს წინაშე.

ვადიანი დეპოზიტების და სადეპოზიტო სერთიფიკატების კონცენტრაცია

ერთ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში ინვესტიციის ჭარბი კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით

იზომება ბანკის მთლიანი საკუთარი კაპიტალის პროცენტულობის მიხედვით (საქართველოს ეროვნული ბანკის პილარ 3-ის კვარტალურ ანგარიშზე დაყრდნობით)

ბანკის მთლიანი საკუთარი კაპიტალის მაქსიმუმ 30% , რომლის შეფასებაც ხორციელდება ინვესტიციის განხორციელების დროს

ანგარიშგებას საინვესტიციო სამსახური და საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი ახორციელებს საინვესტიციო საბჭოს წინაშე.

ლიკვიდურობა

საპენსიო სააგენტოს უნდა შეეძლოს ფულადი ნაკადების  გადინებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დაკმაყოფილება, ძლიერი რყევების დროსაც; კონკრეტული ლიმიტები უნდა განისაზღვროს „პორტფელის რისკის მართვის ჩარჩოს“ ფარგლებში. 

მაღალლიკვიდური აქტივების პროპორცია, რაც საინვესტიციო სამსახურმა უნდა შეინარჩუნოს, დადგინდება  ლიკვიდურობის რისკის მართვის მოდელების მიხედვით, რომელიც მოიცავს მოკლევადიანი ლიკვიდურობის ტესტებს საინვესტიციო პორტფელის მიმართ.

ანგარიშგებას საინვესტიციო სამსახური და საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი ყოველთვიურად ახორციელებენ საინვესტიციო საბჭოს წინაშე.

საკრედიტო რისკი

იმ ფასიან ქაღალდებს, რომელშიც მოხდება საპენსიო აქტივების ინვესტირება,  უნდა ჰქონდეთ პოლიტიკის „საინვესტიციო მანდატის“ სექციით (მუხლი 25)  განსაზღვრული მინიმალური რეიტინგი. გარდა ამისა, ნაღდი ფული და დეპოზიტი შესაძლებელია განთავსდეს მხოლოდ, სულ მცირე, B- (ან ეკვივალენტურ) რეიტინგის მქონე რეზიდენტ კომერციულ ბანკებში ან, სულ მცირე  A-/A3 (ან ეკვივალენტური ) რეიტინგის მქონე არარეზიდენტ ფინანსურ ინსტიტუტებში.

შესყიდვის დროს სულ მცირე, ერთ-ერთი გლობალური სარეიტინგო სააგენტოს (Standard and Poors, Moody’s, Fitch Ratings, Scope Ratings)  რეიტინგის შესაბამისად

ანგარიშგებას საინვესტიციო სამსახური და  საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი ყოველთვიურად ახორციელებენ საინვესტიციო საბჭოს წინაშე.

კონტრაჰენტის რისკი

კონტრაჰენტის რისკის ლიმიტები განისაზღვრება „პორტფელის რისკის მართვის ჩარჩოში“

ანგარიშგებას საინვესტიციო სამსახური და საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი ყოველთვიურად ახორციელებენ საინვესტიციო საბჭოს წინაშე.

ინვესტიციების ღირებულების შეფასება

58. საპენსიო აქტივების ინვესტირება, ადმინისტრირება და მენეჯმენტი უნდა განხორციელდეს გონივრულად, ყველა მონაწილის სასარგებლოდ, კანონმდებლობის  დაცვით.

59. კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №258/04 ბრძანებით დამტკიცებული  “დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის” შესაბამისად, საპენსიო სააგენტოს ფინანსური ანგარიშები უნდა მომზადდეს  „სამართლიანი ღირებულების“  პრინციპის დაცვით, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), აგრეთვე სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პორტფელის შეფასების პრინციპებისა და  საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობასთან დაკავშირებული გლობალური სტანდარტების (GIPS) გათვალისწინებით. სამართლიანი ღირებულება განისაზღვრება როგორც ფასი, რასაც გამყიდველი მიიღებდა ბაზრის მონაწილისგან შეფასების დღეს.

60. შეფასების დღისათვის მთლიანი საპენსიო

აქტივები განისაზღვრება როგორც საპენსიო სააგენტოს  ნომინალურ მფლობელობაში არსებული ყველა აქტივის ჯამი. საპენსიო  აქტივების წმინდა ღირებულება განისაზღვრება, როგორც საპენსიო აქტივებსა და საპენსიო ვალდებულებებს შორის სხვაობა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №258/04 ბრძანებით დამტკიცებული  “დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის” მე-4 მუხლის შესაბამისად.

61. განსხვავებით ამ პოლიტიკის 59-ე მუხლში აღწერილისგან, საინვესტიციო პორტფელში შემავალი საბანკო დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები უნდა შეფასდეს შეფასების დღეს არსებული საბალანსო ღირებულებით (ნომინალურ ღირებულებას დამატებული დარიცხული სარგებელი შეფასების დღის მდგომარეობით და გამოკლებული ნებისმიერი გაუფასურება). IFRS 9 სტანდარტით მოთხოვნილი ბიზნეს მოდელისა და მხოლოდ ძირი თანხისა და სარგებლის გადახდის (SSPI) ტესტები უნდა ჩატარდეს სულ მცირე წელიწადში ერთხელ, რათა გაანგარიშებულ იქნეს ფინანსური ინსტრუმენტების ღირებულება საბალანსო ღირებულებით.

62. უცხოურ ვალუტაში დენომინირებული საინვესტიციო პორტფელის აქტივების შეფასება უნდა განხორციელდეს შეფასების დღეს მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

63. ფასიანი ქაღალდების სამართლიანი ღირებულება შეიძლება დადგინდეს სხვადასხვა მიდგომით და სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ფასების წყაროს იერარქიის განსაზღვრისას საინვესტიციო საბჭო ითვალისწინებს მონაცემების სიზუსტეს, სანდოობას, ერთიანობასა და მის ამომწურავ ხასიათს. მონაცემების ხსენებული იერარქია კლებადი თანმიმდევრობით მოცემულია ქვემოთ. შესაძლო მონაცემებიდან ინვესტიციის სამართლიანი ღირებულების განსაზღვრისათვის გამოიყენება ის მონაცემები, რომელიც მათ შორის ყველაზე მაღალ იერარქიულ საფეხურზე დგას.

ა. დონე 1: კვოტირებული ფასები აქტიურ ბაზრებზე 

იმავე აქტივებისთვის

ბ. დონე 2: ბაზარზე დაკვირვებადი სხვა მონაცემები  (ე.ი. კვოტირებული ფასების გარდა);

გ. დონე 3: ის მონაცემები, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება ბაზარზე.

64. კვოტირებული საბაზრო ფასის მქონე ინვესტიციები მოიცავს ნებისმიერ ინვესტიციას, რომელიც დაშვებულია ლისტინგში და აქტიურად ივაჭრება რეგულირებად ბირჟაზე ან ალტერნატიულ სავაჭრო პლატფორმაზე. ასეთ აქტივებს განეკუთვნება, და არ შემოიფარგლება მაგალითად, აქციები, ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტები, ფიუჩერსები, ოფციები და სხვა.

65. თუ ფასიანი ქაღალდებით არ ხდება აქტიურად ვაჭრობა, ფასიანი ქაღალდის შეფასება უნდა მოხდეს ბაზარზე დაკვირვებადი სხვა მონაცემების მიხედვით, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად, სადაც ბაზარზე დაკვირვებადი მონაცემები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: საპროცენტო განაკვეთებს, საკრედიტო სპრედს, ასევე შედარებადი ინვესტიციების ფასებს, რომლებიც აქტიურად ივაჭრება ბაზრებზე და სხვა. ამ დონის შეფასებებისათვის შემუშავდება რისკზე დაფუძნებული შეფასების მეთოდები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ინვესტიციების სათანადო და სამართლიანი შეფასება. ამ ტიპის ინვესტიციებისათვის საინვესტიციო აქტივის სამართლიანი ღირებულება შეიძლება მიღებულ იქნეს ალტერნატიული წყაროდან და აღნიშნული წყარო უნდა ეცნობოს სპეციალიზებულ დეპოზიტარს. აღნიშნული მითითებები შეიძლება იყოს ორი სახის: 

ა. შიდა ფასწარმოქმნის მეთოდი – საინვესტიციო სამსახური სპეციალიზებულ დეპოზიტარს პირდაპირ აძლევს მითითებებს დეტალური შეფასების მეთოდის თაობაზე მის მიერ შემუშავებული  შეფასების შიდა მეთოდებზე დაყრდნობით.  

ბ. კონკრეტულ ფასის წყაროზე მითითება – საინვესტიციო სამსახური სპეციალიზებულ დეპოზიტარს მიუთითებს მესამე მხარის ფასწარმოქმნის წყაროზე, როგორიცაა, მაგალითად, ბროკერები, კონტრაჰენტები ან სხვა დამოუკიდებელი შემფასებლები.

66. მონაცემები, რომელთა იდენტიფიცირებაც ბაზარზე ვერ ხდება (მე-3 დონის მონაცემები), თავისი სუბიექტურობის გამო წარმოადგენს ყველაზე უმნიშვნელო და ნაკლებად საიმედო ფაქტორს სამართლიანი ღირებულების განსაზღვრისას. საჯარო ლისტინგში დაშვებული ფინანსური ინსტრუმენტების შემთხვევაში, ამ კატეგორიის მონაცემების გამოყენება, შესაძლებლობის ფარგლებში, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი.

67. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ან სხვა შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებულ ღია საფონდო ინსტრუმენტში განხორციელებული ინვესტიციის სამართლიანი ღირებულების შეფასება უნდა მოხდეს ინვესტიციის ერთეულის უახლესი ფასის საფუძველზე, რომელიც ეყრდნობა ფონდის აქტივების წმინდა სამართლიან ღირებულებას.

68. არასაბირჟო (OTC) დერივატივების სამართლიანი ღირებულება (რომელიც გამოიყენება მხოლოდ ჰეჯირებისთვის) უნდა დადგინდეს  შიდა ფასწარმოქმნის მეთოდის გამოყენებით, ან კონკრეტულ წყაროზე მითითების გზით.

69. იმ შემთხვევაში, თუ ფასების დონის იერარქიიდან პირველი და მეორე დონე არ იქნება გამოსადეგი, შესაძლებელია მესამე მხარის, დამოუკიდებელი შემფასებლების (ფასის მომწოდებლები) შერჩევა, პრიორიტეტების მინიჭება და განხილვა, ყველაზე შესაფერისი და ზუსტი შეფასების მიზნებისათვის. დამოუკიდებელი შემფასებლები უნდა შეირჩეს საინვესტიციო საბჭოს მიერ და მათი შეფასება უნდა მოხდეს სხვადასხვა კუთხით, მათ შორის და არამხოლოდ, კვალიფიკაციის, გამოცდილების, შესაძლებლობის, საერთაშორისო რეპუტაციის, დამოუკიდებლობისა და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.  

70. საპენსიო სააგენტოს აქტივების წმინდა ღირებულების გაანგარიშება ხდება ყოველი სამუშაო დღისთვის და მისი შედეგები სათანადო წესით უნდა ეცნობოს სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რომელიც პასუხისმგებელია შეამოწმოს აღნიშნული გაანგარიშებების შესაბამისობა კანონთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ აქტებთან, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან და საპენსიო სააგენტოს შიდა დოკუმენტებთან.

71. ყველა მონაცემი, რომელიც გამოიყენება სამართლიანი ღირებულების გამოსათვლელად, განახლდება ისეთი პერიოდულობით, რაც გამომდინარეობს პრაქტიკული მიზანშეწონილობიდან, მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული შეზღუდვების და სხვა ნებისმიერი შემაფერხებელი ფაქტორის გათვალისწინებით. ძირითადი ინვესტიციების კატეგორიების შეფასებისას გამოყენებული მონაცემების განახლების მინიმალური სიხშირე მოცემულია ქვემოთ ცხრილში (მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ შეფასების სიხშირის მიუხედავად, ინვესტიციის სამართლიანი ღირებულების მნიშვნელოვანი ცვლილების ნებისმიერი შემთხვევის გამოძიება დაუყოვნებლივ მოხდება):

სამართლიანი ღირებულების იერარქია

მინიმალური სიხშირე

დონე 1

ყოველ სამუშაო დღეს

დონე 2

ყოველთვიური

დონე  3

კვარტალური

72. საპენსიო აქტივების შეფასებისას გამოყენებული მიდგომების, შეფასებისას გამოყენებული მონაცემების განახლების სიხშირისა და მესამე მხარის დამოუკიდებელი შემფასებლის აყვანის პროცესის პრინციპების დეტალური აღწერა შემუშავებულია უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მიერ  საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის  დოკუმენტის ფარგლებში, რომელიც მოიწონა საინვესტიციო საბჭომ და დამტკიცდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 11 მარტის №22/04 ბრძანებით.

73. შეფასების მეთოდოლოგიის გაუმჯობესება უნდა განხორციელდეს უწყვეტად და უნდა განახლდეს საჭიროებისამებრ, კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან ერთად და საინვესტიციო აქტივების სახეობების ზრდისას.

სპეციალიზებული დეპოზიტარი

74. საინვესტიციო საბჭო სპეციალიზებულ დეპოზიტარს ირჩევს საპენსიო სააგენტოსათვის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების გაწევის მიზნით.  სპეციალიზებული დეპოზიტარი მომსახურებას ახორციელებს ყველა საპენსიო აქტივთან მიმართებაში. სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცედურები ასახულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის „საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 25 დეკემბრის №236/04 ბრძანებაში.

75. სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების პირობები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის დადებულ ხელშეკრულებით. ზოგადად, სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა :

ა. უზრუნველყოს საპენსიო აქტივების სათანადო რეგისტრაცია და შენახვა;

ბ. აწარმოოს  და შეინახოს ყველა დოკუმენტი, ინფორმაცია და ჩანაწერი, რომლებიც დაკავშირებულია სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებასთან, შეაჯეროს ჩანაწერები საპენსიო სააგენტოსთან ან აქტივების მმართველ კომპანიასთან;

გ. მონიტორინგი გაუწიოს აქტივების წმინდა ღირებულების გამოთვლას, რათა დარწმუნდეს რომ ის შესაბამისობაშია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან, საპენსიო სააგენტოს  მიერ დადგენილ წესებთან/მეთოდოლოგიებთან და კანონთან;

დ. დროულად შეატყობინოს საპენსიო სააგენტოს/აქტივების მმართველ კომპანიას საპენსიო აქტივებთან დაკავშირებული ყველა კორპორატიული ქმედების შესახებ. განახორციელოს ფულადი სახსრების მართვა და კორპორატიულ ქმედებებთან დაკავშირებული მონიტორინგი;

ე. შეასრულოს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების ვალდებულებები.

ვ. უზრუნველყოს, რომ ყველა საპენსიო აქტივი სათანადოდ იყოს რეგისტრირებული საპენსიო სააგენტოს სახელზე და არ მოხდეს ამ აქტივების გასხვისება ან გადაცემა სპეციალიზებული დეპოზიტარის ინფორმირებულობის გარეშე;

ზ. ყოველდღიურად შეაჯეროს საკუთარი ჩანაწერები საპენსიო სააგენტოსთან და აქტივების მმართველ კომპანიასთან.

76. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებულია საინვესტიციო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის შეფასება.

აქტივების მმართველი კომპანიები

77. საინვესტიციო საბჭომ გარკვეული საპენსიო აქტივების ინვესტირებისათვის შეიძლება შეარჩიოს აქტივების მმართველი კომპანიები. შერჩევის პროცესი და მინიმალური კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობას, მათ შორის, კანონსა და „საპენსიო აქტივების მართვის მიზნით დამატებითი მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №257/04 ბრძანებას.

78. საინვესტიციო საბჭო აქტივების მმართველი კომპანიის ძიებისა და შერჩევისას გამოიყენებს ისეთ მიდგომას, რაც უზრუნველყოფს დამოუკიდებელ შეფასებას ობიექტური წყაროებიდან და საშუალებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რათა შეფასდეს ნებისმიერი პოტენციური აქტივების მმართველი კომპანია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა. კონკრეტული მანდატის შესრულებისა და საინვესტიციო შესაძლებლობის გამოყენების კომპეტენცია. ამ დროს ყურადღება ექცევა, თუ რა შესაძლებლობები შემოაქვს აქტივების მმართველ კომპანიას ინვესტიციების თვალსაზრისით, რისი შეფასებაც ხდება გადაწვეტილების მიღებისთვის საჭირო გონივრულობის კვლევის პროცესში.

ბ. საპენსიო სააგენტოს პარტნიორობისათვის შესაფერისობა, მათ შორის, მათი ზოგადი საქმიანობის შესახებ საინვესტიციო საბჭოს მოსაზრება; მათი დამოკიდებულებები და გამოცდილება ინვესტიციების განხორციელებისას (მათ შორის პასუხისმგებლიანი ინვესტირებისას) და მათი მზაობა და შესაძლებლობა, გაუზიარონ ცოდნა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის, პროცესებისა და ანალიზის ინსტრუმენტების შექმნის მხარდასაჭერად.

79. ნებისმიერი  ინვესტიციის განხორციელებამდე ან მესამე მხარის საინვესტიციო პროცესში ჩართვამდე უნდა განხორციელდეს შესაბამისი გონივრულობის კვლევა (due diligence) კორპორატიული მმართველობის რისკებთან მიმართებაში. გონივრულობის კვლევის სათანადო დონე განსხვავებულია სხვადასხვა გარემოებაში და ამიტომ, საინვესტიციო საბჭომ  გადაწყვეტილებები კვლევის დეტალურობასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს ინდივიდუალურად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მიდგომა უნდა იყოს რისკისა და ორგანიზაციის ზომის პროპორციული. საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვა შეიძლება შეეხოს ზოგიერთი მაღალი რისკის მქონე ტრანზაქციას, ინდუსტრიას, იურისდიქციას ან ქვეყანას. აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის დეტალური პროცედურა განსაზღვრულია „საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 25 დეკემბრის №236/04 ბრძანებით.

80. მესამე მხარეებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს ჩამოყალიბებული მკაფიოდ, წერილობითი ფორმით. შესაბამის შემთხვევაში, აღნიშნული უნდა მოიცავდეს კონკრეტულ დებულებებს, რომელიც მოითხოვს მინიმალურ სტანდარტებთან და პროცედურებთან შესაბამისობას თაღლითობის, მექრთამეობის, კორუფციისა და ფულის გათეთრების თავიდან აცილების მიზნით.

პასუხისმგებლიანი ინვესტირების ჩარჩო

81. საპენსიო სააგენტოს სურვილია მხარი დაუჭიროს კომპანიებსა და ორგანიზაციებს ისეთი პოლიტიკისა და პრაქტიკის დამკვიდრებაში, რომელიც აძლიერებს მათ გრძელვადიანი ფინანსური შედეგების გაუმჯობესებით, მათ შორის პასუხისმგებლიანი კორპორატიული და ორგანიზაციული ქცევის წახალისებით, რასაც გულისხმობს  გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (“ESG”) ფაქტორებს. საპენსიო სააგენტოს მიაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც ეფექტიანად მართავენ „ESG” ფაქტორებს, უფრო მეტი ალბათობით ქმნიან ღირებულებას გრძელვადიან პერსპექტივაში. აღსანიშნავია, რომ „ESG” ფაქტორების მნიშვნელობა განსხვავებულია სხვადასხვა ინდუსტრიისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით.

82. საპენსიო სააგენტო მხარს უჭერს პასუხისმგებლიან საქმიანობას იმ კომპანიებში, რომლებშიც ახორციელებს ინვესტიციებს. საპენსიო სააგენტო კომპანიებში ინვესტირებას, პირდაპირ ან სხვა მსგავსი საინვესტიციო მიზნების მქონე ინვესტორებთან ერთად, მიიჩნევს ეფექტიან საშუალებად, რომ დადებითი ცვლილებები გამოიწვიოს კომპანიაში და დაეხმაროს მათ გრძელვადიანი ფინანსური შედეგების გაუმჯობესებაში.  ზოგადად, საპენსიო სააგენტოს მიაჩნია, რომ კორპორატიული ჩართულობა და ESG ფაქტორების ინტეგრირება საჯარო და კერძო ინვესტიციების შეფასებასა და მართვაში უფრო უკეთესად შეესატყვისება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მიზნებს, ვიდრე კომპანიების გამორიცხვა სკრინინგის კრიტერიუმებით.

83. საინვესტიციო საბჭო და საინვესტიციო სამსახური ცდილობს „ESG” ფაქტორების ინტეგრირებას ინვესტიციის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგანაც მათ სწამთ, რომ ეს არსებითია გრძელვადიანი ამონაგების მისაღებად. გარდა ამისა, საინვესტიციო საქმიანობა განხორციელდება იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს ზოგადად საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

84. როგორც გრძელვადიანი მფლობელი და კრედიტორი, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით, საპენსიო სააგენტოს ვალდებულებაა აღნიშნული აქტივების დაცვა კარგი მმართველობისა და საოპერაციო ანგარიშვალდებულების გზით. ამიტომ, საინვესტიციო საბჭომ უნდა შეიმუშავოს ESG“ პოლიტიკასრომელიც გამოყენებული იქნება საინვესტიციო საქმიანობაში. „ESG“ პოლიტიკას, ყოველწლიურად გადახედავს საინვესტიციო საბჭო.

პასუხისმგებლობები

85. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებულია განახორციელოს როგორც ამ პოლიტიკით, ისე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

86. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებულია საინვესტიციო საბჭოს მიაწოდოს რეკომენდაციები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საინვესტიციო საბჭომ შეძლოს პოლიტიკის დოკუმენტის საჭიროებისამებრ განახლება და მისი საინვესტიციო საქმიანობასთან რელევანტურობის შენარჩუნება.

87. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებულია საპენსიო აქტივების ინვესტირება განახორციელოს კანონმდებლობის და აღნიშნული პოლიტიკის შესაბამისად.  

88. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია  რისკისა და ამონაგების ადეკვატურ ბალანსზე. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი უნდა  მართავდეს საინვესტიციო სამსახურის მიერ აღებულ რისკებს.

89. უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა საინვესტიციო საბჭოს დროულად უნდა აცნობოს ამ პოლიტიკისა და მარეგულირებლის მიერ დაწესებული ან კანონით გათვალისწინებული  სხვა შეზღუდვების დარღვევის შესახებ.

90. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ამზადებს „აქტივების განთავსების სტრატეგიის ჩარჩოს“, „საინვესტიციო პორტფელის ფორმირების ჩარჩოს“, „პორტფელის რისკის მართვის ჩარჩოს“, და „ინვესტიციების შეფასების ჩარჩოს“ და წარუდგენს მათ საინვესტიციო საბჭოს შესათანხმებლად.

91. საინვესტიციო სამსახურმა საინვესტიციო საქმიანობა უნდა განახორციელოს საიმედო, ეფექტიანი და კარგად დოკუმენტირებული საოპერაციო პროცესებით.

92. საინვესტიციო სამსახურზე ვრცელდება გონივრულობის სტანდარტი. ის საპენსიო აქტივებს ფლობს, როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი  მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესებიდან გამომდინარე და მათ სასარგებლოდ.

93. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი ამოწმებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობას, საინვესტიციო საბჭოს მიერ დამტკიცებულ გაანგარიშების მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით.

94. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი აფასებს საინვესტიციო სამსახურის მეთოდოლოგიებისა და პროცედურების ეფექტიანობას და ანგარიშვალდებულია უშუალოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე.

ანგარიშგება

95. სრულყოფილი ანგარიშგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის საინვესტიციო საბჭოს, სამეთვალყურეო საბჭოს,  და ეროვნულ ბანკს  აძლევს შემოსავლიანობის, აქტივების განაწილების, სტრატეგიებისა და მთლიანად ფონდთან დაკავშირებული საკითხების შეფასების შესაძლებლობას. სავალდებულოა შემდეგი  ანგარიშებისა და ინფორმაციის მომზადება რეგულარულად: 

ნგარიში/ინფორმაცია

აღწერა

სიხშირე

პასუხისმგებლობა

პორტფელის ყოველთვიური შედეგები

საინვესტიციო პორტფელების შედეგები

ყოველ თვე

უფროსი საინვესტიციო ოფიცერი

შესაბამისობის ყოველთვიური ანგარიში

შესაბამისობის ანგარიში

ყოველ თვე

საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი

ემოაღნიშნული შიდა ანგარიშების გარდა, რეგულარულად მომზადდება შემდეგი საჯარო ანგარიშები:

რეპორტი/ინფორმაცია

აღწერა

სიხშირე

პასუხისმგებლობა

პორტფელის შედეგები

საინვესტიციო პორტფელების შედეგების შეფასება, რისკის და ამონაგების აგრეგირებული ინფორმაციის მიხედვით

ყოველთვიური

უფროსი საინვესტიციო ოფიცერი

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დანართი 1. აქტივების განთავსების სტრატეგიის ჩარჩო

მუხლი 1. შესავალი

1. აქტივების განთავსების სტრატეგია არის ხარისხობრივი და რაოდენობრივი სამუშაო, რაც განსაზღვრავს ისეთ ოპტიმალურ გრძელვადიან საინვესტიციო სტრატეგიას, რომელიც კანონმდებლობით ან საინვესტიციო საბჭოს მიერ დადგენილი საინვესტიციო შეზღუდვების დაცვით აღწევს სასურველ სტრატეგიულ მიზნებს.

2. ხარისხობრივი მსჯელობა შედგება, მაგრამ არ შემოიფარგლება, ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორიცაა ბენჩმარკის დონის აქტივების კლასების განსაზღვრა, ოპტიმიზაციის ტექნიკის შერჩევა და სტრეს ტესტებისთვის სცენარების შემუშავება. რაოდენობრივი მსჯელობის ზოგიერთი მაგალითია: აქტივების კლასების მოსალოდნელი ამონაგებისა და რისკის განსაზღვრა, საჭირო ლიკვიდობის პროგნოზირება, პორტფელის ოპტიმიზაცია, მონტე-კარლოს სიმულაციები.

3. აქტივების განთავსების სტრატეგია იმართება საინვესტიციო საბჭოს მიერ, ხოლო საინვესტიციო სამსახური და საპენსიო სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საინვესტიციო საბჭოს საჭირო მხარდაჭერით ამ პროცესში.

4. აქტივების განთავსების სტრატეგია უნდა შესრულდეს თითოეული საინვესტიციო პორტფელისთვის.

5. ეს ჩარჩო აღწერს აქტივების განთავსების სტრატეგიის პროცესს და არის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის განუყოფელი ნაწილი და წაკითხული უნდა იქნეს მასთან ერთად.

მუხლი 2. აქტივების განთავსების სტრატეგიის პროცესი

1. აქტივების განთავსების სტრატეგია არის მრავალ-საფეხურიანი პროცესი, რაც მოიცავს რაოდენობრივ და ხარისხობრივ მსჯელობას შემდეგ საკითხებზე:

ა. სტრატეგიული მიზნები, რასაც უნდა უპასუხოს აქტივების განთავსების სტრატეგიამ;

ბ. რისკის აპეტიტი და საინვესტიციო ჰორიზონტი;

გ. დასაშვები აქტივების კლასები და საბაზრო პარამეტრების დაშვებები აღნიშნული აქტივების კლასებისთვის;

დ. პორტფელის ოპტიმიზაცია;

ე. აქტივების განთავსების სტრატეგიის შედეგების შეფასება და ინტერპრეტაცია.

2. აქტივების განთავსების სტრატეგია შესაძლოა შესრულდეს იტერაციებად, სადაც პროცესი უბრუნდება წინა საფეხურ(ებ)ს, რათა გადაიხედოს წინა საფეხურ(ებ)ზე გამოყენებული პარამეტრების ან/და მიღებული შედეგების ვალიდურობა.

მუხლი 3. სტრატეგიული მიზნები

1. სტრატეგიული მიზნები უნდა შეესაბამებოდეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტსა და კანონს.

2. სტრატეგიული მიზნები უნდა შეესაბამებოდეს საინვესტიციო პორტფელის შინაარსს და შესაძლოა განსხვავდებოდეს საინვესტიციო პორტფელების მიხედვით.

3. ლიკვიდურობის მიზნებისთვის საინვესტიციო პორტფელის ყველა მოსალოდნელი შემოდინება და გადინება გათვალისწინებული უნდა იქნეს საბაზისო ლიკვიდურობის სცენარში. დამატებით, სტრესული სცენარები უნდა შემუშავდეს და განხილულ იქნეს, რათა დაიგეგმოს საჭირო ლიკვიდურობა.

4. სხვა სტრატეგიული მიზნები შესაძლოა განისაზღვროს საინვესტიციო საბჭოს მიერ კონკრეტული საინვესტიციო პორტფელის შესაბამისად.

მუხლი 4. რისკის აპეტიტი და საინვესტიციო ჰორიზონტი

1. რისკის აპეტიტი უნდა იყოს რისკის აგრეგირებული დონე რომლის აღებაც სურს საინვესტიციო საბჭოს, იმისთვის რომ მიაღწიოს დასახულ სტრატეგიულ მიზნებს და ის უნდა შეესაბამებოდეს კანონს.

2. საინვესტიციო ჰორიზონტი თითოეული საინვესტიციო პორტფელისთვის უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული პორტფელის სტრატეგიულ მიზნებს. სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელს შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული საინვესტიციო ჰორიზონტი.

მუხლი 5. დასაშვები აქტივების კლასები და საბაზრო პარამეტრების დაშვებები

1. ბენჩმარკის დონის აქტივების კლასებისთვის კრიტერიუმები განსაზღვრულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში.

2. საინვესტიციო საბჭო თითოეული აქტივის კლასისთვის განსაზღვრავს კონკრეტულ ინდექსს (ინდექსებს), რომელიც უნდა იყოს ვაჭრობადი ინსტრუმენტი (ან ინსტრუმენტების ერთობლიობა, თუ საჭიროა) ან ინდექსი (ინდექსები), რომელიც გამოყენებული იქნება აქტივების განთავსების სტრატეგიის რაოდენობრივი ანალიზის პროცესში.

3. თითოეული აქტივის კლასისთვის, რომელიც წარმოდგენილია ინდექსით (ინდექსებით), განისაზღვრება საბაზრო პარამეტრების დაშვებები, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს მოსალოდნელი ამონაგების, რისკის და ინდექსებს შორის კორელაციას.

4. საბაზრო პარამეტრების დაშვებები შესაძლოა შემუშავდეს ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ან მომავალზე ორიენტირებული მოლოდინების გამოყენებით, ან ორივე მიდგომის ერთობლიობით.

5. თითოეული ინდექსის (ინდექსების) ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგია უნდა შეესაბამებოდეს ამ პოლიტიკას და კანონმდებლობას.

მუხლი 6. პორტფელის ოპტიმიზაცია

1. ოპტიმალური ბენჩმარკ პორტფელ(ებ)ის განსაზღვრისთვის გამოყენებული უნდა იყოს საინვესტიციო საბჭოს მიერ მითითებული ოპტიმიზაციის ტექნიკა, რომელშიც პარამეტრებად გამოიყენება წინა საფეხურზე განსაზღვრული მონაცემები (მინიმუმ საბაზრო პარამეტრების დაშვებები – მოსალოდნელი ამონაგები, რისკი და კორელაციები).

2. ოპტიმიზაციის პროცესის შედეგი არის ეფექტური მრუდი, პორტფელების ერთობლიობა, რომლითაც მიიღწევა მაქსიმალური მოსალოდნელი ამონაგები რისკის მოცემული დონისთვის.

3. ეფექტურ მრუდზე განთავსებული თითოეული პორტფელისთვის მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: წლიური მოსალოდნელი ამონაგები, წლიური სტანდარტული გადახრა, შარპეს ფარდობა, მოსალოდნელი რეალური ამონაგები საინვესტიციო ჰორიზონტისთვის 95% ნდობის დონით. ურისკო განაკვეთად დაშვებულია გამოყენებული იყოს მოკლევადიანი სამთავრობო ფასიანი ქაღალდები.

4. სცენარული ანალიზი/სიმულაციები შესაძლოა ჩატარდეს ეფექტურ მრუდზე განთავსებულ ყველა პორტფელზე, ან შერჩეულ პორტფელებზე.

მუხლი 7. აქტივების განთავსების სტრატეგიის შედეგების შეფასება

1. აქტივების განთავსების სტრატეგიის შედეგების შეფასებისას საინვესტიციო საბჭომ უნდა განიხილოს ეფექტურ მრუდზე განთავსებული მინიმუმ შემდეგი პორტფელები, რომლებიც შეესაბამება რისკის აპეტიტს: მინიმალური ვარიაციის მქონე პორტფელი, უმაღლესი მოსალოდნელი ამონაგების მქონე პორტფელი, უმაღლესი შარპეს ფარდობის მქონე პორტფელი. საბჭომ შესაძლოა აგრეთვე განიხილოს სხვა პორტფელები.

2. საინვესტიციო საბჭო ამოწმებს თითოეული პორტფელის გონივრულობას, რათა დარწმუნდეს, რომ პორტფელის აგება პრაქტიკაში შესაძლებელია.

3. საინვესტიციო საბჭომ უნდა აირჩიოს ისეთი ბენჩმარკ პორტფელი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება კონკრეტული საინვესტიციო პორტფელის სტრატეგიულ მიზნებს.

4. ბენჩმარკ პორტფელის შერჩევის შემდეგ საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს მასში შემავალი აქტივების კლასების განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლიდან დასაშვები გადახრის ზღვრებს, რაც ეფუძნება რისკიანობით და ამონაგებით მსგავსი სხვა პორტფელების მახასიათებლების ანალიზს.

მუხლი 8. მოთხოვნები აქტივების განთავსების სტრატეგიის პროცესში გამოყენებული მონაცემების მიმართ

1. ყველა მონაცემი, რაც გამოიყენება აქტივების განთავსების სტრატეგიაში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ  მოთხოვნებს:

ა) მონაცემების ხელმისაწვდომობა და სანდოობა უნდა გაანალიზდეს ყველა მონაცემისთვის, რაც გამოიყენება აქტივების განთავსების სტრატეგიაში;

ბ)მსჯელობაში და გამოთვლებში გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი წარსული მონაცემები. თუ წარსული დაკვირვების პერიოდში აშკარაა ბაზრის სტრუქტურული ცვლილებები, საინვესტიციო სამსახური/საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს თანხმობით ან უგულვებელჰყოფს შეუსაბამო წარსულის მონაცემებს, ან მოახდენს მონაცემების საჭირო კალიბრაციას რომ თავსებადად იქნეს მონაცემები გამოყენებული დროის დიდ მონაკვეთებზე;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ისტორიული მონაცემები შესაძლოა შეფასდეს ან მოდიფიცირდეს მაშინ, როცა მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, ან მონაცემთა სანდოობა საეჭვოა. თუმცა მონაცემების შეფასება/მოდიფიცირება შესაძლო მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი და შეფასებული/მოდიფიცირებული მონაცემები ყოველთვის გარკვევით უნდა იქნეს გაცხადებული;

დ) ისტორიული ანალიზის ჩატარებისას, საბაზრო პარამეტრების ისეთი დაშვებების განსაზღვრისთვის, როგორიცაა მოსალოდნელი ამონაგები, რისკი და ამ აქტივის კლასებს შორის კორელაციები, ყველა აქტივის კლასისთვის გამოყენებული უნდა იყოს ერთმანეთთან შესაბამისი დროის მონაკვეთი.

მუხლი 9. ჩანაწერების წარმოება

1. აქტივების განთავსების სტრატეგია სათანადოდ უნდა იქნეს დოკუმენტირებული და შენახული ნებისმიერი მომავალი საჭიროებისთვის, რაც მოიცავს კონკრეტულად გამოყენებულ მეთოდოლოგიებს აქტივების განთავსების სტრატეგიის ყოველი სამუშაოსთვის.


სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები