მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არის რეპუტაციული ზიანი, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ...“ - ინტერვიუ გოგა მელიქიძესთან

საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის გოგა მელიქიძის აზრით, საპენსიო დანაზოგების ინვესტირების მოდელების ირგვლივ შექმნილი ვითარება საპენსიო რეფორმას „რეპუტაციულ ზიანს“ აყენებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ დაგეგმილი ცვლილებები უფრო „დემოკრატიულია“, რადგან მოქალაქეები არჩევანს თავად გააკეთებენ. საქმე ეხება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში დაანონსებულ ცვლილებებს, რომლის თანახმად,  დაბალრისკიან პორტფელში განთავსდება 2028 წლის 1 იანვრამდე ყველა იმ ბენეფიციარის საპენსიო დანაზოგი, რომლებიც 6 სექტემბრამდე პორტფელის რისკიანობის არჩევანს არ გააკეთებენ, ნაცვლად დღეს მოქმედი კანონისა, როცა საპენსიო სქემაში გაწევრების მომენტში 40 წლამდე  მოქალაქეების დანაზოგები, ბენეფიციარის მიერ არჩევანის არგაკეთების შემთხვევაში, ავტომატურად მაღალრისკიან მოდელში ინვესტირდებოდა. გარდა ამისა, როგორც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ, იხსნება არჩევანის გაკეთების დროის შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ, საპენსიო ფონდის ბენეფიციარებს რისკიანობის პორტფელის არჩევის შესაძლებლობა 6 სექტემბრის შემდეგაც შეეძლებათ.

- თქვენი აზრით, ამ პროცესებით საპენსიო რეფორმას რამდენად მიადგა რეპუტაციული ზიანი?

- არის რეპუტაციული ზიანი, მაგრამ იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ბოლო 4.5 წელიწადში, მიუხედავად ტურბულენტობისა - პანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი,  მაღალი ინფლაცია - იმდენად კარგი საინვესტიციო შედეგები დავდეთ, რეფორმა თავად მეტყველებს საკუთარ თავზე, რომ მუშაობს, ფულს წერს და ცალსახად მონაწილეების საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. წერტილი. საინვესტიციო საქმიანობას მართავს დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო და ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკი და კიდევ ერთი წერტილი.

- მაგრამ თუ პარლამენტმა ან ეკონომიკის სამინისტრომ კანონში ცვლილების საჭიროება დაინახა, არც ეროვნულ ბანკს და არც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს არაფერს ჰკითხავს.

- მაგას ჩვენ ვერაფერს ვუზამთ...

- შესაბამისად, მე ვის მოვთხოვო პასუხი, როცა საპენსიო ასაკს მივაღწევ და დანაზოგების ამონაგების დათვლას დავიწყებ?

- საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს.

- რომელსაც არაფერი ჰკითხა პარლამენტმა, როდესაც 2028  წლის 1 იანვრამდე ყველა ბენეფიციარის საპენსიო დანაზოგის დაბალრისკიან პორტფელსი ინვესტირება გადაწყვიტა და არაა გამორიცხული, მოქალაქეთა უმრავლესობამ დაბალრისკიანი მოდელი აირჩიოს.

- გასაგებია, მაგრამ უკვე ჩვენ უნდა ვემუშაოთ საპენსიო სქემის მონაწილეებს და უნდა ვაჩვენოთ, რომ  საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მზარდი პორტფელი მართლა მზარდ შედეგებს აჩვენებს, თუმცა საპენსიო სქემის ბენეფიციარებმა მაინც შეიძლება არ აირჩიონ მაღალრისკიან პორტფელში ინვესტირება...

- მოკლედ, კანონს ცვლის პარლამენტი, თუმცა საინვესტიციო საქმიანობაზე, დანაზოგების სარფიანად ინვესტირებაზე  პასუხისმგებელია საინვესტიციო საბჭო.

- ამიტომაც გაიწელა ეს საკითხები... თუმცა ეს არაა კრიტიკული საკითხი, რადგან მოქალაქეებს რჩებათ არჩევანი; ასე რომ არ იყოს, მეც შეწუხებული ვიქნებოდი. ამდენად ამ ცვლილებით ობიექტურად არაფერი მნიშვნელოვანი არ იცვლება, პირიქით, კიდევ უფრო დემოკრატიული ხდება.

- საპენსიო სააგენტოს გუნდმა ინვესტირების მოდელებზე მოქალაქეების ინფორმირების მიზნით აქტიური კამპანია მხოლოდ მაისიდან დაიწყო. რატომ? - იმიტომ ხომ არა, რომ იგეგმებოდა 2028 წლამდე ყველა ბენეფიციარის დანაზოგის დაბალრისკიან პორტფელში დატოვება?

- დიახ, მოლოდინი გვქონდა, რომ კანონში ცვლილებები უფრო ადრე შევიდოდა, რადგან „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში შარშან ოქტომბერში შევიდა, მაგრამ ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა. შესაბამისად, მოგვიწია არსებული კანონით გვემუშავა და მონაწილეებს  მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც მოქმედი კანონით იყო გათვალისწინებული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იმ ცვლილებებით, რაც კანონში შედის, უფრო მეტი საშუალება გვეძლევა, ავუხსნათ მონაწილეებს სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელის რისკები და უპირატესობა.

- ვაღიაროთ, ალბათ კარგი იქნებოდა ასეთ მნიშვნელოვან რეფორმაზე მეტი კომუნიკაცია ყოფილიყო საპენსიო სააგენტოსა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, რადგან ნდობის და რეპუტაციის მოპოვება რთულია, დაკარგვა - მარტივი.

- ნდობის ნაწილში შემიძლია ვთქვა, რომ მართალია, რეფორმა ახალგაზრდაა, თუმცა საპენსიო სქემის 4800-ზე მეტმა მონაწილემ უკვე აიღო პენსიის სახით, ჯამში, 13 მლნ ლარზე მეტი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რეფორმა მუშაობს, ფულს წერს და ინფლაციას ჯაბნის და პენსიებსაც არიგებს. რა თქმა უნდა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც საპენსიო რეფორმა 15-20 წელიწადში მოიტანს. აღსანიშნავია, ისიც, რომ საპენსიო ფონდშია 20-25 მილიონი ლარის დანაზოგები, რომელიც მონაწილეებს ეკუთვნით, რადგან უკვე პენსიაზე გავიდნენ,  მაგრამ არ მიაქვთ - ფონდში ტოვებენ, თქვენ მართეთო. ესეც გარკვეულწილად ნდობაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2023 წლის ივლისისთვის საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.76 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 680 მილიონი ლარია. ამდენად, შეიძლება საპენსიო სქემის ბენეფიციარების ნაწილი დაბალრისკიან პორტფელში დარჩეს, სხვადასხვა აქტივის კლასებზე კანონით განსაზღვრულია დასაშვები ლიმიტები არ იცვლება და როდესაც შერეულ და მაღალრისკიან პორტფელებში ინვესტირება დაიწყებს თავისი შედეგების დადებას, ბენეფიციარები უფრო მარტივად დაინახავენ, რა განსხვავებაა ნაკლებადრისკიან, საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები