მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო დანაზოგების სხვადასხვა პორტფელში გადატანას მსურველები 2024 წლის იანვრიდან ისევ შეძლებენ

გოგა მელიქიძე

საპენსიო დანაზოგების სხვადასხვა პორტფელში გადატანა 2024 იანვრიდან ისევ შესაძლებელი იქნება - ამის შესახებ „საპენსიო სააგენტოს“ უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას განმარტა.

მისი თქმით, კანონში შესული ცვლილებით, იმ მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები, რომლებსაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით პორტფელი არ აურჩევიათ, 3 იანვრიდან ისევ კონსერვატიულ (დაბალრისკიან) პორტფელში დაბრუნდება, თუმცა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ სურვილის მიხედვით, ფონდის ბენეფიციარმა დანაზოგი სხვა პორტფელში გადაიტანოს, ან პორტფელების კომბინაცია შექმნას.

„კანონმა თქვა, რომ რა გადანაწილებაც მოხდა (2023 წლის 6 სექტემბრიდან) ის უკან უნდა დაბრუნდეს ისევ „კონსერვატიულ“ (დაბალრისკიან) პორტფელში. ამასთან, მონაწილეს შეეძლება დანაზოგი გადაიტანოს „დაბალანსებულ“ (საშუალორისკიან) და „დინამიურ“ (მაღალრისკიან) პორტფელებში, ან შექმნას პორტფელების კომბინაცია. დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე დიდი პორტფელი არის „დინამიური“, სადაც აკუმულირებულია დაახლოებით 3 მლრდ ლარი, მას მოსდევს „დაბალანსებული პორტფელი“ - 640 მლნ ლარით და შედარებით პატარა პორტფელია „ნაკლებარისკიანი“ - 420 მლნ ლარი. ჯამში, სამივე პორტფელი დღეისათვის არის 4 მლრდ ლარზე ცოტა მეტი და სამივე პორტფელის დარიცხული სარგებელი ჯამურად 750 მლნ ლარზე მეტია“, - განმარტავს გოგა მელიქიძე.

მისი თქმით, პორტფელის არჩევისთვის 6 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით მიცემული 1-თვიანი პერიოდით (1.28 მლნ -ზე მეტი ბენეფიციარისგან) 20 ათასამდე მონაწილემ ისარგებლა, რომელთა დანაზოგიც 2024 წლის 3 იანვრის შემდეგაც არჩეულ პორტფელში დარჩება.

„იმ მონაწილეებს, რომლებიც დაბრუნდებიან ისევ „კონსერვატიულ“ (ნაკლებრისკიან) პორტფელში, ექნებათ სრული არჩევანი პირველივე დღიდან აირჩიონ სასურველი პორტფელი, ან პორტფელების კომბინაცია და ვადების გარეშე გადაიტანონ დანაზოგი. როდესაც აირჩევენ კონკრეტულ პორტფელს, შემდეგ იქნება 12 თვით ჩაკეტილი პერიოდი. 12 თვის შემდეგ კი, ისევ შეეძლებათ მათ არჩევანის გაკეთება“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, კონსერვატიულ პორტფელში დანაზოგების უდიდესი წილი - 66.5% სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებზე მოდის, 12.7% სახაზინო ობლიგაციებზე.

გოგა მელიქიძე ამბობს, რომ სააგენტო ამ კუთხით, საინვესტიციო სივრცეში გარკვეულწილად ჩაკეტილია, თუმცა იმედოვნებს, რომ 2028 წლამდე დანაზოგების უდიდესი ნაწილი მხოლოდ „კონსერვატიულ პორტფელში“ არ დარჩენა.

„კანონი კი ამბობს, რომ 2028 წლამდე საპენსიო დანაზოგი დარჩება დაბალრისკიან აქტივებში, მაგრამ მონაწილეებს თავად შეუძლიათ შეცვალონ ეს გადაწყვეტილება და ამიტომ გადაჭრით ვერ ვიტყოდი, რომ 2028 წლამდე ყველაფერი დაბალრისკიან აქტივებში რჩება, რადგანაც თავად მონაწილეებს შეუძლიათ არ დაელოდონ 2028 წელს და შეცვალონ ეს გადაწყვეტილება. კი, არის გარკვეული შეზღუდვა „კონსერვატიულ პორტფელში“ და ბუნებრივია, საინვესტიციო სივრცეში ჩაკეტილები ვართ“, - აღნიშნავს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.

მისი თქმითვე, გრძელვადიან ჭრილში მეტი მოგების მისაღებად აუცილებელია ფონდში აკუმულირებული დანაზოგების დივერსიფიცირება, აქციებსა და არალიკვიდურ გრძელვადიან აქტივებში ინვესტირება.

„აქამდე სავალდებულოდ ვმართავდით „კონსერვატიულ“ (ნაკლებრისკიან) პორტფელს და მიუხედავად ტურბულენტური ვითარებისა (კოვიდი, ომი, მაღალი ინფლაცია) მაღალი რეალური ამონაგები მოვიტანეთ. დანაზოგებს მნიშვნელოვნად გავუზარდეთ მსყიდველუნარიანობა. თუ ინფლაცია იყო ჯამურად 37%, ჩვენი მოგება იყო 53%, სამომავლოდ, რა იქნება საკმაოდ რთულია თქმა. გააჩნია, როგორი იქნება ინფლაციური ფონი, როგორ განვითარდება გლობალურად მოვლენები და როგორი იქნება საპროცენტო განაკვეთები. ზოგადად, თუ გვინდა გრძელვადიან პერიოდში მეტი მოგების მიღება, აუცილებელია დივერსიფიკაცია, აქციებში ინვესტირება და აუცილებელია გარკვეულ წილად არალიკვიდურ გრძელვადიან აქტივებში თანხის დაბანდება, რაც „დაბალანსებულ“ და „დინამიურ პორტფელში“ არის შესაძლებელი. „კონსერვატიულ პორტფელში“ა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთების მქონე ინსტრუმენტებია და მხოლოდ საპროცენტო განაკვეთით მოიტანო რეალური ამონაგები გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა,არც ისე შესაძლებელი იყოს, თუმცა აქამდე ჩვენ ეს შევძელით“, - ამბობს გოგა მელიქიძე.

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ამბობს, რომ სამომავლოდ, ფონდისთვის, როგორც ინსტიტუციონალური ინვესტორისთვის მიმზიდველი უნდა იყოს არალიკვიდურ გრძელვადიან აქტივებში თანხის დაბანდება. ასეთი კი, შეიძლება იყოს კერძო კაპიტალი, ვენჩურული ინვესტიციები, გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული ინვესტიციები.

„ინსტიტუციონალური ინვესტორისთვის მსგავსი ინვესტიციები მიზანშეწონილია, რადგანაც გრძელვადიან პერიოდში აქვს მაღალი მოგებიანობა, აქვს პორტფელში ნაკლები ვოლატილობა და მოაქვს რეალური ამონაგები. ამიტომ, მსოფლიოში ნებისმიერ საპენსიო ფონდს, მათ შორის, რეგიონის საპენსიო ფონდებს, მინიმუმ 40% აქვს ინვესტირებული არალიკვიდურ აქტივებში, რატომ? იმიტომ, რომ აქვს გრძელვადიანი საინვესტიციო პერიოდი და როდესაც გაქვს ასეთი საინვესტიციო პერიოდი, აუცილებლად უნდა „დაიდო“ პორტფელზე ვილატილობის და ე.წ „მეჩურითი პრემიუმის“ სარგებელი“, - მიიჩნევს გოგა მელიქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები