მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვერაფერს გამოვრიცხავ" - რა ელის საპენსიო დანაზოგებს ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში?

გოგა მელიქიძე

რა ელის საპენსიო დანაზოგებს ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში და შეიძლება თუ არა "ქართულ ოცნებას" დანაზოგების დახარჯვა მოუწიოს - აღნიშნული კითხვა BMG-იმ საპენსიო სააგენტოს ყოფილ მთავარ საინვესტიციო ოფიცერს დაუსვა. გოგა მელიქიძემ "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, რომ ამის წინაპირობა ამ ეტაპზე არ ჩანს, თუმცა გამორიცხული არაფერია.

"- ამის წინაპირობა [საპენსიო დანაზოგების დახარჯვის] ამ ეტაპზე არ არსებობს. სპეკულაციისგან თავს შევიკავებ, რომ იქ ამ მიმართულებით რამე შეიძლება იყოს. აქამდე ასეთი მცდელობა არ ყოფილა. იმასაც ვიტყვი, რომ როცა კოვიდი, კრიზისი იყო, საპენსიო ფონდზე არანაირი ზეწოლა თანხების დარიგების არ ყოფილა.

- თუმცა კოვიდის დროს საერთაშორისო ორგანიზაციები, აშშ და ევროკავშირი გვეხმარებოდა.

- დასავლური ორგანიზაციები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რიგში იდგნენ და საკმაოდ მოკლე ვადაში, 400 მილიონ დოლარამდე ჩავირიცხეთ. კოვიდის უპრეცედენტო კრიზისიდან, რომელმაც მთელი ტრანზაქციები გააჩერა, გამოვძვერით. დღევანდელი კრიზისი არის ის, რომ შიგნიდან დაგვეწყო პოლიტიკური კრიზისი და მაღალი ხარისხის გაჯიუტებაა, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის და არაფერი ცუდად არ მიდის. ამავდროულად, თუ კრიზისი გაღრმავდება და უკვე საკმაოდ გაღრმავების პროცესშია, კაპიტალს ადვილად ვერ ჩავირიცხავთ და ვერ მოვიზიდავთ .

- შესაბამისად, ემუქრება თუ არა საფრთხე საპენსიო დანაზოგებს?

- შესაბამისად, ჩნდება თანხის მოზიდვის სხვა წყაროები. ყველანაირი სპეკულაციისგან თავს შევიკავებ, მაგრამ საპენსიო ფონდი არის ₾6 მილიარდი, საკმაოდ დიდი თანხა. არ მინდა არანაირი არასწორი მოლოდინი გავაჩინო…

- თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ეს თანხები გამოიყენონ?

- ეკონომისტები ამაზე მსჯელობენ. ჩემთანაც საუბარი ჰქონიათ, რომ არსებობს ამხელა თანხა, რომელზე ცდუნება შეიძლება მაღალი იყოს. ამ გადმოსახედიდან, ამის საფუძველი არ გვაქვს. თუმცა მეორე თემაც უნდა ვთქვათ. თუ შენ ბიუჯეტის ფისკალურ ნაწილში გაიჭედე, თუ თანხებში გაიჭედე, ვეღარ იფინანსებ პროექტებს, ეკონომიკას ვეღარ იფინანსებ, შეგიმცირდა შემოსავლის წყაროები, დაიწყებ თანხების მოძიებას და ამ არხის ძიება შეიძლება დაიწყო ჩინეთთან ან რომელიმე დიდ ეკონომიკასთან, თუმცა ამას დრო დასჭირდება და საბოლოო ჯამში, არ იცი რას ფულს წამოიღებ და ეძებ შიდა რესურსს.

- საბოლოოდ, საპენსიო ფონდამდე მივდივართ?

- კრიზისი ისეთი მიმართულებით ვითარდება და იმდენად სწრაფად ეფლობა ამაში, რომ ვერაფერს გამორიცხავ", - განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ამ თანხიდან 4.56 მილიარდი ლარი საპენსიო სისტემის 1.3 მილიონი მონაწილის შენატანებს წარმოადგენს, 1.44 მილიარდი ლარი კი საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული საპროცენტო სარგებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები