საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე მიიჩნევს, რომ საინვესტიციო გუნდის მთავარი გამოწვევა ფონდში აკუმულირებული თანხების სწორად დაბანდება და რეალური მოგების გენერირებაა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში“ სტუმრობისას წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
საქმე ის არის, რომ საპენსიო ფონდის ზომა უკვე 5.2 მილიარდი ლარია, საიდანაც დაახლოებით, 5 მლრდ ლარზე მეტი კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან პორტფელშია ინვესტირებული, რაც გულისხმობს იმას, რომ 5 მილიარდიდან 80% განთავსებულია საქართველოში - ძირითადად, დეპოზიტებში, სახაზინოებში და ობლიგაციებში, 20% კი - საერთაშორისო აქციებში, თუმცა „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი გაფართოვდა და დაბალრისკიან პორტფელშიც შესაძლებელი ხდება „სხვა აქტივებში“ ინვესტირება - 15%-ის ლიმიტით (ნაცვლად 0%-ისა).
გოგა მელიქიძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაფართოებას დადებითად აფასებს. "გვჭირდებოდა სივრცე, სადაც თანხებს დავაბანდებთ", - აცხადებს ის.
რა იგულისხმება საპენსიო ფონდის დანაზოგების „სხვა აქტივებში“ ინვესტირებაში? - „სხვა აქტივები“ არის ყველაფერი, რაც არ არის საფონდო ბირჟაზე დალისტული აქციები, ობლიგაციები და საბანკო დეპოზიტები ანუ „სხვა აქტივებში“ ინვესტირება გულისხმობს იპოთეკით უზრუნველყოფილ ობლიგაციებში ინვესტირებას, სეკურიტიზირებულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას, კერძო ფონდებსა და ვენჩერულ ფონდებში ინვესტირებას; ასევე, საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას სესხის გზით, სადაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მონაწილეობს.
გოგა მელიქიძე „წერტილთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ თავდაპირველად, „სხვა აქტივების“ დაბანდების არხი იქნება კერძო კაპიტალის ფონდებში ინვესტირება, ასევე, ვენჩურული ფონდები, უძრავი ქონების ფონდები და გლობალური ფონდები.
„შემდეგ კი, თუ ქვეყანაში გამოჩნდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით, კარგი საინვესტიციო პროექტი, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზე არაა, განვიხილავთ მასში ინვესტირებას. ანუ პროექტი, რომელიც ე.წ. greenfield ეტაპზეა, ნაკლებად დაგვაინტერესებს, რადგან შეხვიდე ისეთ პროექტში, რომელიც ნულიდან ასაშენებელია და საერთოდ არ არსებობს, ძალიან რისკიანია. მაგალითად: ჰიდროელექტროსადგურების პროექტებში ინვესტირების შემთხვევა რომ ავიღოთ, თუ პირდაპირ ვეხებით პროექტს, ჩვენთვის საინტერესოა, ჯერ აქტივი შეიქმნას, ფულადმა ნაკადებმა გენერირება დაიწყოს და ამის შემდეგ განვიხილავთ წილში შესვლას ან არსებული ინვესტორის გამოსყიდვას, თუ ეს პროექტი ჩვენთვის საინტერესოა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავს პროექტებში ინვესტირების გადაწყვეტილებისას ჩვენთვის კანონით სავალდებულოა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობა (IFC, EBRD, ADB, ა.შ.), რაც გარკვეულწილად მეტი დაცვაა პროექტის სიჯანსაღის კუთხით“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.
„წერტილთან“ ინტერვიუში მან საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში აკუმულირებული თანხის 15%-ის „სხვა აქტივებში“ ინვესტირების შესაძლებლობა ფონდს ოპერატიულად ვერ ექნება, რადგან ეს თანხები უკვე ინვესტირებულია სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში.
"მაგალითად, თუ კანონი ზეგ ამოქმედდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „სხვა აქტივებში“ ინვესტირებისთვის ფული ზეგიდანვე გვექნება. თანხები ინვესტირებულია და ჯერ კონტრიბუცია უნდა შემოვიდეს. ასევე, დეტალურად უნდა გავაანალიზოთ ბაზარი და გავასწოროთ საინვესტიციო კომპასი - რომელ მიმართულებებში სჯობს ინვესტირება. ჩვენი ამოცანა არაა, რომ საინვესტიციო პროექტები მოვითხოვოთ და მათი ანალიზი დავიწყოთ. ამ პროცესს ვუყურებთ ასე - საინვესტიციო სამსახური შეარჩევს კერძო კაპიტალის აქტივების მმართველ კომპანიებს, გააანალიზებს მათ გამოცდილებას, კვალიფიკაციას, პორტფელს, საინვესტიციო გეგმებს და შესაბამისად, შეიძლება მათ ფონდში ჩავდოთ ინვესტიცია“, - აცხადებს გოგა მელიქიძე.
ცნობისთვის: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, მაგრამ პრეზიდენტს ჯერ ხელი არ მოუწერია, იზრდება „სხვა აქტივებში“ ინვესტირების ლიმიტები. კერძოდ, დაბალრისკიან პორტფელშიც ხდება შესაძლებელი სხვა აქტივებში ინვესტირება - 15%-ის ლიმიტით (ნაცვლად 0%-ისა); საშუალორისკიან პორტფელში შესაძლებელი იქნება სხვა აქტივებში ინვესტირება - 20%-ის ლიმიტით (ნაცვლად 15%-ისა); მაღალრისკიან პორტფელში კი, შესაძლებელი იქნება სხვა აქტივებში ინვესტირება - 25%-ის ლიმიტით (ნაცვლად 20%-ისა).