მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს აზრი ჰკითხა? - ინტერვიუ გოგა მელიქიძესთან

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის გოგა მელიქიძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობას საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოსთან, რომელიც შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და განსაზღვრავს აქტივების განთავსების გრძელვადიან სტრატეგიას, კომუნიკაცია არ ჰქონია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საქმე ეხება პარლამენტის ჯანდაცვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების პირველი პირების მიერ, აგვისტოს ბოლოს, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში დაანონსებულ ცვლილებებს, რომლის თანახმად, 2028 წლამდე ყველა მოქალაქის საპენსიო დანაზოგი ავტომატურად  დაბალრისკიან მოდელში დარჩება. შეგახსენებთ: მოქმედი კანონით, ის მოქალაქეები, რომლებიც წელს, 7 სექტემბრამდე თავად არ აირჩევენ სასურველ პორტფელს, ავტომატურად გადანაწილდებიან სხვადასხვა პორტფელში, ასაკის შესაბამისად. კერძოდ, გაწევრების მომენტისთვის: 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდება მზარდ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში; 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები − შერეულ (საშუალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში; ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − სტაბილურ (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში.

- საინვესტიციო საბჭოს, რომელიც განსაზღვრავს საპენსიო დანაზოგების განთავსების გრძელვადიან სტრატეგიას, პარლამენტმა ჰკითხა თუ არა აზრი ან მიაწოდა თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აპირებენ, ყველა მოქალაქის დანაზოგი 2028 წლამდე ავტომატურად დარჩეს დაბალრისკიან პორტფელში?

- არ მგონია და გეტყვით რატომ - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის და რეგულაციის ქვეშ და ეს მთელი ვერტიკალი ექვემდებარება პარლამენტს.

- ეროვნულ ბანკს მაინც ჰკითხეს აზრი?! იცით, რატომ გეკითხებით - გასაგებია, რომ საინვესტიციო საბჭო პარლამენტს ექვემდებარება, მაგრამ დეპუტატები ხომ არ და ვერ დაითვლიან და აწონიან რისკებს ან სად უკეთესია დანაზოგების მაქსიმალურად მოგებიანად ინვესტირება?

- გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეფორმა ინიცირებულია პარლამენტის მიერ და პარლამენტი არჩევს საინვესტიციო საბჭოსაც და მის წევრებს ხუთი წლით ნიშნავს  და ა.შ. საკანონმდებლო ორგანოს სრული პრეროგატივა და დისკრეციაა, საკანონმდებლო ცვლილების მიმართულებით გადაწყვეტილება მიიღოს.

- ანუ თქვენ არ ფლობთ ინფორმაციას, ჰქონდა თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას კომუნიკაცია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოსთან?

- ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ყოფილა და არც  ელოდება <საინვესტიციო საბჭო> კომუნიკაციას, რადგან ის აღასრულებს იმ კანონს, რომელსაც პარლამენტი მიიღებს.

- გასაგებია, მაგრამ საინვესტიციო საბჭოა პასუხისმგებელი იმაზე როგორი ამონაგები ექნება საპენსიო დანაზოგებს. თქვენ ხშირად იმეორებთ, რომ კანონი იცავს მონაწილეების საუკეთესო ინტერესებს.

- დიახ.

- გამოდის, რომ ვერ დაიცვა, რადგან თუ უკვე დრო იყო ინვესტირების მოდელების გაფართოების და პარლამენტმა მისი გადავადება გადაწყვიტა facebook-ში მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მიერ გამოთქმული უკმაყოფილო პოსტების გამო, სხვა რამე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩვენთვის არაა ცნობილი....

- მე გეტყვით, როდის მექნებოდა შენიშვნა დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით - არჩევანის დატოვების საშუალება რომ არ ყოფილიყო და ჩაკეტილიყო ანუ ყველა ბენეფიციარის დანაზოგი დარჩენილიყო მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში, როგორც აქამდე იყო ჩაკეტილი; ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ შეიძლება, დაირღვეს საპენსიო სქემის მონაწილეების საუკეთესო ინტერესები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები