საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერის განცხადებით, საინვესტიციო მანდატის გაფართოება თავად საინვესტიციო საბჭოს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.
როგორც გოგა მელიქიძემ BMG-ის განუცხადა, საინვესტიციო აქტივების კლასის დამატება და მსხვილ პროექტებში ინვესტირების შესაძლებლობა საპენსიო დანაზოგების მეტ დივერსიფიცირებას და მეტ რეალურ ამონაგებს მოიტანს.
მისივე თქმით, ცვლილებების მიხედვით, საპენსიო სააგენტო პირდაპირ პროექტის კაპიტალში ვერ შევა და მსხვილი პროექტების დაფინანსებას მხოლოდ სასესხო ინსტრუმენტებით ანდაც საინვესტიციო ფონდების გავლით შეძლებს.
“კონსერვატიული პორტფელი საკმაოდ მსხვილია, მთავარი გამოწვევა საინვესტიციო ბაზარია, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ დღეს არსებული ლიკვიდურობა დავაბანდოთ. ამ სახსრების დასაბანდებლად ჩვენ დამატებითი საინვესტიციო აქტივის კლასი გვჭირდება. ყველა საინვესტიციო პორტფელს გრძელვადიანი საინვესტიციო ჰორიზონტი აქვს. ამიტომ აქტივების კლასის დამატება გრძელვადიან პერიოდში მეტ დივერსიფიკაციას და მეტ რეალურ ამონაგებს მოგვიტანს. მთავარი ისაა, რომ კანონის მიხედვით, მსგავს აქტივის კლასებში ინვესტირება მთელ რიგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, 20%-იანი კონცენტრაციის ლიმიტი, პროექტში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის თანამონაწილეობა. თუ ჩვენ პროექტში შევალთ, ეს ყველა ვარიანტში სასესხო პროდუქტით მოხდება. საპენსიო ფონდი რომელიმე კომპანიაში წილს ვერ იყიდის, ეს აუცილებლად საინვესტიციო ფონდის გავლით უნდა მოხდეს. ამ შესაძლებლობის გაჩენა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრ პროექტს დავაფინანსებთ. შესაძლოა, 100 პროექტი გავაანალიზოთ და იქიდან 1-2 დავტოვოთ, რომელსაც საინვესტიციოდ განვიხილავთ”, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა უკვე დაიწყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებების განხილვა, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი ფართოვდება. კერძოდ, იზრდება ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს. ამასთან, ეს შესაძლებლობა გაჩნდება დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც.