"დინამო არენა" UEFA-ს ერთა ლიგის თამაშების ჩატარებისთვის მზად იყო, თუ 55 ათასამდე ტევადობის სტადიონზე 41 000 მაყურებელი დაიშვებოდა - ამის შესახებ "დინამო არენას" მიერ ფეხბურთის ფედერაციისთვის მიწერილ ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომელსაც Geo Team ავრცელებს.
მატჩის გამართვა "დინამო არენას" ნაცვლად, რომელიც 54 500-ზე მეტ ადამიანს იტევს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რომლის მაქსიმალური ტევადობა 27 223 ადამიანია პრემიერმა ასე განმარტა - დინამოს სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი, არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას".
" გვინდა გაცნობოთ, რომ დინამო არენა შედგება 2 დამოუკიდებელი მდგომი შენობისგან, პირველი იარუსი იტევს 12,995 მაყურებელს, მეორე იარუსი - 40,897 მაყურებელს, ვიპ ბოქსები და ლაუნჯები 772 ადამიანზეა გათვლილი.
ვინაიდან, დინამო არენას პირველი იარუსი ექსპერტის მოსაზრებით საჭიროებს დეტალურ შემოწმებას, გთავაზობთ ისარგებლოთ მხოლოდ მე-2 იარუსით, ვიპ ბოქსებით და ლაუნჯებით, რომლითაც მიიღებთ ნაკრების თამაშზე 41,000 გულშემატკივარს", - წერია სტადიონის დირექტორის, თემურ პირტახიას მიერ ფეხბურთის ფედერაციისთვის მიწერილ წერილში.
განახლება: "დინამომ" მოგვიანებით თავადაც გაავრცელა განცხადება.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს „დინამო“ არენას მდგომარეობის შესახებ დამატებითი განმარტება გავაკეთოთ.
დინამო არენას ადმინისტრაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორი წერილი გაუგზავნა, პირველი ეხებოდა ჩვენს მზადყოფნას, რომ სტადიონს კვლავ შეუძლია ეროვნული ნაკრების მასპინძლობა. მეორეში კი მოხდა დაზუსტება - იქიდან გამომდინარე, რომ დინამო არენას ბოლო უსაფრთხოების სერტიფიკატი არ მოიცავდა პირველი იარუსის მე-6, მე-7 და მე-8 სექტორებს, ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შევთავაზეთ, გულშემატკივრის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს.
შეგახსენებთ, რომ დინამო არენას ბოლო გენერალური რესტავრაცია 2015 წელს განხორციელდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რესტავრაციის ფარგლებში სრულად აღმოიფხვრა ყველა არსებული პრობლემა და შეგვიძლია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მას შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა. ამას ადასტურებს ყველა საექსპერტო დასკვნა, რომელიც 2015 წლიდან დღემდე მომზადებულა“,- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ჯერ არ არის ცნობილი, სად გაიმართება ერთა ლიგის შემდეგი თამაშები. bm.ge ფეხბურთის ფედერაციასთან შეეცდება გაარკვიოს დამატებითი დეტალები. რატომ არ ტარდება ჯვაროსნებისა და ჩეხეთის დაპირისპირება არენაზე, რომელსაც მეტი მაყურებლის მიღება შეეძლო და ასევე, სად იგეგმება შემდგომი მატჩები.